ისტორია

ვისი შვილი იყო კათალიკოსი ანტონ მეორე და ვინ აჩუქა მას ოქროთი დაფარული ექვსცხენიანი ეტლი

№42

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00

ისტორია
დაკოპირებულია

ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორისა და დარეჯან დედოფლის ვაჟს, თეიმურაზ ბაგრატიონს (შემდგომში ანტონ მეორე კათალიკოსი) სახელი პაპის, თეიმურაზ მეორის პატივსაცემად დაარქვეს. მან 1762 წლის 21 დეკემბერს, ნიჟნი ნოვგოროდში ყოფნისას, მიძინების ტაძარში ქართული ეკვდერი დააფუძნა, სადაც ღვთისმსახურება ქართულად აღესრულებოდა. იგი გახდა სულიერი თავშესაფარი იმპერიაში გადასახლებული ქართველი მოღვაწეებისა და სამეფო ოჯახის წევრებისთვის.

თეიმურაზმა სულიერი გზა ადრეულ ასაკშივე აირჩია და ბერად აღიკვეცა. არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმადაც, ის მცირე ხნით საბერძნეთშიც იმყოფებოდა. 1783 წელს – რუსეთთან ტრაქტატის გაფორმების პერიოდში — ერეკლე მეფემ პეტერბურგში, გარსევან ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია მიავლინა, რომლის შემადგენლობაშიც, მირიან ბატონიშვილთან ერთად, 20 წლის ანტონიც შედიოდა. რუსეთის დედაქალაქში ქართულ დელეგაციას განსაკუთრებული პატივით დახვდნენ. იმპერატორის ოჯახის თანდასწრებით, ცარსკოე სელოს ეკლესიაში ანტონი საზეიმოდ აკურთხეს ნინოწმინდელად, მოგვიანებით კი, მის დაუსწრებლად – ალავერდელად. ქართლ-კახეთის მონარქისადმი კეთილგანწყობის ნიშნად, იმპერატრიცა ეკატერინემ ანტონს 183 ბრილიანტით შემკული პანაგია უძღვნა (ეს ნივთი სასულიერო პირის გარდაცვალების შემდეგ რუსეთის სინოდმა უკან დაიბრუნა). ანტონი განათლების მისაღებად რუსეთში დარჩა, ხოლო 1789 წელს, ანტონ პირველის გარდაცვალების შემდგომ, სამშობლოში დაბრუნდა და კათალიკოსად იკურთხა.

1795 წლიდან იგი უკვე იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის ეკლესიების მართვასაც უძღვებოდა. 1801 წლის 10 მარტს იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა მას სერაფიმებით დამშვენებული, ბრილიანტისჯვრიანი თეთრი ბარტყულა უბოძა, იმავე წლის 15 სექტემბერს კი ალექსანდრე ნეველის ორდენით დააჯილდოვა.

1811 წელს კათალიკოსი იძულებით გაიწვიეს პეტერბურგში, სადაც სინოდის წევრად განამწესეს. იმპერატორმა მას მწვანე ხავერდის მანტია უბოძა, გადასცა ანდრია პირველწოდებულის ორდენი და ამ ორდენის კუთვნილ საზღაურთან ერთად ყოველწლიურ ჯამაგირად 54 000 მანეთი დაუნიშნა.

ანტონი ვერ ეგუებოდა პეტერბურგში იძულებით ყოფნას და პროტესტის ნიშნად სინოდის შეკრებებს არ ესწრებოდა. ერთ-ერთი თვალსაზრისით, ამის მიზეზი გახლდათ ისიც, რომ მას არ მოეპოვებოდა იმპერატორის მიერ დამტკიცებული სინოდის ის დადგენილება, რომლის საფუძველზეც საქართველოში კათალიკოსობა გაუქმდა და საეგზარქოსო მმართველობა დაწესდა.

1811 წელს ანტონი ჩამოშორდა საეკლესიო საქმიანობას და მოსკოვში გადავიდა, ხოლო 1812 წლიდან, ნაპოლეონთან ომის გამო, იძულებული გახდა, მოსკოვიც დაეტოვებინა და ტამბოვში გადასახლებულიყო. 1819 წელს ის კვლავ პეტერბურგს დაუბრუნდა, საბოლოოდ კი ნიჟნი ნოვგოროდის გუბერნიის სოფელ ლისკოვოში დასახლდა. იქვე ცხოვრობდნენ ქართველი მეფეების შთამომავალი გიორგი ალექსანდრეს ძე გრუზინსკი, ლეონ გრუზინსკის ქვრივი — პრასკოვია ევგრაფ ტატიშჩევის ასული და ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე დადიანი.

გარკვეული ხანი კათალიკოსი თავისი ნათესავის, გიორგი გრუზინსკის მამულში იმყოფებოდა, მოგვიანებით კი ნიჟეგოროდში გადავიდა. თავდაპირველად მას თან ახლდნენ ნათესავი ესტატე ციციანოვი, იეროდიაკვანი დანიელი და იერობერი ფილადელფოს კიკნაძე. სასულიერო მოღვაწეობას ანტონი ნიჟეგოროდის მიძინების ტაძარში ეწეოდა, რომელიც მის მუდმივ სამლოცველო ადგილს წარმოადგენდა. ამავე ტაძარში არსებული წმიდა ხარლამპის ეკვდერი ქართველებს ეთმობოდათ, სადაც ღვთისმსახურება ყოველთვის ქართულ ენაზე აღესრულებოდა.

ქალაქში საზეიმო გადაადგილებისას ანტონი სარგებლობდა ოქროთი დაფარული, ფრანგული წარმოების ექვსცხენიანი ეტლით, რომელიც მას იმპერატორმა ალექსანდრემ აჩუქა (მანამდე ეს ეტლი იმპერატრიცა ელისაბედ პეტრეს ასულის კუთვნილება იყო).

გადმოცემის თანახმად, ნიჟნი ნოვგოროდში მცხოვრები ქართველები ანტონ კათალიკოსს „უნეტარესად და უწმიდესად“ მოიხსენიებდნენ. ის გამოირჩეოდა მაღალი ტანადობით, მიმზიდველი და ცოცხალი იერით, გრძელი წვერით, ღრმა, შავი თვალებითა და სქელი წარბებით. რუსულად გამართულად ვერ ლაპარაკობდა და კომუნიკაციისთვის მთარგმნელს იყენებდა. გულუხვი და მოწყალე ხასიათის, ასევე მრავალრიცხოვანი ამალის გამო, მას დანიშნული ჯამაგირი არ ჰყოფნიდა.

ანტონ მეორე იყო საქართველოს ბოლო კანონიერი კათალიკოს-პატრიარქი, როდესაც რუსეთის იმპერიამ 1811 წელს უკანონოდ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და საეგზარქოსო მმართველობა დააწესა. მან უარი თქვა ამ უკანონობის აღიარებაზე.

იმპერიის ხელისუფლებამ ის მოტყუებითა და იძულებით გაიყვანა საქართველოდან, რათა სამშობლოში წინააღმდეგობის კერა არ ყოფილიყო. პეტერბურგში ჩაყვანის შემდეგ მას დიდი პენსია და ორდენები შესთავაზეს, მაგრამ ანტონმა პროტესტის ნიშნად უარი თქვა სინოდის სხდომებზე დასწრებაზე. მან მთელი დარჩენილი ცხოვრება (16 წელზე მეტი) სამშობლოდან შორს, ფაქტობრივად, გადასახლებაში, სულიერ ტანჯვაში გაატარა.

მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორი მას მატერიალურად უზრუნველყოფდა, ანტონ მეორეს ფუფუნებაში არ უცხოვრია – ის ცნობილი იყო განსაკუთრებული მოწყალებითა და ქველმოქმედებით (მთელ ფულს გაჭირვებულებს ურიგებდა, რის გამოც გარდაცვალებისას დასაფლავების ფულიც კი არ დარჩა). იგი ბოლომდე ინარჩუნებდა ლოცვით განწყობასა და ქართულ საეკლესიო ტრადიციებს უცხო მიწაზე.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ის ოშარის ქუჩაზე, ევფიმიევსკის (შემდგომში ტერსკის) კუთვნილ სახლში იმყოფებოდა, სადაც 1827 წლის 21 დეკემბერს, დილის 10 საათზე, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. კათალიკოსს დარჩა მხოლოდ 400 მანეთი, რაც დაკრძალვის ხარჯებს ვერ ფარავდა. თავადმა გიორგი ალექსანდრეს ძე გრუზინსკიმ 6 000 მანეთი ისესხა, რომ ანტონი ღირსეულად მიებარებინათ მიწისთვის.

ანტონ კათალიკოსი 14 წლის განმავლობაში განისვენებდა სკორბიაშენსკის ტაძარში, ხოლო 1841 წლის 9 სექტემბერს მისი ნეშტი ფერისცვალების ტაძარში გადაასვენეს და დიმიტრიევის ეკლესიის სავანეში დაკრძალეს.

2011 წლის 11 ივლისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე წმიდანად შეირაცხა და ეწოდა „წმიდა მრავალვნებული ანტონ მეორე, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი“. მისი ხსენების დღედ 21 დეკემბერი (ახალი სტილით 3 იანვარი) დადგინდა.

სულიერი სიმტკიცის, ეკლესიის ერთგულებისა და იმ მძიმე განსაცდელების (ვნებებს), რომლებიც მან რუსეთის იმპერიის მხრიდან საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის (ავტოკეფალიის) გაუქმების გამო გაიარა, მას „მრავალვნებული“ ეწოდა.

გამოყენებული მასალების წყარო: georoyal.ge - დავით დანელია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი