ისტორია

რატომ აუჯანყდნენ ქართველი დიდებულები მეფე საურმაგს და ვისი დახმარებით დაამარცხა ისინი მეფემ

№13

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 10.04

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

ფარნავაზის გარდაცვალების მერე ტახტზე ავიდა მისი ვაჟი – საურმაგი. მას საკმაოდ რთული მეფობა ჰქონდა. „მოქცევაჲ ქართლისაჲს“, „მეფეთა ცხოვრებისა“, ვახუშტი და თეიმურაზ ბატონიშვილების მიხედვით, საურმაგ მეფის თავგადასავალი დაახლოებით ასეთია:

საურმაგი თვითმპყრობელი მეფე იყო, მამამისივით ცენტრალიზებული მმართველობის მიმდევარი გახლდათ. ეს არ მოსწონდათ იბერიელ დიდებულებს, ქართლოსიანების უმცროს შტოებს და ეოცნებებოდათ ის დრო, ფარნავაზამდელი ხანა, მამასახლისობის ხანა, როდესაც მცხეთის მამასახლისი იყო სხვა, ადგილობრივი მამასახლისების მხოლოდ სიმბოლური თავკაცი, ადგილობრივ მმართველებს თავისუფალი მოქმედების საშუალება ჰქონდათ და „საკუთარ“ სამამასახლისოს მართავდნენ, როგორც მოესურვებოდათ.

თავისი ნათესავისა და თვისტომის მმართველობა არ მოსწონდათ და მათთვის მისაღები შეიძლება, ყოფილიყო მხოლოდ უცხოს ბატონობა, ვიდრე საკუთარი სისხლისა და ხორცის, თვისტომის მეფობა. ამიტომ შეითქვნენ ქართველი დიდებულები და გადაწყვიტეს საურმაგის მოკვლა.

შეთქმულები ფიქრობდნენ: „ცუდია ჩვენთვის, რომ ვმსახურებდეთ ჩვენს ნათესავს. მოდი, შევითქვათ და მოვკლათ საურმაგი და გავხდეთ ჩვენ ჩვენი თავის პატრონები, როგორც ადრე. მივცეთ ხარკი, ვინც დაგვიპყრობს. ასეთი მდგომარეობით უფრო მოსვენებული ვიქნებით“.

აზოს ყოფილი მეომრები, აზონაურები, უცხოელები (სხვადასხვა ვერსიით, რომაელები, ბერძნები, იტალიელები თუ სხვა), რომლებიც აზოსა და ფარნავაზის დაპირისპირების დროს ფარნავაზის მხარეს გადავიდნენ, ახლაც დარჩნენ ფრანავაზის ოჯახის ერთგულნი და არ განუდგნენ საურმაგს, რადგან ახსოვდათ ფარნავაზის მიერ მათი მამებისა და სახლეულებისთვის გაკეთებული სიკეთე.

შეთქმულების გეგმით, ქართველი დიდებულები მოულოდნელად უნდა დასხმოდნენ თავს ქართლის სახელმწიფოს მესაძირკვლის, ფარნავაზის მემკვიდრეს, მეფეს. საურმაგმა შეიტყო შეთქმულების შესახებ. მეფე არ იყო მზად, ბრძოლა გაემართა, არც ჯარი ჰყავდა შეკრებილი და არც მოელოდა ასეთ რამეს. დედასთან ერთად მოასწრო და განერიდა შეთქმულებს, გაიქცა დურძუკეთში – დედულეთში, ბიძებთან, დედის ძმებთან.

ეს რომ შეიტყვეს აზონაურებმა, ეახლნენ მას დურძუკეთში და უთხრეს: „დიდი სიკეთე გაგვიკეთა მამაშენმა, ამისთვის მტკიცედ გიერთგულებთ შენ“!

საურმაგი დაუკავშირდა ოსთა მეფეს, მამამისის დისწულს და დახმარება სთხოვა. ოსთა მეფე დიდი პატივისცემით დაეხმარა ჯარით საურმაგს. საურმაგმა, ასევე, მოიმხრო დურძუკები, დედამისის ნათესავები და გამოემართა ქართველების წინააღმდეგ. საურმაგის ჯარს შეუერთდა მამამისის მეორე დის ვაჟიც, ეგრისის ერისთავ ქუჯის ძე, ქართამიც. შეუკრიბა ქართამმაც მრავალრიცხოვანი მხედრობა საურმაგს დასავლეთ საქართველოში.

დაამარცხა მტრები მეფემ, კვლავ დაიპყრო საურმაგმა იბერია, დასაჯა დამნაშავეები. ზოგს, ვისი დანაშაულიც ნაკლებად მძიმე იყო, შეუნდო. ერთგულები უხვად დაასაჩუქრა და განიმტკიცა მეფობა კვლავ. „დაამდაბლნა ქართლოსიანნი და წარჩინებულ ყვნა აზნაურნი“. ამბობენ, რომ სიტყვა აზნაური, აზონაურებიდან მოდისო. თავის დროზე ფარნავაზმა, აზოს ყოფილი მეომრები, მის მხარეს გადასვლისთვის და ბრძოლებში დამსახურებისათვის დაასაჩუქრა და დააწინაურა. ათასი მხედარი მას გაუყვია და მიუცია მათთვის მამულები, მათზე დასახლებული მოსახლეობით „და უწოდა მათ სახელად აზნაურნი“. თუმცა, სხვა ვერსიით აზნაური სპარსული სიტყვა „აზნადან“ არის ნაწარმოები და წარჩინებულს, თავისუფალს ნიშნავს. თავისუფალი, აზნაური, ანუ მიწაზე მუშაობისგან თავისუფლის, მეომრისა და არისტოკრატის შესატყვისია. ხშირ შემთხვევაში აზნაურები ჯარის ოფიცერთა შემადგენლობა იყო ან მუდმივმოქმედი რაზმების წევრები.

იმ დროისთვის დურძუკები ძალიან გამრავლებულიყვნენ „და ვერ-ღა-რა იტევდა დურძუკეთი“ მათ. საურმაგმა თავისი ერთგული დურძუკების დიდი რაოდენობა, მთელი დურძუკეთის ნახევარი, წამოიყვანა და იბერიის ტერიტორიაზე დაასახლა – მთებში, დიდოეთიდან ვიდრე ეგრისამდე, სვანეთამდე. მათი წარჩინებულები კი დიდებულებად, აზნაურებად, შერაცხა.

კვლავ მცხეთაში, თავის სატახტოში დაჯდა საურმაგი, თავის კუთვნილ ტახტზე. გაამაგრა მცხეთის გალავანი და სხვა ციხესიმაგრეეები იბერიაში.

მის დროს უმთავრეს ღმერთად ითვლებოდა არმაზი, რომლის კერპიც მამამისმა აღმართა არმაზის, ყოფილ ქართლის მთაზე, სადაც დასაფლავებული ყოფილა ჩვენი „თაურმდგენი“, ქართველთა ლეგენდარული წინაპარი – ქართლოსი (ქართუ, კარდუ). საურმაგმა „შექმნა ორნი კერპნი, აინინა და დანანა, და ამართნა გზასა ზედა მცხეთისასა“.

პოზიციების განსამტკიცებლად ქვეყანასა და რეგიონში საურმაგმაც თავი გამოაცხადა „ასურასტანის მეფის“, სელევკიდების სამეფოს მბრძანებლის, ვასალად. სელევკიდების დინასტიის დამაარსებელი, სელევკე ნიკატორი იყო ალექსანდრე მაკედონელის ერთ-ერთი სარდალი და მეგობარი, დიდებული – დიადოქოსი. ალექსანდრეს გარდაცვალებისა და მისი დიდი იმპერიის დაშლის შემდგომ, სელევკმა ხელში ჩაიგდო დიდი ტერიტორია, სირია, ერაყის ნაწილი, ირანის დიდი ნაწილი და სხვა და იქცა დიდი ტერიტორიის მბრძანებლად.

საურმაგის დროს, ალბათ, მეფობდა ანტიოქოზ (ანტიოქე) მესამე დიდი, რომელმაც მეზობლებთან ბრძოლებში წარმატებებს მიაღწია. თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით, ანტიოქოზ დიდს დაუპყრია ატროპატენა, „ადროპატანია“ („რომელსაცა სპარსნი, ძველისამებრ წოდებისა, უწოდებდეს აზარბაეჟანსა, ხოლო აწინდელისაებრ წოდებისა, უწოდენ ადრიბეჟანსა“). ეს დღევანდელი აზერბაიჯანის სამხრეთს და ირანის აზერბაიჯანს მოიცავს. შემდეგ, ანტიოქოზი მოადგა იბერიის საზღვრებს. მაშინ, ალბანეთში დარუბანდამდე, რომელიც, თეიმურაზ ბატონიშვილის თქმით, არის კახეთის მხარე, ერისთავად იჯდა ფარნავაზის მიერ დადგენილი არტაბაზანი. არტაბაზანი ძალიან მოხუცი ყოფილა. იგი, საურმაგის დავალებით, ეახლა ანტიოქოზს. სელევკიდმა ის დიდი პატივით მიიღო და საურმაგს გამოუგზავნა წერილი, სადაც მშვიდობას აღუთქვამდა და მოითხოვდა ჩვენი მეფისგან დამხმარე სამხედრო ძალას და ამისთვის გასამრჯელოს გადახდასაც შეჰპირდა. საურმაგი დათანხმდა და გაუგზავნა სამხედრო ნაწილები. გაემართა ანტოქე რომაელებთან საომრად, მაგრამ რამდენჯერმე დამარცხდა მათგან სირიის ომში.

სელევკიდების ჯარში, როგორც ვთქვით, იქნებოდნენ ქართველი მეომრები. მართალია, სელევკიდი მეფე დამარცხდა, მაგრამ, საურმაგის მადლიერი დარჩებოდა.

საურმაგ მეფემ ცოლად მოიყვანა ბარდავის ერისთავის ასული, წარმოშობით სპარსი, რომელთთანაც შეეძინა ორი ასული. ძე არ ჰყავდა საურმაგს. სამწუხაროდ, საურმაგზე შეწყდა ფარნავაზიანთა მამრობითი ხაზი.

მეფობდა საურმაგ მრავალი წელი და მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი შვილობილი და სიძე, მირვანი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი