ისტორია

რა განაცხადა ლაშა-გიორგიმ ქალაქ განძასთან, როცა მტრის მრავალრიცხოვნობის გამო გაქცევა ურჩიეს

№43

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 01.11

ისტორია
დაკოპირებულია

თამარ მეფის გარდაცვალებით და ლაშა-გიორგის ახალგაზრდობით ისარგებლა განძამ და აღარ გამოგზავნა ხარკი ტფილისში. მსგავსი რამ ხშირად ხდებოდა: როცა მეფე გარდაიცვლებოდა, ვასალები ხარკისა და ყმადნაფიცობისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ. იფიქრა განძის ათაბაგმა, ვერ შეძლებსო სახელმწიფოს მართვასა და განძაზე გალაშქრებას ჭაბუკი ბაგრატიონი.

მაგრამ შეცდა განძის ათაბაგი. ლაშა-გიორგიმ ლაშქრის შეკრების ბრძანება გასცა და მოუწოდა იმიერ და ამიერ საქართველოს. იმ დროს ამირსპასალარი იყო ივანე მხარგრძელი, რომელსაც ათაბაგობის პატივიც ჰქონდა მინიჭებული თამარ მეფისგან.

ათაბაგობა ახალი შემოღებული იყო საქართველოში, მაგრამ ძალიან განდიდებული დროისა და ვითარების გამო. ივანე ძალიან პატივმოყვარე ადამიანი გახლდათ. როცა მისი ძმა, ამირსპასალარი ზაქარია გარდაიცვალა, თამარმა ამირსპასალარობა ივანეს შესთავაზა, ივანემ კი ათაბაგობა მოითხოვა და, საბოლოოდ, ამირსპასალარობაც მიიღო და ათაბაგობაც. ეს იყო სავაზირო სახელო, თანამდებობა. თურქულ სამყაროში ათაბაგები უფლისწულის აღმზრდელებად ითვლებოდნენ, მოგვიანებით კი ეს ტიტული დამოუკიდებელი მთავრების სტატუსს აღნიშნავდა ან – საპატიო წოდებას. იმდროინდელ საქართველოში ვაზირთა შორის უპირველესად ითვლებოდა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი, მაგრამ ივანემ თანდათანობით დაჩრდილა ისიც, სხვებიც და სამეფოში ყველაზე გავლენიან ადამიანად იქცა.

დარბაზის სხდომაზე მეფემ განაცხადა:

„მეფეთა შორის ბრწყინვალემ და სანატრელმა ჩემმა დედამ დამიტოვა მეფობა. ჩვენი მოწინააღმდეგეების პაპები და მამები მოხარკედ აქცია და დღემდე ჩემი ბრძანების მორჩილნი არიან. ახლა კი განძის ათაბაგი განდგომას აპირებს და აღარ უნდა ხარკის მოცემა. განმიზრახავს, რათა შური ვიძიო განძაზე და თქვენ კი შრომას უნდა შეგამთხვიოთ. რადგან თქვენი ძალითა და თანადგომით დაუცემიათ ჩემს სანატრელ მამა-პაპას დიდი სულთნების ძლიერება.

ახლა მიიღეთ ჩემგან პატივი და ნიჭი და აღვმხედრდეთ განძის წინააღმდეგ, რათა სხვა მტერმა ჭკუა ისწავლოს და არ გაგვიბედონ იგივე.

ღვთის შეწევნით პატიოსანი ჯვრის წარმძღვარებითა და თქვენი სიქველით დავძლევთ ჩვენს მტრებს და მოწინააღმდეგეებს“.

საქართველოს სამეფოს წარჩინებულებს ძალიან გაუხარდათ:

„დიდი ნუგეშისცემა მოგვემატა ღვთის მიერ, რადგან, მიუხედავად ასაკისა, ხარ მეომარი ახოვანი და გოლიათი, გორგასლიანი და დავითიანი, მსგავსი მათი. ღვთის მინდობით და თქვენი ძალით დავიმორჩილებთ და ვანანებთ ყველას თქვენს ურჩობასო.“

დაამტკიცეს ლაშქრობა.

განძის დასალაშქრად გაემართა ჭაბუკი მეფე დიდი სპით. განძელებმა ვერ გაუბედეს ბრძოლის გამართვა და ადვილად დაიკავა ქართულმა ჯარმა საათაბაგო. მრავალი ტყვედ აიყვანეს და მიადგნენ განძას.

განძის ათაბაგი ქალაქში გამაგრდა. ქართულმა ლაშქარმა არ შეუტია ქალაქს, რადგან მსხვერპლს მოერიდა (სხვათა შორის, ორივე მხრიდან შესაძლო მსხვერპლს).

მხოლოდ ქალაქის კედლებთან იმართებოდა ჩალიბად, ერთი ერთზე ბრძოლა. ურჩეულესი მეომრები ერკინებოდნენ ერთმანეთს.

ქალაქიდან მოშორებით, ერთ მხარეს იდგა მხარგრძელი თავისი ნაწილებით; მეორე მხარეს – ჰერ-კახნი, ქვემოქართლელნი, სომხითარნი და თორელნი; მესამე ადგილას დაბანაკებულნი იყვნენ აფხაზნი, დადიან-ბედიანნი და სხვა ლიხთიმერელნი.

ახალგაზრდა მეფემ მცირედი ნაწილებით მოისურვა ქალაქისთვის გარეშემოვლა, შემოუარა ქალაქს მტკვრის გადავლით და მიუახლოვდა კარიბჭეს. განძელებმა იცნეს მეფე, შეამჩნიეს ქართველთა ნაწილების სიმცირე და ათი ათასი მეომარი გამოუხტა მას გასანადგურებლად.

ქართველები ოთხი ათასი იყვნენ მხოლოდ, მათ შორის უმეტესი – მესხები. მხეცებივით დაეტაკნენ ოთხიათასიან ქართულ შენაერთს განძელნი.

უშიშარმა ლაშამ არად ჩააგდო ქალაქიდან მოულოდნელად გამოვარდნილი განძელების სიმრავლე. მისმა ერთგულმა მეომრებმა, რომელთაც სასიკვდილო ხიფათი დაემუქრათ, იყვირეს:

„მეფეო, სიკვდილამდე ვიბრძოლებთ, თავს დავდებთ და არ შევარცხვენთ შენი მეფობის პირველ ომს!” – და მიეტევნენ მტერს.

იოანე ბაგრატიონის „ისტორია ქართლისას“ მიხედვით, რომელიც ბატონიშვილის თხზულების – „კალმასობის ნაწილია“, თანამებრძოლები ურჩევდნენ ლაშას გაქცევას, რათა ტყვედ არ ჩავადნილიყო, მაგრამ, მეფემ უპასუხა, მე განძელ ფეიქრებს არ გავექცევიო, იშიშვლა ხმალი და შეუტიეს ქართველებმა მტერს.

„და იქმნა ბრძოლა ძლიერი და დიდად სასტიკი“.

მედგრად დახვედრილმა ქართველებმა უამრავი განძელი დახოცეს. თვით ლაშა-გიორგი წინამბრძოლობდა მხნედ და ძლიერად, გოლიათივით და თავისი ვაჟკაცური მკლავით მუსრავდა მტერს. მასთან ერთად წინამბრძოლობდნენ: ყვარყვარე ჯაყელის უფროსი ძე, ბიბილა გურკლელი, ბოცო ბოცოს ძე.

განძელებმა, მიუხედავად სიმრავლისა, ვერ შეძლეს ქართველთა დაძლევა, სწრაფად მიტრიალდნენ და ქალაქისკენ გაიქცნენ. ქართველებმა ჭიშკრამდე სდიეს და მცირე ნაწილმაღა შეასწრო ქალაქში. ბევრი დახოცეს ან ტყვედ აყვანეს. განძა-ქალაქის გალავნიდან ხალხი იყურებოდა. შვილების მარცხსა და სიკვდილს ხედავდნენ დედები, იგლოვდნენ, ხელს იცემდნენ მკერდში, საყელოებს იხევდნენ და თმას იგლეჯდნენ, ყვიროდნენ და ზრიალებდნენ. ეს გამოიწვია განძის ათაბაგის გაუაზრებელმა პოლიტიკამ და ახალგაზრდა მეფისა და მისი მცირერიცხოვანი შენაერთის განადგურების მცდელობამ.

ქართველთა სხვა ნაწილებმა რომ შეიტყვეს, მეფე ხიფათშიაო, მყის გამოიჭრნენ ხელმწიფის დასახმარებლად, მაგრამ ლაშა-გიორგის შენაერთი მათ გარეშეც გაუმკლავდა მტერს.

საშველად მოსულმა ნაწილებმა მეფე უვნებლად დაცული იხილეს და სიხარულით აღივსნენ. ახალმოსულ გმირებს წინ მიეგებნენ ლაშასთან ერთად მებრძოლი გმირები.

მეფის ხიფათში ჩავარდნისა და შეუთანხმებლობის გამო დიდებულები გაბრაზდნენ და აცხადებდნენ, რომ აღარ სურდათ ლაშქრობაში ყოფნა და არც მეფის კარზე გაჩერდებოდნენ. შემცბარი ახალგაზრდა ხელმწიფე ჩამოხტა ცხენიდან და თავისი გამოუცდელობით ჩადენილი შეცდომისთვის შენდობა ითხოვა.

საბოლოოდ, მეფის გადარჩენითა და განძელების დამარცხებით გამხიარებულნი დაბრუნდნენ კარვებში და ერთი კვირა მხიარულებასა და დამსახურებული მეომრების დასაჩუქრებაში გაატარეს.

ქალაქში გამოკეტილმა განძის ათაბაგმა საქართველოს ახალგაზრდა მეფეს ელჩი გამოუგზავნა და ძველებურად ხარკის გადახდა იკისრა. ქართველთა კეთილმა მეფემ აპატია განდგომა, გაათავისუფლა ტყვეები, აიღო მრავალი საჩუქარი, ძვირფასეულობა, თვალ-მარგალიტი, ოქრო-ვერცხლი, დაბრუნდა უკან და აღავსო მთელი საქართველო საბოძვარით, რადგან იყო ყველა მეფეზე მეტად უხვი და არავისთვის არაფერი ენანებოდა.

ასეთი იყო ქართველთა ოქროსკულულებიანი ახალგაზრდა ხელმწიფე მაშინ – მლოცველი, მმარხველი, გლახაკთა და დაჩაგრულთა განმკითხველი, მოწყალე და დაუდეგარი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა