რატომ მიართვეს შამქორელებმა ქალაქის კლიტეები ქართველებს და მონაწილეობდნენ თუ არა შამქორის ბრძოლაში ინდოელები
ავტორი: გაიოზ მამალაძე 21 წუთის წინ
თამარის დროს საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა.
ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ეს ძლიერება არ ემყარებოდა ქვეყნის შინაგან საწარმოო ძალთა განვითარებას, გაერთიანებული ფეოდალური მონარქიის ეკონომიკური ძლიერების ძირითად წყაროს სამხედრო ნადავლი და ხარკი შეადგენდა და ქვეყნის გაერთიანება ეფემერული ხასიათისა იყო.
ისტორიკოსთა მეორე ნაწილის აზრით, გაერთიანებული საქართველოს სიძლიერე შესაფერის სოციალურ-ეკონომიკურ ბაზისს ემყარებოდა.
თამარის მეფობის პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, რომელთგან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1195 წლის შამქორისა და 1203 წლის ბასიანის ბრძოლები.
შამქორის ბრძოლა გაიმართა 1195 წლის 1 ივნისს. ეს იყო საქართველოს სახელმწიფო ლაშქრის ბრძოლა ირანის აზერბაიჯანის ათაბეგის, აბუ ბაქრის წინააღმდეგ შამქორის (ახლანდელი აზერბაიჯანი) მახლობლად.
აზერბაიჯანის ილდეღიზიდი ათაბეგის უძეო ყიზილ-არსლანის (1186-1191) სიკვდილის შემდეგ ხელისუფლებისათვის ბრძოლა მის ძმისშვილებს შორის დაიწყო.
შუათანა ძმამ აბუ ბაქრმა დაამარცხა უფროსი ძმა ხუტლუ ინანჩი და მიიტაცა ათაბეგობა. უმცროსი ძმა ამირ მირანი შირვანშაჰ აღსართან პირველს (ახსითან პირველი) დაესიძა. აბუ ბაქრმა მალე ისინიც დაამარცხა.
იმავე ხანს მიწისძვრამ დააქცია შირვანის მთავარი ქალაქი შემახა და ბევრი ადამიანი იმსხვერპლა.
შირვანშაჰმა და ამირ მირანმა შემწეობა სთხოვეს საქართველოს მეფეს – თამარს, რომელმაც დახმარება აღუთქვა მათ.
ამის შემდეგ აღსართანი და ამირ მირანი პირადად ეახლნენ თამარს. საქართველოში მათ საზეიმო მიღება გაუმართეს და ლაშქრობის თადარიგიც დაიჭირეს.
ათაბეგი აბუ ბაქრიც შეუდგა მზადებას და მეზობელ მუსლიმან გამგებლებსაც უხმო საომრად. ბაღდადის ხალიფამ მას თავისი დროშა და ათასი ოქრო გამოუგზავნა.
აბუ ბაქრმა ქალაქი განძა მიატოვა, დასავლეთისკენ დაიძრა მოწინააღმდეგის შესახვედრად და ციხე-ქალაქ შამქორთან დაბანაკდა.
საქართველოს ლაშქარს დავით სოსლანი სარდლობდა. პირველი არმია მან მოიყვანა მოძრაობაში და დაიძრა შამქორისკენ. ლაშქარი ორად გაყო, მთავარ ძალას თვითონ წაუძღვა, სწრაფად გადალახა მდინარე, ქალაქი მარჯვნივ მოიტოვა, უფრო მცირე ნაწილი კი პირდაპირ გაემართა ქალაქში შემავალი ხიდისკენ. პირველი შეტაკება აქ მოხდა, ხიდთან.
შეთანხმებულებიც ასე იყვნენ: აქ, ხიდთან რომ გაჩაღდებოდა ბრძოლა, მეფე ამ დროს უმთავრესი ძალით შემოუვლიდა და მთავარ დარტყმას აგემებდა მტერს. ეს მოულოდნელი უნდა ყოფილიყო მოწინააღმდეგისთვის.
ხიდთან მართლაც გააფთრებით ეკვეთნენ მოწინააღმდეგენი ერთმანეთს. მაგრამ მეორე ნაწილის შესრულებისას პრობლემები დაიწყო, ისე ვერ მოხერხდა, როგორც წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი. მთავარ ძალას, რომელსაც მეფე მიუძღოდა, ცუდი სავალი გზის გამო შეაგვიანდა.
აქ აბუ ბაქრმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. მიიჩნია, რომ მთავარი ძალა იყო ის, რომელიც პირდაპირ ქალაქს უტევდა და მთელი ძალები მისკენ დაძრა.
სწორედ აქ გამოიჩინეს საოცარი გმირობა ძმებმა ახალციხელებმა – შალვამ და ივანემ. ისინი თავდაცვაზე გადავიდნენ. აბუ ბაქრმა ვერაფრით გაარღვია მათი პოზიციები. როგორც მემატიანეს უწერია იდგნენ როგორც „ვეფხვნი ფრთოსანნი”. ორსაათიანი ბრძოლის შემდეგ ძმებს კრიტიკული მომენტი დაუდგათ, მაგრამ დამხმარედ რეზერვში დარჩენილი ზაქარია მხარგრძელის რაზმი მოუვიდათ.
როცა დადგა ბრძოლის გადამწყვეტი მომენტი, აბუ ბაქრის მარჯვენა ფლანგს მთელი ძალით ეკვეთა დავით სოსლანი. ეს სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა მოწინააღმდეგისთვის. მის რიგებში არეულობა დაიწყო. დავით სოსლანმა ბრწყინვალედ შეაფასა ველზე შექმნილი მდგომარეობა, არმია გადაახალისა, სამ ნაწილად გაყო და იერიში მიიტანა აბუ ბაქრზე. ამან საბოლოოდ ბოლო მოუღო მოწინააღმდეგის უზარმაზარ არმიას. ის მასობრივმა პანიკამ მოიცვა, რომელიც მასობრივ ქაოსსა და გაქცევაში გადაიზარდა. აბუ ბაქრმა გაქცევით უშველა თავს. ქართველებმა განძის ბაღებამდე სდიეს მოწინააღმდეგეს.
მეორე დღეს შამქორელებმა ქალაქის კლიტეები მოართვეს ქართველებს. მალე განძაც მათ დამორჩილდა.
დავით სოსლანმა დიდი სამხედრო აღლუმი ჩაატარა შირვანის დედაქალაქ შემახაში, დარუბანდში ქართული გარნიზონი დატოვა და დაბრუნდა თბილისს, სადაც დიდი ტრიუმფი გადაიხადა გამარჯვებულმა არმიამ, ჩამოატარეს ათიათასობით ტყვე, ალმები, უზარმაზარი ნადავლი და მუსლიმური სამყაროს ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო - ხალიფას დროშა.
ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ქართველებმა შამქორის ბრძოლაში დაამარცხეს მუსლიმანური ქვეყნების უზარმაზარი კოალიციური ლაშქარი, რომელშიც თითქოს შუა აზიიდან და ინდოეთიდან მოსული ჯარიც კი იყო. ნაწილი კი თვლის, რომ ახლო აღმოსავლეთში მაშინ არ იყო შესაფერისი სიტუაცია კოალიციური ლაშქრობის მოსაწყობად. ქართველებს საქმე ჰქონდათ ირანის აზერბაიჯანის ათაბეგის აბუ ბაქრის სამხედრო ძალასთან, რომელსაც შესაძლოა, მეზობელი ამირები მიეშველნენ თავიანთი რაზმებით.
გამოყენებული მასალების წყარო: dmo.ge; mematiane.ge; საინტერესო ფაქტები და ადამიანები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





