ისტორია

როგორ აქცია სოლომონ პირველმა დაუძლურებული და დანაწევრებული იმერეთი ძლიერ, ანტიოსმალურ სახელმწიფოდ

№32

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 21.08

სოლომონ პირველი
დაკოპირებულია

ალექსანდრე მეხუთის ძე, სოლომონ პირველი, იმერეთის სამეფო ტახტს 1752–1784 წლებში განაგებდა. მან სამეფო გვირგვინი 14 წლისამ დაიდგა. ახალგაზრდა მონარქს უახლოესი ნათესავების ჯგუფი აუჯანყდა: დედამისი თამარი, ბაბუა ბესარიონი და ბიძები – მამუკა და გიორგი. მიუხედავად დროებითი მარცხისა, სოლომონმა ახალციხის ფაშას მხარდაჭერით, ძალაუფლება დაიბრუნა და დედა ქვეყნიდან გააძევა, ხოლო აბაშიძეთა საგვარეულო მამულები სამეფო საკუთრებად გამოაცხადა.

მთავარი პრიორიტეტი სამეფო ხელისუფლების გაძლიერება, დასავლეთ საქართველოს გაერთიანება, დამამცირებელი ტყვეებით ვაჭრობის აღმოფხვრა და ოსმალეთის გავლენისგან გათავისუფლება გახდა.

მეფემ ჯერ დადიანთან გამონახა საერთო ენა, რის შემდეგაც მამია გურიელიც აიძულა, ერთგულების გზას დადგომოდა. სოლომონმა თავის გარშემო შემოიკრიბა დიდი ფეოდალებისგან შევიწროებული თავადები. მან ეკლესიას დაუბრუნა დიდებულების მიერ წართმეული ქონება და საეკლესიო გლეხები გადასახადებებისგან გაათავისუფლა, რითაც სასულიერო დასის მტკიცე მხარდაჭერა მოიპოვა.

მეფის ხელისუფლების გასამყარებლად შეიქმნა სრულიად უნიკალური ინსტიტუტი – „ფიცის კაცნი“.

ანტიოსმალური კამპანია სოლომონმა გამეფებისთანავე წამოიწყო, რადგან კარგად ხედავდა, რომ თურქული გარნიზონები მეამბოხე ქართველი თავადების დასაყრდენს წარმოადგენდნენ. საომარი მზადება საიდუმლოდ მიმდინარეობდა. 1757 წლის დეკემბრის დასაწყისში მეფემ გადაკეტა ყველა სტრატეგიული გზა, რათა ხრესილთან დაბანაკებულ თურქებს დამხმარე ძალა არ მიეღოთ. ომში სოლომონს მხარი დაუჭირეს დადიანისა და გურიელის ლაშქარმა და აფხაზეთის მთავარმა ხუტუნა შარვაშიძემ.

1757 წლის 14 დეკემბერს, გამთენიისას, ქართველთა გაერთიანებული ლაშქარი მოულოდნელად დაესხა თავს ახალციხისა და აჭარის სანჯაყების მრავალრიცხოვან არმიას. ხრესილის ბრძოლა სოლომონ პირველის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. ისტორიკოს დავით ბატონიშვილის აღწერით, მეფე ბრძოლის ველზე ლომივით მამაცურად იბრძოდა.

მოსალოდნელი თურქული აგრესიის მოსაგერიებლად სოლომონმა დიპლომატიურ ზომებს მიმართა. 1758 წელს გორში მან, ერეკლე მეორემ და თეიმურაზ მეორემ თავდაცვითი და სამეგობრო ხელშეკრულება გააფორმეს. იმავე წელს სოლომონი ქართლ-კახელებს დაეხმარა თურქებთან ატოცის ბრძოლაში. 1758 წელს ახალციხის ფაშამ ორჯერ ილაშქრა იმერეთში. პირველ შემოჭრას სოლომონი მოუმზადებელი შეხვდა და დამარცხდა, თუმცა მეორე თავდასხმა მტრის სრული განადგურებით დაასრულა.

მეფის ინიციატივით, მოწვეულ იქნა საგანგებო საერო და საეკლესიო კრება. იმერეთის, ოდიშისა და გურიის წარმომადგენლებმა საჯარო ფიცი დადეს ტყვეებით ვაჭრობის აკრძალვაზე, რის დამრღვევთათვისაც უმკაცრესი სასჯელი – სიკვდილით დასჯა განისაზღვრა. კრებამ სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც მიიღო.

ახალციხის ფაშამ სოლომონს ტყვეებით ვაჭრობის აღდგენა მოსთხოვა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო. საპასუხოდ იმერეთში შემოჭრილი ოსმალთა 20-ათასიანი სადამსჯელო არმია ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს. 1763 წელს მეფემ ჯერ თურქების კიდევ ერთი, 13-ათასიანი შემოტევა მოიგერია, შემდეგ კი სებეკასა და ასკანას ციხესიმაგრეები გაათავისუფლა.

1766 წლის სექტემბერში ოსმალთა მორიგმა ძლიერმა თავდასხმამ ქვემო იმერეთის დაკარგვა გამოიწვია. თურქებმა სვერის ციხე აიღეს, ხოლო ქუთაისის ტახტზე სოლომონის ნაცვლად თეიმურაზ მამუკას ძე დასვეს. თავშესაფრის მაძიებელი მეფე წერეთლებმა მოდინახეს ციხესიმაგრეში შეიფარეს. ჩრდილოეთ კავკასიაში მყოფ რუსულ სარდლობასთან დახმარების თხოვნამ შედეგი არ გამოიღო. თუმცა, როგორც კი ოსმალებმა ქვეყანა დატოვეს, სოლომონმა მომხრეები შეკრიბა და იმერეთზე კონტროლი აღადგინა. ტახტიდან ჩამოგდებულმა თეიმურაზმა თურქეთს შეაფარა თავი და პარტიზანული ომი წამოიწყო, თუმცა 1768 წელს ჩხართან გამართულ გადამწყვეტ ბრძოლაში სოლომონმა იგი საბოლოოდ დაამარცხა. თეიმურაზი მუხურის ციხეში გამოკეტეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

მორჩილების დამყარების მიზნით, 1769 წელს მეფემ რაჭის ერისთავი როსტომი ვარციხეში მიიწვია, იაშვილების მამულში სანადიროდ მიიტყუა, თვალები დასთხარა და მისი ძე, გიორგიც ანალოგიურად დასაჯა (ცალი თვალი ამოუღო). ამ ნაბიჯით რაჭის საერისთავო გაუქმებულად გამოცხადდა. საეკლესიო სფეროშიც ცვლილებები განხორციელდა: როსტომის ძმა, ბესარიონი კათალიკოსობიდან გადააყენეს და მის ნაცვლად მეფის ძმა, იოსებ გენათელი აკურთხეს.

ტახტის განმტკიცების შემდეგ სოლომონი ძლიერი საგარეო მოკავშირის ძიებას შეუდგა. რუსეთში საგანგებო მისიით მიავლინა მაქსიმე ქუთათელი, რომელიც სამხედრო დახმარების სანაცვლოდ იმპერატორს რუსეთ-ოსმალეთის ომში ქართველების თანადგომას ჰპირდებოდა. პარალელურად, მეფემ ბესარიონ გაბაშვილის ხელმძღვანელობით ელჩობა სპარსეთშიც გაგზავნა.

1768-1774 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დაწყებისას ერეკლე მეორე და სოლომონ პირველი მზად იყვნენ საომრად ჩაბმულიყვნენ, თუკი რუსეთიდან ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას მიიღებდნენ. სოლომონი ამ ძალებით ოსმალთა მიერ მიტაცებული მიწების დაბრუნებასა და ურჩი თავადების დამორჩილებას გეგმავდა, ხოლო რუსეთი კავკასიის ფრონტის გახსნით ბალკანეთში საკუთარი მდგომარეობის შემსუბუქებას იმედოვნებდა.

1769 წლის მიწურულს იმერეთში გენერალ ტოტლებენის რუსული კორპუსი შევიდა. ამ დროისათვის სოლომონს უკვე აღებული ჰქონდა ცუცხვათისა და შორაპნის ციხეები, ხოლო ქუთაისის გარნიზონი ალყაში ჰყავდა მოქცეული. 2 ივლისს ტოტლებენმა ბაღდათის ციხე დაიკავა, 6 აგვისტოს კი ერთობლივი ძალებით ქუთაისის ციხეც დაეცა. თუმცა, 1779 წლის 3 ოქტომბერს ტოტლებენმა, მეფესთან შეუთანხმებლად, ფოთის ციხის ალყა დაიწყო. ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა.

1774 წლის ნოემბერში სოლომონმა რუსეთში დავით კვინიხიძე გაგზავნა იმერეთის მფარველობაში მიღების ოფიციალური თხოვნით. თუმცა, ელჩის ჩასვლამდე მხარეებს შორის უკვე გაფორმებული იყო ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება. ზავის 23-ე მუხლით, რუსეთმა დასავლეთ საქართველოზე ოსმალეთის სუვერენიტეტი ცნო, თუმცა თურქეთს იმერეთისთვის ხარკის მოთხოვნის უფლება ჩამოერთვა.

გამოყენებული მასალების წყარო: საქართველოს მეფეები; nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი