ისტორია

რამ გამოიწვია გარნისში ქართული ჯარის დამარცხება

№34

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 05.09

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

გარნისის ბრძოლისთვის, როგორც ჩანს, საქართველოს სამხედრო უწყება კარგად მომზადებული არ იყო. საქართველოს გაცილებით მრავალრიცხოვანი ჯარის გამოყვანა შეეძლო, სრულ მობილიზაციას თუ გამოაცხადებდა, ჩრდილოკავკასიელებს თუ მოიწვევდა, ვასალების ჯარებს თუ გამოუძახებდა და ყივჩაღებს თუ დაიქირავებდა.

ქართველებს, ალბათ, ექნებოდათ ცნობა, რომ ჯალალედინმა საქართველოსთან ახლოს მყოფი, საქართველოს ერთ-ერთი მეტოქე, ადარბადაგანის საათაბაგო, ილდეგიზიდების სამბრძანებლო დაიკავა, გააუქმა, შექმნა ახალი სახელმწიფო და სულთანი დაირქვა. არის ვერსია, რომ ჩვენს წინაპრებს უნდოდათ, ილდეგიზიდ ათაბაგ უზბეკთან ერთად შებრძოლებოდნენ ჯალალედინს, მაგრამ, ჯალალედინი ძალიან სწრაფად მოქმედებდა, ათაბაგი უზბეკი კი უვარგისი მმართველი და სარდალი იყო – შეატოვა ჯალალედინს თავისი სამფლობელო, ცოლი, თურქთა სულთნის ასული, რომელიც მერე ჯალალედინმა შეირთო – და გაიქცა.

ასეთ ვითარებაში რატომ არ შეკრიბეს ჩვენებმა უფრო დიდი ჯარი და რატომ არ გამოიძახეს დაქირავებულები და ვასალები, გაუგებარია. შეიძლება, ჩქარობდნენ, რათა ჯალალედინი პირდაპირ ტფილისზე არ წამოსულიყო და უნდოდათ, დედაქალაქიდან შორს დახვედროდნენ.

ალბათ, ქართველ პოლიტიკოსებს ეგონათ, რომ ლოთი და უნიათო ათაბაგი უზბეკის დამარცხება ადვილი იყო და ამიტომ, ჯალალედინი არ ეგონათ ძლიერი მეტოქე. ასევე, შეიძლება, ფიქრობდნენ, ჯალალედინი არ იყო კარგი სარდალი, მისი ჯარი სუსტი ეგონათ, რადგან მონღოლებმა გაანადგურეს ჯალალედინის მამის, შაჰ მუჰამედის სახელმწიფო. ჯალალედინი კი, რადგან მონღოლებს დამარცხებული გაექცა, ვერ იქნებოდა ძლიერი მეტოქე.

ქართველებს ეგონათ, რომ მონღოლთა მთელი ჯარი იყო მხოლოდ ის, რომელიცჩვენმა სახელმწიფომ მოახერხა და უკუაგდო ლაშა-გიორგის დროს. ჯალალედინის სახელმწიფო დაამხეს მონღოლებმა, ჩვენთან კი ვერაფერს მიაღწიესო და დიდგულზე იყვნენ.

მთავარი კი ის იყო, რომ საქართველოს სამხედრო და სადაზვერვო სისტემა და ზოგადად სახელმწიფო, დასუსტებული იყო რუსუდან მეფისა და ელიტაში, ფაქტობრივად, გაბატონებული მხარგრძელების გამო და დიდად ჩამოუვარდებოდა ჩვენი დიდი სახელმწიფოს შემქმნელის, დავით აღმაშენებლის პერიოდს და თვით ლაშა-გიორგის პერიოდის ვითარებასაც კი.

სავარაუდოდ, ამირსპასალარი ივანე მხარგრძელი დამხმარე ნაწილებს ელოდა. ამიტომ, დაიკავა სიმაღლეები და შეტევაზე არ გადავიდა. ზოგიერთი უცხოელი ავტორის აზრით, ივანე მხარგრძელმა გასცა ბრძანება, უჩემოდ შეტევაზე არ გადახვიდეთო, ხოლო შალვა და ივანე ახალციხელებმა დაარღვიეს ბრძანება და შეუტიეს ჯალალედინის ჯარს, რის გამოც გაბრაზდა მხარგრძელი და არ დაეხმარაო ახალციხელებს. სინამდვილეში ასე არ უნდა იყოს. სხვადასხვა ცნობით ჩანს, რომ ჯალალედინმა იჩქარა და შეუტია ჩვენი ჯარის მეწინავეებს, მესხებს, რომლებსაც სარდლობდნენ შალვა და ივანე ახალციხელები და რომლებიც მის ჯართან ყველაზე ახლოს იდგნენ.

ჟამთააღმწერლის ცნობით, ორჯერ-სამჯერ მიავლინა მეწინავეთა სარდალმა შალვა ახალციხელმა მალემსრბოლი ჯარის საერთო სარდალთან, დახმარების თხოვნით, მაგრამ, არ დაეხმარა ჯარის საერთო სარდალი მეწინავეთა სარდლებს ანუ მესხებს. ჩვენი მემატიანე მხარგრძელის საქციელს ახალციხელებისადმი შურს აბრალებს.

ქართველთა მთელი ჯარი შესცქეროდა ყველაზე მაღლა აღმართულ სეფე დროშას, გორგასლიანს და დავითიანს, რომლის წინ გადაწევა და დაძვრა ჯარისთვის შეტევის სიგნალი იქნებოდა.

ივანე მხარგრძელმა მოატრიალებინა სეფე დროშა და უკანდახევის ბრძანება გასცა. ივანე მხარგრძელს გვერდში მყოფებიდან ვარავინ გაუბედავდა, რატომ არ ეხმარები მესხებს, გადავიდეთ შეტევაზეო. ჯარი მკაცრად ვერტიკალურად იმართება, განსაკუთრებით ბრძოლის დროს და სარდალთან შეკამათებამ შეიძლება, სარდლის მხრიდან იმწამიერად სიკვდილით დასჯის ბრძანება გამოიწვიოს შემკამათებლისადმი.

უკანდახევის ბრძანებამ არია ჩვენი ჯარი და ერთმა ნაწილმა უწესრიგოდ სცადა გაქცევა, რაც საბედისწერო აღმოჩნდა, ვინაიდან, გარნისის კლდეებს ზვავი მოსწყდა და უამრავი ჩვენი ცხენოსანი ჩაიტანა. ზვავის ქვამ იმსხვერპლა ივანე ახალციხელიც, რომელიც მესხთა გადარჩენილ ნაწილებთან ერთად, ბრძოლით უკან დაეხია და ქვემოთ, კლდის ძირში იყო შელტოლვილი.

ივანე მხარგრძელი, კარგად რომ ვერ მოიქცა, ამის არაპირდაპირი დასტურია შემდეგში გამართული ბოლნისის ბრძოლა, სადაც, ქართულ ჯარს მეფე რუსუდანმა სეფე დროშა არ გაატანა „საქმისათïს ივანე ათაბაგისა“.

ზოგი მიიჩნევს, რომ ბოლნისში სეფე დროშა იმიტომ არ გაატანა მეფემ, რომ მტერს არ ჩავარდნოდა გორგასლიან-დავითიანი წმიდა დროშა ხელთო. ეს ნაკლებად სავარაუდოა. ბოლნისში ქართული ჯარის დამარცხებას არ გეგმავდა, კარგად იყო ორგანიზებული და მეფეს ყივჩაღებიც ჰყავდა დაქირავებული, რომლებიც უნდა დაგვხმარებოდნენ...

გარნისის მარცხზე ცნობა აქვს სომეხთა მიტროპოლიტ სტეფანოს ორბელიანსაც. გარნისში დამარცხებას, როგორც ჩვენი ჟამთააღმწერელი, ის აბრალებს ქვეყანაში ამორალურობის გაბატონებას:

„ათაბაგმან იოანე შემოიყარა ჯარი ქართლისა და სასომხითისა და ენება ომით წინააღდგომა მისი. და დაადგინა ორნი მაუწყებელნი – შალვა (ახალციხელი) და გრიგოლ (სომეხი დიდებული). უკეთუ ოდეს იხილონ მცირენი ძალნი ხორასნელთა. მაშინ უხმონ ძალთა ჩუენთა, უკეთუ: „მოვედით, მოვედით”.

მაშასადამე, სტეფანოს ორბელიანის თქმით, ივანე მხარგრძელს წინამბრძოლებისთვის უბრძანებია, როცა მოგვიახლოვდებიან ხორეზმელები, გვიხმეთ დასახმარებლადო.

ორბელიანი განაგრძობს: „ხოლო მას, რომელი უფალი არს მძლეველობისა, ენებან აღხოცვა გაურჯულოებულთა და გაუღმრთოებულთა ერთა მათ. ამისთვის შეჰსცუალა ხმა მაუწყებელთა ყურთა მათთა შინა, უკეთუ „ივლტოდეთ”.

მაშასადამე, სტეფანოს ორბელიანის თქმით, ქართველთა და სომეხთა მეწინავეებს მალემსრბოლები გაუგზავნიათ ძირითად ბანაკში, რომელნი ყვიროდნენ, დაგვეხმარეთო. მაგრამ, ქართველებსა და სომხებზე განაწყენებული უფლის დაშვებით, ძირითადი ბანაკის მეომრებს მოესმათ თურმე – გაიქეცითო!

ორბელიანი განაგრძობს: „მაშინ მათ დაუტევეს უნჯნი კარავნი და ამხედრდენ მსწრაფლად ცხენსა და ვითარცა სულელნი უხმლოდ და უმდევროდ გარდაცვივდენ დიდსა ხრამსა მას გარნისასა. ყოველნი ერთად ამოიხოცნენ“.

სხვადასხვა ცნობებით ჩანს – ლაშა-გიორგის გარდაცვალების მერე საქართველოს სახელმწიფო მოშლილი იყო, რამაც გამოიწვია მარცხი გარნისში.

ჯალალედინის წამოსვლა ტფილისზე ამ დასკვნას უფრო ამყარებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა