როგორ აღმოჩნდა საქართველოს სამეფო ტახტზე ქვეყნის საქმეებში ჩაუხედავი პიროვნება და რატომ მიიღო ხელმეორედ მაჰმადიანობა რუსუდანის ქმარმა
ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 13.11
ლაშა-გიორგის გარდაცვალებისთანავე სამეფო დარბაზმა საქართველოს ტახტზე რუსუდანი აიყვანა. მემატიანეთა ცნობით, რუსუდანი თამარისებრ სიბრძნითა და ძლიერი ნებისყოფით არ გამოირჩეოდა. მართალია, მას სამეფო ოჯახის შესაფერისი აღზრდა-განათლება ჰქონდა მიღებული, მაგრამ მეფობისთვის ლაშას ამზადებდნენ. ამიტომ სამეფო ტახტზე რუსუდანის სახით აღმოჩნდა სახელმწიფო საქმეებში სრულიად ჩაუხედავი პიროვნება.
რუსუდანის საქმრო კანდიდატურებს შორის სამეფო დარბაზმა არჩევანი რუმის სასულთნოს მფლობელის თოღრილ შაჰის ძეზე, მოღის ედ-დინზე შეაჩერა. მემატიანის ცნობით, პოლიტიკური ანგარიშის გარდა მაჰმადიან უფლისწულს რუსუდანის მხურვალე სიყვარული ამოძრავებდა, რის გამოც უყოყმანოდ მიიღო პირობა გაქრისტიანებულიყო.
რუსუდანის გამეფების წელსვე დარუბანდის გზით კავკასიაში მონღოლთა მიერ ჩრდილო კავკასიიდან დევნილი ყივჩაღები შემოსულან. მათ ახლანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყნები – დარუბანდი და შირვანი დაუკავებიათ, შემდეგ საქართველოში შემოსულან და რუსუდანისთვის მიწები უთხოვიათ. მეფეს მათთვის უარი უთქვამს, რის შემდეგ განძაში გაბრუნებულან. იბნ ალ-ასირის მიხედვით, ყივჩაყებს ალყაში მოუქცევიათ საქართველოს შემადგენლობაში მყოფი ქალაქი ყაბალა, დაუმარცხებიათ მათ წინააღმდეგ დაძრული ათაბაგი ივანე მხარგრძელი და დაურბევიათ სასაზღვრო ზონები. ბოლოს ქართველები იძულებულნი გამხდარან ცხარე ომი გაემართათ მათთვის და ქვეყნის ფარგლებს გარეთ განედევნათ.
როგორც ცნობილია, ლაშა-გიორგის გარდაცვალებამ ხელი შეუშალა ქართველთა მონაწილეობას ჯვაროსანთა ლაშქრობაში, რაზეც მოლაპარაკება უკვე შემდგარი იყო. როგორც ჩანს, რომის პაპმა, ჰონორიუს მესამემ კვლავ შემოუთვალა საქართველოს მეფეს ჯვაროსანთა დახმარების თხოვნა, რის საპასუხოდაც რუსუდანი დაწვრილებით უხსნის პაპს წმიდა მიწაზე ქართველთა ვერჩასვლის მიზეზს და მონღოლებთან შეტაკების ამბავს.
არც რუსუდან მეფეს და არც იმდროინდელი საქართველოს წარჩინებულ წოდებას სწორი წარმოდგენა არ ჰქონდათ საერთაშორისო ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებზე. მათ არც მონღოლები მიუჩნევიათ სერიოზულ ძალად და არც ჯალალ ედ-დინი, რომელიც, იბნ ალ-ასირის ცნობით, ხშირად აცხადებდა, რომ საქართველოზე უნდა ელაშქრა.
1225 წელს ჯალალ ედ-დინი მოქმედებაზე გადავიდა. მისი მრავალრიცხოვანი და კარგად აღჭურვილი ლაშქარი დვინის შემოგარენს შეესია. შემდეგ ჩრდილოეთით წაიწია და გარნისის დაბლობში დაბანაკდა. ნასავისა და ჯუვეინის ცნობებით, ქართველები მტერს ჯარით შეგებებიან გარნისში (30 ან 60 ათასი). ჯალალ ედ-დინს კი ამ დროს 140 ათასი მეომარი ჰყოლია. გარნისთან ქართველთა ჯარი მტერს უკვე ელოდა. ქართველები აყოვნებდნენ შეტევაზე გადასვლას, შესაძლოა, ივანე ათაბაგის მერყეობამაც იქონია ქართველთა გადაწყვეტილებაზე გავლენა. ჯალალ ედ-დინი კი, უმალ შეტევაზე გადავიდა. ჯუვეინის მიხედვით, ხორეზმელები მოულოდნელად დასხმიან თავს ქართველთა ლაშქარს, ამ დროს ქართველებმა 20 ათასი მეომარი დაკარგეს. დაიღუპა ივანე ახალციხელი, შალვა ახალციხელი დაატყვევეს, რომელიც შემდგომ მოკლეს. ქართველები დამარცხდნენ. მტერი კვლავ დვინში დაბრუნდა, აიღო დვინი და გაძარცვა. ასე ზურგგამაგრებული თბილისისკენ დაიძრა. ამ დროს მას შეატყობინეს აზერბაიჯანში აჯანყების შესახებ. ამიტომ ლაშქრის ნაწილით თავრიზისკენ გაეშურა, მეორე ნაწილი კი საქართველოში დატოვა და ძარცვა-რბევა დაავალა. იმავე წლის ბოლოს თავრიზში ჯალალ ედ-დინმა საქმეები მოაგვარა თუ არა, ისევ თბილისისკენ გამობრუნდა. მანამდე მისმა ჯარმა განძა აიღო და საქართველოს მისი ყმადნაფიცი ქვეყანა გამოაცალა.
რუსუდან მეფე მტრის მოახლოებისთანავე დასავლეთ საქართველოში გაიხიზნა და ქალაქის დაცვა მემნა და ბოცო ბოცოსძეთ დაავალა. თბილისი კარგად გამაგრებული ქალაქი იყო და ამიტომ ჯალალ ედ-დინმა კარგა ხანი სამზადისს მოანდომა. ორი თვის ალყის შემდეგ მტერმა ქართველთა ჯარი ქალაქიდან გამოიტყუა და ალყაში მოაქცია. ჟამთააღმწერლის მიხედვით, ქალაქის კარები თბილისელმა სპარსელებმა „განახვნეს“. თბილისის ციხის დამცველები დიდხანს იბრძოდნენ, მაგრამ მდგომარეობის უნუგეშობაში დარწმუნებულებმა, მეფის დასტურით, დაცალეს ციხე. 1226 წლის 9 მარტს თბილისი დაეცა. ქართველი, სომეხი და არაბი მემატიანეები ადასტურებენ, რომ ჯალალ ედ-დინმა ენით აუწერელი სისასტიკე გამოიჩინა. ქალაქი გაიძარცვა, ქრისტიანი მცხოვრებნი, რომელთაც რჯულის გამოცვლაზე უარი განაცხადეს, დახოცეს, მაჰმადიანები კი ტყვედ წაასხეს. მოღალატეთა შორის აღმოჩნდა რუსუდანის ქმარი, რუმის უფლისწული, რომელიც ჯალალ ედ-დინთან გამოცხადდა და ისევ გამაჰმადიანდა. თბილისის დაპყრობის შემდეგ ჯალალ ედ-დინი საქართველოდან წავიდა, მაგრამ ჯარის მოზრდილი ნაწილი ადგილზე დატოვა, რომელმაც ქვეყნის რბევა განაგრძო. მეზობელ მაჰმადიანთა თვალში საქართველოს უძლეველობის მითი დაემხო.
1226 წლის სექტემბერში ჯალალ ედ-დინი კვლავ დაბრუნდა თბილისში და აქედან განაგრძო ქვეყნის ძარცვა-აწიოკების ხელმძღვანელობა. 1227 წლის თებერვალში ქართველებმა თბილისი დაიბრუნეს. ასევე განდევნეს ჯალალ ედ-დინის მეციხოვნენი შაქიდან და კაბალიდან. ჯალალ ედ-დინმა თავი ანება ხლათს და ისევ თბილისიკენ ქნა პირი. რუსუდან მეფემ ქალაქი დააცლევინა და გადააწვევინა.
ჯალალ ედ-დინის სისასტიკემ მის წინააღმდეგ დარაზმა საქართველოს მეზობელი მაჰმადიანური სამთავროებიც. რუმის, შამისა და შაჰარმენის სულთნებმა საქართველოსთან მოლაპარაკება გამართეს ჯალალ ედ-დინის წინააღმდეგ ერთიანი ბრძოლის მიზნით. ჯალალ ედ-დინმა, როგორც ჩანს, შეიტყო ამის შესახებ, დაასწრო მოკავშირეებს და 1227/1228 წელს ბოლნისთან მდგარი საქართველოს ჯარი დაამარცხა.
დასავლეთ საქართველოში გადასულმა რუსუდან მეფემ 1230 წელს თავისი 5 წლის ვაჟი, დავითი, თანამოსაყდრედ გამოაცხადა. ჯალალ ედ-დინის საქართველოდან წასვლის შემდეგ რუსუდანი და სამეფო კარი თბილისში დაბრუნდა და თანდათანობით სახელმწიფო ცხოვრების მოწესრიგებას შეუდგა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში, მონღოლების სახით, ქვეყანას ისევ უდიდესი საფრთხე დაემუქრა. ექვსი წლის განმავლობაში კი მთელი აღმოსავლეთ საქართველო და მესხეთი დაიკავეს. როცა ყოველგვარი იმედი ამოეწურა, რუსუდანმა ჩრდილოეთის ურდოში მოსალაპარაკებლად გაგზავნა ვაზირთა უპირველესი, მწიგნობართუხუცესი არსენი. მონღოლები დათანხმდნენ რუსუდანთან დაზავებას.
ზავის პირობების თანახმად, საქართველოს მეფე აღიარებდა მონღოლთა უზენაეს უფლებებს; მონღოლთა ხელისუფლება და ჯარი რჩებოდა აღმოსავლეთ საქართველოში. ყოველწლიურად საქართველოს უნდა ეხადა 50 ათასი პერპერა და მონაწილეობა მიეღო მონღოლთა ლაშქრობებში. დავით რუსუდანის ძეს ყაენი მთელი საქართველოს მეფედ ცნობდა.
გამოყენებული მასალების წყარო: 1. ჟამთააღმწერელი / ქართლის ცხოვრება; გრიგორ აკანელი, მშვილდოსანთა ტომის ისტორია; ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია; qim.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





