ისტორია

რა ბედი ეწია დემეტრე მეორის აკრძალულ სიყვარულს

№43

ავტორი: გაიოზ მამალაძე 16:00

დემეტრე თავდადებული
დაკოპირებულია

წმიდა მეფე დემეტრე თავდადებული წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის შვილთაშვილი იყო. დემეტრე ჯერ ჩვილი იყო, როცა მონღოლებმა დედა – გვანცა დედოფალი, მოუკლეს. ათი წლისას მოუკვდა მამა – დავით ულუ. 11-12 წლის დემეტრე ქართველმა დიდებულებმა აბაღა ყაენს მიჰგვარეს ურდოში და სთხოვეს, საქართველოს მეფეთ მეფედ დაემტკიცებინა. ყაენმა შეისმინა ქართველთა თხოვნა, მეფობის დასტური უბოძა დემეტრეს, სამაგიეროდ, თავისი უფლებების განსამტკიცებლად, „წარმოატანა თანა სადუნი, რომელსაც უბოძა მეფემან დემეტრე ათაბაგობა“. სადუნ მანკაბერდელი ყაენის კარზე დაახლოებული, მისი ნების აღმასრულებელი, თბილისში გაზრდილი გასომხებული ქურთი იყო.

თბილისში ჩამობრძანებული მეფე დაჯდა დავითიან-თამარიან ტახტზე. სულიერი სათნოებებით აღსავსე მეფე გონივრულად და გულმოწყალებით განაგებდა ქვეყანას. 15 წლის მეფეს, პოლიტიკური მოსაზრებით, ცოლად შერთეს ტრაპიზონის კეისრის ასული.

შედარებით მშვიდი პერიოდი დემეტრე მეფემ საქართველოს კეთილდღეობისთვის გამოიყენა, ააშენა და განაახლა ეკლესია-მონასტრები, გაამაგრა რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ციხესიმაგრე.

მეტი არ დასცალდა დემეტრე მეფეს – ყაენმა ეგვიპტეზე სალაშქროდ იხმო. გაჰყვა მეფე ყაენს დიდძალი ლაშქრით, გმირულად იბრძოლა, გააოცა მონღოლნი და ეგვიპტელნი, მაგრამ უკან განახევრებული სპით დაბრუნდა.

1278 წელს დემეტრე გილანის დალაშქვრაში ახლდა მონღოლთა ყაენს და იქაც ყველა გააკვირვა გასაოცარი სიმამაცითა და ვაჟკაცობით.

1280 წელს აბაღა ყაენმა ისევ გაიწვია ქართველები საომრად, ამჯერად ეგვიპტის ახალი სულთანის, მელიქ მანსურის წინააღმდეგ. შემდგომ, ქალაქ ამასიასთან 1281 წელს 30 ოქტომბრის სისხლისმღვრელ ბრძოლაშიც საარაკო გმირობა გამოიჩინა ქართველთა ლაშქარმა, მაგრამ ამ გმირობას უამრავი ქართველი ვაჟკაცის სიცოცხლე შეეწირა. ამდენი ლაშქრობებისგან ქვეყანა გაღატაკდა, გავერანდა. დემეტრეც იძლია ბოროტისაგან, წარმართებს აღერია, მოკვდავთ მიენდო. ქვეყნის ინტერესებმა კვლავ მსხვერპლი მოითხოვა მეფისაგან, ამჟამად მონღოლთა ნოინის ასული სოლღარი შეირთო ცოლად.

სხვის ომში სისხლისგან დაცლილი საქართველო ახალი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა: დაიწყო შინა ბრძოლები. ერი უცებ დაექანა დაღმავალი გზით, უცებ აღმართა ხელი მოყვარეზე, დაივიწყა ღმერთიც.

დემეტრეც ახალი საცდურის წინაშე აღმოჩნდა: გულისთქმას ვეღარ გაუძლო ახალგაზრდა მეფემ – სიყვარული დაეუფლა მის გულს, გადაწყვიტა, ერთხელ მაინც ყოფილიყო ბედნიერი პირად ცხოვრებაში და მოიტაცა ბექა ჯაყელის ასული ნათელა. მისგან დემეტრე მეფეს შეეძინა „უმჯობესი ყოველთა კაცთა მის ჟამისათა, არა ოდენ ხელმწიფეთა, არამედ ყოველთა კაცთა“ – გიორგი მეხუთე, ერისგან ბრწყინვალედ წოდებული.

უფალმა ცოდვათა გამო სასჯელი მოუვლინა „საზეპურო ერს“: ვნების ოთხშაბათსა და ხუთშაბათს მიწა იძრა „სამხილებელად უსჯულოებათა ჩუენთათïს“. აღდგომის სიხარულად განმზადებულ ერს ყურადღება არ მიუქცევია მისთვის. პარასკევს კვლავ იძრა მიწა, შაბათს კი საფუძვლიანად შეარყია და შეაძრწუნა ქვეყანა: ეკლესია-მონასტრები, მთა და ბორცვი დაინგრა, მიწა გაიპო და იქიდან შავი კუპრისმაგვარი წყალი ამოიჭრა, ხეები ამოიძირკვა. აწყურის ეკლესია ჩამოინგრა და უფალმა სასწაულებრივ იხსნა ლიტანიობით შესვენებული ღვთისმშობლის ხატი – გუმბათი ჩამოვარდა და ქუდივით დაემხო ტაძრის შუაში დასვენებულ ხატს. დაინგრა მცხეთა, მთელი სამცხე. ურიცხვი ადამიანი დაიღუპა. გლოვამ და ტირილმა მოიცვა სრულიად საქართველო.

ერის დაცემით შეძრწუნებულმა კათოლიკოსმა ნიკოლოზმა ვერ შეძლო აზვირთებული უზნეობის შეჩერება და მოთოკვა. მრავალჯერ ამხილა და დამოძღვრა მან მეფე, და რაკი ვერ არწმუნა, დაუტევა კათალიკოსობა, „წარვიდა მამულად თïსად“ და უბრალო ბერული მოღვაწეობით ჩააბარა სული უფალს.

მეფე გარეგნულად თითქოს მონღოლებს მორჩილებდა, მონაწილეობას იღებდა მათ ლაშქრობებში გარეშე მტერთან, საქართველში კი კვლავ ეკლესიებს აშენებდა, ღამღამობით გამოდიოდა და საკუთარი ხელით ურიგებდა გლახაკთა მოწყალებას.

აბაღა ყაენის გარდაცვალების შემდეგ ყაენის ტახტისათვის სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდნენ ერთმანეთს აბაღას ძმა, აჰმადი და შვილი, არღუნი. დემეტრე მეფე იძულებული იყო, მონაწილეობა მიეღო შეთქმულებებში. არღუნის წინააღმდეგ მოწყობილი ერთ-ერთი შეთქმულების მეთაურობა დაბრალდა არღუნის პირველ ვეზირს, ბუღას, რომელიც მზახლად ეკუთვნოდა დემეტრეს. ყაენმა შეიპყრო და თავი მოჰკვეთა ბუღას, იგივე დღე ეწია მის ნათესავ-მომხრეებსაც.

ყაენის კარზე დაიბარეს მეფე დემეტრე. მეფე მიხვდა, რასაც ნიშნავდა ყაენისგან ხმობა: „აწ მნებავს, რათა წარვიდე ყაენის წინაშე და იყოს ნება ღმრთისა: უკეთუ მე მომკლან, ვგონებ, რომე ქუეყანა უვნებლად დარჩეს“.

დარბაზი გაკვირვებული მისჩერებოდა სიცოცხლით სავსე, „შესახედავად ტურფა, თმითა და წუერითა მწყაზარ და შუენიერ“ მეფეს, რომელიც ერის გადასარჩენად აშკარა სიკვდილზე მიდიოდა. ყველამ ერთხმად სთხოვა მეფეს, შეეფარებინა თავი მთიულეთისთვის, მაგრამ მეფემ მშვიდად ბრძანა: „მეწნო არიან და არა-სადა აქუნ ნუგეშინისცემა. მე დავსდებ სულსა ჩემსა ერისათïს ჩემისა და არა დავიშლი ურდოს წასვლას“.

ვერანაირი დანაშაული ვერ აღმოუჩინეს ქართველთა ახალგაზრდა მეფეს. დაფიქრდა ყაენი. იცოდა, „უკეთუ ბოროტი უყოს მეფესა, არღარავინ არს ღირსი მეფობისა“, არც დაუსჯელობა ივარგებდა, რადგან დემეტრე „მიმდგომი და მზრახავი იყო ბუღასი“. მაშინ წინ წარდგა ხუტლუ-ბუღა მანკაბერდელი, ძე სადუნისა, მოღოლთა მოენე და დამსმენი და ყაენს უთხრა: „ნუ იურვი მაგას, რამეთუ მე მოვიყვანო შვილი აფხაზთა მეფისა დავითისი (ნარინის), სახელით ვახტანგი, და მას მიუბოძე მეფობა, რომელ ორივე სამეფო ბრძანებასა შენსა მორჩილებდეს“. მოღალატე ამირსპასალარის სიტყვებმა ყველაფერი გადაწყვიტა. დემეტრეს უბრძანეს, აღეწერა ყოველი სიმდიდრე მისი, შემდეგ ხელები შეუკრეს, არგნებით სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს.

წმიდა მეფემ სიხარულით მიიღო სიკვდილის განაჩენი, მხიარულად მოიკითხა ნუგეშინისცემად მისული ქართველი დიდებულები, მერე სწორედ მოღალატე ხუტლუ-ბუღას ჩააბარა თავისი პირმშო: „ძე ჩემი მცირე დავით იღუაწე, რათა არა მოიკლას გულისწყრომითა აღსავსისა ყაენისაგან“. ღვთისგან ცხებული მეფის მიერ გამომჟღავნებულმა სიყვარულმა და შენდობამ გული შეუძრა ორგულ ხუტლუ-ბუღას და ტირილი წასკდა.

სიკვდილის წინ ილოცა მეფემ, მიიღო წმიდა ზიარება და სული უფალს შეავედრა.

მოულოდნელად ღვთითმოვლენილმა სასწაულმა შეძრა ყოველი. მზე დაბნელდა და საშინელი სიბნელე ჩამოწვა. ამ სასწაულმა ისე შეაშინა წარმართები, რომ ხელი აიღეს უფლისწულის მოკვლაზე.

დემეტრეს წმიდა გვამი კათოლიკოსმა და მოსე მღვდელმა ფარულად გამოიხსნეს და თბილისელი მეთევზეების დახმარებით საქართველოში ჩამოასვენეს. წმიდა მეფე სვეტიცხოველში დაკრძალეს.

გამოყენებული მასალების წყარო: „წმიდანთა ცხოვრება“; orthodoxy.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი