როგორ მოუგო უბრალო ქიზიყელმა გლეხმა სასამართლო დავა ბატონიშვილ ერეკლეს
ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 28.08
ბოდბისხევის წმიდა მარიამის ეკლესიის დაცული ტყის განაპირას ადგილობრივები ერთმანეთს ჭიდაობაში ეჯიბრებოდნენ. წინა დღით სოფლელებმა ერეკლე ბატონიშვილს საგანგებო მიწვევა გაუგზავნეს, თუმცა უფლისწულმა უარი შემოუთვალა – შეუძლოდ გახლავართო. სანაცვლოდ კი, გამარჯვებული ფალავნის დასაჯილდოებლად, მან ვერცხლით მოჭედილი ხორასნული ხანჯალი გაუგზავნა. ახალგაზრდა მოჭიდავეს, გიორგი დუღაისძეს, ხუთი მეტოქე უკვე დაემარცხებინა. მსაჯებმა გადაწყვიტეს, ერეკლესეული ხანჯალი უპირობოდ მისთვის გადაეცათ, რომ მოულოდნელად წრეში მოქნილი ტანის სახეშებურული ახალგაზრდა შემოიჭრა.
– არა, – განაცხადა გიორგიმ, – არ შევებრძოლები. სახე დაფარული აქვს და არც ქუდი მოუხდია, ვინ იცის, ვინ არის. თანაც ჩემი წონის არაა, ტანდაბალია, – თქვა ეს და წრიდან გასვლა დააპირა.
– მხდალი ყოფილხარ, – ცივად მიუგო უცნობმა, მერე კი ხალხს მიუბრუნდა – ლაჩარი ყოფილა თქვენი რჩეული.
იმ ეპოქაში ეს უმძიმესი შეურაცხყოფა იყო, რომელიც ნებისმიერ იარაღზე მწარედ ჭრიდა, რადგან ლაჩრობა სიკვდილზე დიდ სირცხვილად მიიჩნეოდა. განრისხებულმა მაყურებლებმა ძალით შეაბრუნეს წრეში სოფლის ფალავანი.
მეტოქეები ერთმანეთს ეძგერნენ. უცნობი საოცრად სწრაფი აღმოჩნდა, ავაზასავით მკვირცხლად მოძრაობდა. გიორგი მიხვდა, რომ სისწრაფით ვერ აჯობებდა. შუა წრეში შეჩერდა, ეშმაკურად გაიღიმა და უთხრა:
– შენ, ბიჭო, მგონი, მეცნობიო.
ამ სიტყვებთან ერთად ხელი უცნობის სახისკენ გაიწვდინა, რათა საბურველი ჩამოეგლიჯა. უცნობმა თავი აარიდა და უკან გადაიხარა. სწორედ ამ მომენტით ისარგებლა გიორგიმ: წელში შეუვარდა, თავისი ვეება მკლავები ფოლადის სალტესავით შემოაჭდო და ხერხით, გულაღმა დაანარცხა მიწაზე.
– ეს უწესოა! – აყვირდა მაყურებელი.
თუმცა გიორგი ყურადღებას არავის აქცევდა, წაქცეულს მაშინვე აჰგლიჯა სახიდან ნაჭერი. ხალხს გაოცებისგან ხმა ჩაუწყდა.
– ერეკლე ბატონიშვილი ყოფილა! ერეკლე ბატონიშვილი! – გადაუჩურჩულეს ერთმანეთს.
გაბრაზებული ერეკლე წამსვე წამოხტა ფეხზე, განზე მდგარი გიორგი დუღაისძისკენ გაემართა:
– წაქცევისთვის კი არა, მოტყუებისთვის უნდა დავსაჯოო!
იმ რაინდულ ხანაში ჭიდაობისას წესების დარღვევა, განსაკუთრებით კი წელში შევარდნა და ხერხის გამოყენება, დიდ უღირსობად მიიჩნეოდა. უფლისწული ცხენით მიუახლოვდა განაპირა მუხას, ჩამოხსნა ხორასნული ხანჯალი, მამასახლისს გადაუგდო და დაუბარა:
– ეს ჯილდო სოფლის ფალავანს მიეცით, მაგრამ გააფრთხილეთ, თვალით არ დამენახოს, თორემ თავს წავაცლი!
ორი წლის შემდეგ თეიმურაზ მეორემ შვილი ირანში იხმო, საიდანაც ნადირ-შაჰმა იგი ავღანეთის გზით ინდოეთის ლაშქრობაში წაიყვანა. სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებული ბატონიშვილი დაუღალავად ებრძოდა ქვეყნის მტრებს, თუმცა ბოდბისხევში განცდილი მარცხი არასოდეს ავიწყდებოდა. ერეკლეს ძალიან უყვარდა ქიზიყელები, თუმცა ძველი წყენა გულში მაინც ჩარჩენოდა. დროდადრო შემოუთვლიდა ხოლმე ბოდბისხეველებს: „ყველანი ფოლადის მახვილები ხართ, მოდით ჩემთან, ჩემი კარი მუდამ ღიაა თქვენთვის, ოღონდ ის ერთი მატყუარა არ დამანახოთო. ხალხს არ მოსწონდა უფლისწულის ეს ხასიათი, მაგრამ შეპასუხებას ვერავინ უბედავდა – ჯერ ერთი, ბატონიშვილი იყო და მეორეც, ქიზიყელებს იგი ღმერთივით უყვარდათ.
იმ საბედისწერო ჭიდაობის შემდეგ გიორგი დუღაისძე სოფლიდან გადაიკარგა. მან ერეკლეს ნაჩუქარი ხორასნული ხანჯალი და მამისეული ხმალი აიღო და გაუჩინარდა. მასთან ერთად სამი მისი ერთგული მეგობარიც წავიდა. მალე მთელ კახეთს მოედო ხმა უცნაური „მფრინავი რაზმის“ შესახებ. ქართველ მეომართა მცირე ჯგუფი თავზარს სცემდა ალაზნის გაღმა მხარეს – ჭარ-ბელაქანს. ამ გუნდს ვინმე გორგა ბოხორელი ედგა სათავეში, სხვებს შორის კი ახსენებდნენ შეუპოვარ გივი ბოდბელს, „სატანად“ წოდებულ თედო ფანიანელსა და ბუღა მირზაანელს. ეს ოთხეული დაქროდა კახეთის მხარეში და მოსვენებას არ აძლევდა ლეკ აბრაგებს. ქიზიყში ეჭვობდნენ, რომ გორგა ბოხორელი სინამდვილეში გიორგი დუღაისძე იყო. ცხრა წლის განმავლობაში შეუმჩნევლად მოქმედებდნენ გორგას რაზმელები.
დროთა განმავლობაში ვითარება შეიცვალა. ნადირ-შაჰმა თეიმურაზ მეორე ქართლის მეფედ დაამტკიცა, ხოლო ერეკლე მეორე კახეთის მეფედ გამოაცხადა. ახლად გამეფებული ერეკლე მშობლიურ ქიზიყს ეწვია და სოფლები შემოიარა. ყველა მთხოვნელი მან ბოდბის მონასტერში, საერთო მიღებაზე დაიბარა.
– გორგა ბოხორელი მოვიდა, მეფეო, – მოახსენეს ერეკლე მეორეს.
– შემოიყვანეთ! – ბრძანა მეფემ.
სწორედ აქ მოხდა მოულოდნელი რამ. როგორც კი გორგამ მუზარადი მოიხსნა, გაოცებულ-განრისხებული ერეკლე ფეხზე წამოიჭრა – მან თავისი ძველი მოწინააღმდეგე, გიორგი დუღაისძე იცნო.
– როგორ ბედავ ჩემ წინაშე გამოჩენას?!
– თქვენთან არა, ბატონიშვილო, – მიუგო გორგა-გიორგიმ, – მე ჩემს მბრძანებელთან, კახეთის მეფე ერეკლე მეორესთან მოვედი, მეფეო! – მუხლი მოიყარა მებრძოლმა, – საჩივარი მაქვს. თუ თქვენ არა, ვის უნდა შევჩივლო? თქვენ ხართ ამ ქვეყნის მმართველი, თქვენი ვალია ჩემი დაცვა და მფარველობა.
ერეკლე მეორე დაჯდა.
– უსამართლობაში რომ არ ჩამომართვა, მოწმეების თანდასწრებით მოგისმენ, – თქვა მან.
– მეფეო, – დაიწყო გორგა-გიორგიმ, – უკვე მეათე წელია, ერთმა კაცმა ცხოვრება გამიმწარა. სოფელში აღარ მიდგება ფეხი, მამა-პაპისეულ სახლს მოწყვეტილი ვარ და საკუთარ სახელსაც ვეღარ ვამბობ ხმამაღლა. მე რომ მებრძვის, ეს მისი საქმეა, მაგრამ შენს ქვეშევრდომს რატომ ერჩის? განა შენი ერთგული ხალხის დევნა შენივე შეურაცხყოფა არ არის?
ერეკლე მეორე ჩუმად უსმენდა და ხმას არ იღებდა. ბოლოს ბოდბელმა ეპისკოპოსმა ონოფრემ ჰკითხა:
– შვილო ჩემო, თუ ათი წელია, სიკვდილით გემუქრებიან, რატომ აქამდე არ მომმართე მე ან ქიზიყის მოურავს? მეფე ხომ იფიქრებს, რომ ჩვენს მოვალეობას ვერ ვასრულებთ და მის ხალხს ვერ ვპატრონობთ?
– ეჰ, მეუფეო, – თავი დახარა გორგა-გიორგიმ, – იმ კაცს ვერც თქვენ დაუდგებით წინ და ვერც ქიზიყის მოურავი, – შემდეგ კი ამაყად ასწია თავი და მტკიცედ თქვა, – კახეთის მეფე ერეკლე მეორესთან მე ვუჩივი ბატონიშვილ ერეკლეს! დაე, ბატონიშვილმა ერეკლემ ჩემს მეფე ერეკლესთან აგოს პასუხი!
დამსწრენი გაოგნდნენ. ხანმოკლე დუმილის შემდეგ ერეკლე მეორე ფეხზე წამოდგა და საზეიმოდ განაცხადა:
– მე, მეფე ერეკლე მეორე, გაძლევ სრულ თავისუფლებას, ხოლო ბატონიშვილ ერეკლეს, როგორც შენს უსამართლო მდევნელს, ვაჯარიმებ დამასკური მახვილით!
მეფემ თავისი ძვირფასი დამასკური იარაღი მოიხსნა და გორგას გადასცა. გორგა ბოხორელმა (გიორგი დუღაისძემ) მუხლი მოიყარა და ხმალი მოწიწებით ჩამოართვა მბრძანებელს.
გამოყენებული მასალების წყარო: ლოვარდ ტუხაშვილი - .georoyal.ge/.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





