ისტორია

როგორ შეძლო აშოტ პირველმა ურჯულოთაგან და ეპიდემიისაგან განადგურებული შავშეთ-კლარჯეთის აღორძინება

№41

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00

ისტორია
დაკოპირებულია

აშოტ პირველმა (ბაგრატიონმა) ქართლის ერისმთავრად დადგინების დღიდანვე დაიწყო ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის. მან ჭკვიანურად ისარგებლა არაბთა დაუძლურებით და აგარიანნი თბილისიდან განდევნა.

„ტფილისს არავინ დარჩა სარკონოზთაგანი, თვინიერ ალი შუაბის ძისა“. ქართლის შემომტკიცების შემდეგ აშოტმა ბარდავიც ქართლს შემოუერთა და სამი წლის განმავლობაში მის „სახლად იყო ტფილისი და ბარდავი“.

ამასობაში, ხალიფას ტახტზე ახალი მბრძანებელი ავიდა, „განძლიერდა ხელმწიფება აგარიანთა და იწყეს ძიება აშოტისა და ვერ უძლო წინააღმდგომად მათდა აშოტ და ივლტოდა მათგან”.

შედეგად თბილისი ისევ არაბებმა იგდეს ხელთ. აშოტი იძულებული გახდა, ქართლს განშორებოდა და საბერძნეთში წასულიყო, ცოლ-შვილთან და მცირერიცხოვან სპასთან ერთად.

ჯავახეთს მიწევნული ლტოლვილები ფარავნის ტბასთან შეჩერდნენ დასასვენებლად. მძინარეთ სარკინოზები დაესხნენ თავს. მცირერიცხოვანი სპა სასიკვდილოდ იყო განწირული, მაგრამ „შეეწია ღმერთი აშოტ კურაპალატსა და კნინსა ლაშქარსა მისსა, მოსცა ძლევა მათ ზედა და მოსრნეს სიმრავლენი ურიცხუნი“. ერისმთავარმა ამ გამარჯვებაში ღვთის ნიშანი დაინახა, ამიტომ გადაწყვეტილება შეცვალა – საბერძნეთში წასვლა გადაიფიქრა და შავშეთ-კლარჯეთში დარჩენა გადაწყვიტა.

ამ დროს სამხრეთ საქართველო ძალიან რთულ მდგომარეობაში გახლდათ. ურჯულოთაგან დარბეული ხალხის გაჭირვებას ქოლერის ეპიდემიაც დაემატა და „მცირედღა დაშთეს კაცნი ადგილ-ადგილ“.

უბედურებისაგან ქანცგაწყვეტილმა მოსახლეობამ სიხარულითა და სიყვარულით მიიღო აშოტ კურაპალატი. იგი შეუდგა დანგრეული ქვეყნის აღდგინებას, „რომელნიმე სოფელნი მისი ქუეყანისანი მოიყიდნა საფასოთი, ზოგნი ოერნი აღაშენნა და განამრავლა სოფლები აშოტ კურაპალატმან ქუეყანათა მათ შინა“.

აშოტ კურაპალატმა აღადგინა წმიდა კეთილმსახური მეფის, ვახტანგ გორგასლის მიერ აშენებული არტანუჯის ციხე, რომელიც მურვან-ყრუს მიერ იყო აოხრებული, მის მახლობლად ქალაქი გააშენა და კლარჯელ ბაგრატიონთა საბრძანებელად გამოაცხადა. ააგო წმიდა პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ეკლესია. „მრავალგზის მოსცა ღმერთმან აშოტ კურაპალატსა ძლევა და დიდი დიდება ბრძოლასა შინა“.

აშოტ ბაგრატიონმა მოახერხა და შექმნა ვრცელი და ძლიერი სამთავრო, რომელსაც მეზობელი ქვეყნები დიდ ანგარიშს უწევდნენ.

ღვთისა და ქვეყნის მოყვარული მეფე მთელი ქართლის დასაბრუნებლად ემზადებოდა, მაგრამ „მოვიდა ხალილ იაზიდის ძე არაბი და დაიპყრა სომხითი, ქართლი და ჰერეთი“.

აშოტი საბრძოლველად მოემზადა, მალემსრბოლები გაგზავნა ლაშქრის შესაკრებად, მაგრამ სანამ ჯარი შეიკრიბებოდა, „დაესხნენ სარკინოზნი უცნაურად და აოტეს იგი“. ხელმწიფემ ნიგალის ხევს მიჰმართა და „იწყო ძებნად ერისა, რათამცა ვითა განიმრავლა ლაშქარი თვისი“.

საუბედუროდ, წვეულთა შორის მოღალატენი აღმოჩნდნენ. მეფე ძალიან გვიან მიხვდა ღალატს. თავი ტაძარს შეაფარა, მაგრამ იუდას ცოდვით დამძიმებულებმა იქაც შეაღწიეს და მოკლეს მეფე „მახვილითა საკურთხეველსა ზედა“. „დაკლეს იგი მუნ, ვითარცა ცხოვარი აღსავალსა საკურთხევლისასა და სისხლი იგი მისი დათხეული დღესაცა საჩინოდ სახილველ არს“, – წერს სუმბატ დავითის ძე წიგნში – „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა“.

ხოლო წმიდა საკურთხეველზე მეფის ზვარაკად შეწირვით, თითქოს კიდევ ერთხელ იკურთხა ბაგრატიონთა სამეფო დინასტია.

გულწრფელი ცრემლებით დასტიროდა საქართველო თავის იმედს, გულწრფელი სიტყვებით დაიტირა მირონცხებული მეფე ღირსმა გრიგოლ ხანძთელმა: „ჰო, მეფე ჩემო, ძლიერო და დიდებულო, სიმტკიცეო ეკლესიათაო და ზღუდეო ქრისტიანეთაო, სადათ-მე მოგელოდი, აღმოსავალით-მე ანუ დასავალით, ჩრდილოით ანუ სამხრით? რამეთუ ყოველთა ზედა ნათესავთა მფლობელ იყავნ, რომელიცა წყობით ხელმწიფეთა დაიმორჩილებდი, საკვირველი ეგე დიდებული, ღმრთის-მსახური ხელმწიფე. აწ ვითარ-მე მიეცი ხელსა შეურაცხსა უშჯულოთა და უნდოთა კაცთასა, რომელნი იგი იუდას მსგავსად შენ, უფლისა თვისისა მკლველ იქმნნეს მოსაკუდინებელად ჩუენ, გლახაკთა მლოცველთა შენთა უკუნისამდე“.

აშოტ პირველის რიცხვმრავალ შთამომავლობაში გამოიყოფა ორი მთავარი შტო: „კლარჯნი ხელმწიფენი“ და „მეფენი ტაოსი”. ამ უკანასკნელში მეცხრე საუკუნის დასასრულს მკვიდრდება ქართველთა მეფობა.

აშოტ კურაპალატი მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმიდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 29 იანვარი დააწესა.

გამოყენებული მასალების წყარო: ნინო ტარყაშვილი- georoyal.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი