რატომ უთხრა ელიკუმ ორბელიანმა მაჰმადიან სულთანს სიძეობაზე უარი
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 20.06

ლორეს ციხე-ქალაქი უკანასკნელი ფორპოსტი იყო გიორგი მესამის წინააღმდეგ აჯანყებულებისა. კარგა ხანს გაგრძელდა ალყა. დემნა უფლისწულს იმედი გადაეწურა, საბლით გამოიპარა ციხიდან და მეფე-ბიძას ეახლა პატიების თხოვნით.
პირველ ეტაპზე მეფემ ყველას დასანახად, თითქოს, აპატია ძმისწულს, რათა ციხეში გამაგრებულებიც დანებებულიყვნენ. მთავარი იყო, ამირსპასალარი ივანე და სხვა დიდებულები დანებებულიყვნენ. ასევე, მეფე გიორგი ფრთხილობდა, არ განხორციელებულიყო უცხოეთიდან შემოტევა. ალბათ, ჰქონდა ინფორმაცია, რომ ივანე ორბელმა თავისი ძმა, ქართლის ერისთავი – ლიპარიტი სამხედრო დახმარების საძიებლად გააგზავნა უცხოეთში.
ივანე ორბელის მხრიდან, დემნას წასვლის მერე, აჯანყების გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. რომც მოსულიყო დამხმარე ძალა მაჰმადიანური ქვეყნებიდან, აჯანყების მთავარი სუბიექტი, დემნა უფლისწული მეფის ხელში იყო და აჯანყებულებს, უცხოელებთან ერთად, რომც გაემარჯვათ დემნას მაინც ვერ გაამეფებდნენ. შეიძლება, ფიქრობდა კიდეც დემნას სიმამრი, ივანე ორბელი, რომ უცხოელების შემოჭრას დემნას სიკვდილით დასჯა მოჰყვებოდა მეფის მხრიდან. ასეა თუ ისე, ივანე ორბელი ჩაბარდა მეფეს.
თავიდან მეფემ თითქოს აპატია, მაგრამ ივანე ორბელი შემდეგ მაინც სიკვდილით დასაჯეს. არც დემნას, ერთადერთ ვაჟს სამეფო ოჯახისა, არ აპატია მეფემ აჯანყება და თვალნი დასწვეს, რათა ვერ ემეფა და დაკოდეს, რათა ვერ შეძლებოდა ტახტის პრეტენდენტი გაეჩინა. საქართველოს სამეფო სახლი მამრობითი მემკვიდრის გარეშე დარჩა. ერთადერთი მემკვიდრეები გიორგი მეფის ასულებიღა იყვნენ – თამარი და რუსუდანი.
როგორც მოგვითხრობს გასომხებული ორბელების შთამომავალი, სტეფანოს ორბელიანი, ივანე ორბელის ძმა, ლიპარიტი (თავად სტეფანოს ორბელიანის წინაპარი), თავის ორ ძესთან, ელიკომთან (ელიგუმ, ელიკუმ) და ივანესთან ერთად, ადარბადაგანის, არანის ნაწილისა და ჩრდილოეთ ირანის დიდ ათაბაგთან იყო წასული დახმარების სათხოვნელად. მისთვის სამოცი ათასი ჯარისკაცი გამოუყოლებიათ საქართველოში შემოჭრისთვის და აჯანყებულების დასახმარებლად.
ცხადია, საქართველოში მეფის ხელისუფლების მოწინააღმდეგეების დახმარება სჭირდებოდა ილდეგიზიდთა ათაბაგს. საქართველოს სახელმწიფოს კონკურენცია ჰქონდა ადარბადაგანის ათაბაგებთან რეგიონში ბატონობისთვის და რატომ არ ისარგებლებდნენ ამით მაჰმადიანები? ამასობაში გაუგიათ ლორეს ციხის დაცემის, დემნა უფლისწულისა და ივანე ორბელის შეპყრობისა და დასჯის ამბები ლიპარიტ ორბელს, მის ძეებსა და მაჰმადიანებს. ლიპარიტს გადაუწყვეტია, აღარ წამოსულიყო საომრად.
მაჰმადიანებიც დაფრთხებოდნენ. მეფე გიორგი გამარჯვებული იყო და მთელი ქართული სამხედრო რესურსი მეფის მხარეს იდგა ისევ. ეს კი მაჰმადიანებისთვის სახიფათო გახლდათ.
სტეფანოს ორბელიანი თავისებურად გადმოგვცემს ამ ამბავს, თითქოს, მის წინაპარს, ლიპარიტ ორბელს უფიქრია: „საწყალ ქრისტიანებს რა დაუშავებიათ, რომ წავიდე და დავხოცო ისინი. ჩვენი მტრები არსად ჩანან, მე რომ დავატყვევო“. გაბრუნებულა უკან და ათაბაგების სამსახურში შესულა. ლიპარიტ ორბელი მალე გარდაცვლილა: „დიდი მჭმუნვარებისა და საზარელისა ტირილისაგან მცირეს ხანს იცოცხლა და მოკუდა უცხოს ქვეყანაში“.
იმ დროს ქართლის კათალიკოსობიდან გადადგა ნიკოლოზ პირველი გულაბერისძე და იერუსალიმს გაემგზავრა. მეფე გიორგიმ ქართლის კათალიკოსობა უბოძა მიქაელ მეოთხე მირიანის ძეს და ეკლესიას შეუვალობა განუახლა. მიქაელ მირიანის ძე თანახმა იქნებოდა მეფედ ქალის კურთხევისა.
აჯანყების დამარცხებიდან მალე მეფემ თანამოსაყდრედ აკურთხებინა თავისი ასული – თამარი.
თამარის მეფობის დასაწყისში ივანე ლიპარიტის ძე ორბელი, ელიკომის ძმა, დაუბრუნებიათ საქართველოში და წინაპრების მამულებიდან მისთვის მხოლოდ ორბეთის ციხე დაუბრუნებიათ. სტეფანოს ორბელიანი წერს: „ძე მისი (ლიპარიტის) ელიკომ მუნვე დადგა (სელჩუკთა ათაბაგთან) და ძმა მისი ივანე წარვიდა ამირთან, ანუ თავრიზისადმი და მუნ მიიღო დიდება და პატივი მრავალი. რომელი ხანთა მრავალთა ბირებითა და ფიცითა დიდითა ჟამსა მას თამარისასა მოიყუანეს და მისცა მას მამულთაგან თვისთა მხოლოდ ორბეთი. რომელმან მან შვნა ძენი და აწ იგინი არიან ორბელიანნი“. როგორც ჩანს, ივანე ლიპარიტის ძე ორბელს მოუნანიებია ნათესავების საქციელი და ერთგულების ფიცი მიუცია ჩვენი ხელმწიფე თამარისათვის.
ხოლო ელიკომ ლიპარიტის ძე ორბელი ათაბაგთან დარჩა. სტეფანოსი წერს: „მიიღო მან მის მიერ სიყუარული დიდი და მოწყალეობა მრავალი და ფრიად ესაყუარლებოდენ მას ძენი ელიტიკოზისნი, ფალავან და ყაზილასლან. შემდგომად მისცა მას ათაბაგმან დიდი ქალაქი იგი ჰამიანი და ძედ თვისად უხმობდა მას და დაუმტკიცა მას ქალაქი იგი სამკვიდროდ და მამულად სიგლითა და დაადგინა იგი ამირად და ქალაქმთავრად დედაქალაქთა მათ სპარსეთისათა: რეისა, ისპაჰანისა და ყაზვინისა, წელსა ათორმეტსა“.
მართლაც სასურველ ქვეშევრდომად იქნებოდა მიჩნეული საქართველოდან გაქცეული დიდებულების, ცნობილი მეომრების გვარის წარმომადგენელი ათაბაგთა კარზე. ასეთი რამ სხვა ქვეყნებშიც ხდებოდა. ხელმწიფეები მეზობელი ქვეყნებიდან დევნილ დიდებულებს იფარებდნენ და თავის სამსახურში იღებდნენ, რათა მერე გამოეყენებინათ.
საქართველოშიც ყოფილა მსგავსი ფაქტები და ალბათ, სტეფანოს ორბელიანი არ ტყუის. შეიძლება, ცოტა აჭარბებს წინაპრების ქებას.
სტეფანოსი განაგრძობს: „აწვევდა სულთანი, აწუხებდა და ეტყოდა: „შეიქმენ სიძე ჩემი და მოგცე შენ უდიდესი ნაწილი ქუეყანისა ჩემისა, ხოლო შენ დაუტევე სარწმუნოება ქრისტესი“.
სტეფანოს ორბელიანის თქმით, ელიკომი ჭკვიანი ყოფილა და დაგეგმილი ჰქონია საქართველოს სახელმწიფოში დაბრუნება, სადაც მის გვარს უდიდესი გავლენა ჰქონდა და დიდი მამულებიც. ამიტომ, და მაჰმადიანობის არ მიღების მიზნით, უარი უთხრა თავის ახალ მბრძანებელს: „ესე ელიკომ თუმცა ყრმა იყო ჰასაკითა, არამედ აღსავსე იყო მეცნიერებითა და სიბრძნითა, არა ურწმუნებდა, არა მოაკლდებოდა სარწმუნოებისაგან. ამისთვის შეშინებულმან სპარსთაგან და შეწუხებულმან სარწმუნოებისათვის მიზეზითა რომლითამე გამოსთხოვა ალაგი ნახჩივანსა შინა და ჰსთქვა: „ქუეყანა იგი ახლოს არს საქართუელოისად, და უადვილეს არს მუნით მოკითხვა სისხლსა მამათა და ძმათა ჩემისათა“.
ორბელები საქართველოში დასაბრუნებლად ემზადებოდნენ. შეიძლება, შურისძიებაც სწყუროდათ გიორგი მეფის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ბრძანა, აღმოეფხვრათ ორბელთა სახელი ისტორიიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან