რით დაამახსოვრა პავლე ციციანოვმა თავი ქართველ საზოგადოებას და როგორ მოკლეს ის
ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 24.07
რუსეთის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე პავლე ციციანოვი იყო შვილიშვილი პაპუნა (პავლე) ციციშვილისა, რომელიც ვახტანგ მეექვსესთან ერთად გადაიხვეწა რუსეთში. პავლეს დედა, ელისაბედ მიხეილის ასული ბაგრატიონ-დავითიშვილი, ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის წარმომადგენელი იყო. პავლეს მამას, დიმიტრი ციციშვილს, სამშობლო მუდამ ახსოვდა, რუსეთშიც მშობლიური კულტურის გამდიდრება-გაძლიერებაზე ზრუნავდა და თავის თარგმნილ მათემატიკურ სახელმძღვანელოებს საქართველოში აგზავნიდა. პავლე ციციანოვი კი უკვე გარუსებული გახლდათ და ერთგულად ემსახურებოდა ცარიზმის თვითმპყრობელურ პოლიტიკას.
რუსეთის იმპერიის არმიის რიგებში პავლე ციციშვილი 1761 წლიდან ჩადგა.
რუსეთის დაქვემდებარებაში მყოფი ქართლ-კახეთისთვის ერთ-ერთ საშიშროებას წარმოადგენდა საინგილოს ტერიტორიაზე ბელაქანში გამაგრებული ლეკები, რომლებიც დროდადრო აწიოკებდნენ კახეთის მოსახლეობას, გადაწყდა, რომ ბელაქანი ლეკებისაგან გაეთავისუფლებინათ და კახეთის იურისდიქციაში დაებრუნებინათ. 4 500 ქართველ მოხალისეთაგან შემდგარი რაზმი, ციციანოვის მეთაურობით, რუსეთის არმიას შეუერთდა. 1803 წლის 9 მარტს მათ ბელაქანი და ქალაქი ჭარი აიღეს, ხოლო 12 აპრილს ჭარ-ბელაქნის მხარე რუსეთს ტერიტორიად გამოცხადდა. აღნიშნული ლაშქრობის გამო ციციანოვმა ალექსანდრე ნეველის ორდენი დაიმსახურა.
1803 წლის 22 ნოემბერს ციციანოვი განჯის დასაპყრობად დაიძრა. 1804 წლის 3 იანვარს წარმატებით აიღო ქალაქი და მას უწოდა ელიზავეტპოლი. ასე დაარსდა ელიზავეტპოლის მხარე, რომელსაც რუსეთისთვის საკვანძო მნიშვნელობა ჰქონდა. განჯის აღებისათვის ციციშვილი დააჯილდოვეს ალექსანდრე ნეველის მედლით, ხოლო ქვედა ეშელონები ფულადი ჯილდოებით დაასაჩუქრეს. სწორედ ამ უკანასკნელთა შემოწირულობით აშენდა სიონის წინ ახალი სამრეკლო, ნიშნად იმისა, რომ აღა-მაჰმად ხანის შემოსევისას ყველაზე დიდი როლი განჯელებმა შეასრულეს.
ციციანოვი ნათესავადაც ეკუთვნოდა გიორგი მეთორმეტის მეუღლეს, მარიამ დედოფალს, მაგრამ გარუსებული გენერლისთვის ამას ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა.
რუსეთის მთავრობა და ციციანოვი ქართლ-კახეთის საშინაო განხეთქილების მიზეზად ბაგრატიონთა სამეფო სახლის წევრთა მოქმედებასა და ადგილზე რუსული მმართველობის მოუწესრიგებლობას მიიჩნევდნენ. ალექსანდრე პირველის დავალებით ციციანოვი შეუდგა ბატონიშვილების დაყოლიებას რუსეთში გადასახლებაზე, მაგრამ მათ სამშობლოს დატოვება არ სურდათ. მაშინ ციციანოვმა ძალას მიმართა და 1803-1805 წლების განმავლობაში საქართველოს სამეფო სახლის წევრები, თითქმის მთლიანად, რუსეთში გადაასახლა.
პავლე ციციანოვს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის სამეგრელოსა და იმერეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების ორგანიზებაში. 1803 წელს გრიგოლ დადიანთან მოლაპარაკების შედეგად მიაღწია იმას, რომ ოდიშის სამთავრო რუსეთის მფარველობაში შევიდა; სოლომონ მეორესთან დადებული ელაზნაურის შეთანხმებით 1804 წელს რუსეთის მფარველობაში შევიდა იმერეთის სამეფოც; რუსეთ-ირანის ომის (1804-1813 წლები) დროს 1804-1805 წლებში, ციციანოვის ხელმძღვანელობით, რუსეთის ჯარმა მოიგერია ირანის ტახტის მემკვიდრის აბაზ-მირზას შემოტევა. მანვე, 1805 წელს რსეთის იმპერიას შემოუერთა შაქის, ყარაბაღისა და შირვანის სახანოები.
„მრისხანე მთავარი“, მართალია, უმთავრესად ძალადობა-დაშინების გზით მოქმედებდა, მაგრამ ხშირად დიპლომატიური მანევრითაც აღწევდა მიზანს. მან მკაცრად შეაფასა რუსეთიდან გამოგზავნილი უღირს მოხელეთა საქმიანობა საქართველოში და იმპერატორს მათი გაწვევა ურჩია. ამასთანავე, ქართული სამეფოს ყოფილი მოხელე-თავადებიც მოიმადლიერა: მათ დაენიშნათ პერსონალური პენსიები და მიენიჭათ წოდებები. დროებით უკვე გაუქმებული მოურავის ინსტიტუტიც აღადგინა, რითაც შემოირიგა მრავალი განზე გამდგარი ქართველი თავადი. პავლე ციციანოვის ინიციატივით შეიქმნა დებულება სათავადაზნაურო საგუბერნიო კრების შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა სამ წელიწადში ერთხელ გუბერნიისა და მაზრების თავადაზნაურთა წინამძღოლების არჩევას.
ქართული საზოგადოების რუსულ მმართველობასთან დაახლოების მიზნით, ციციანოვის დროს დაიწყეს რუსული კანონების ქართულ ენაზე თარგმნა. ზრუნავდა საქართველოში რუსული საგანმანათლებლო სისტემის დანერგვაზე. რუსული ენის შესასწავლად მოითხოვდა სკოლის გახსნას, სახელმძღვანელოებს და მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებლების გამოგზავნას.
პავლე ციციანოვის ინიციატივით, საქართველოში გაიხსნა კეთილშობილთა პანსიონატი. მის სახელთან არის დაკავშირებული ქვეყანაში საგზაო და საფოსტო კომუნიკაციების მშენებლობა; სელის, მატყლისა და ტყავის გადამამუშავებელი საწარმოების დაარსება; აფთიაქის გახსნა (1804); აღა-მაჰმად ხანის დროს განადგურებული თბილისის სტამბის აღდგენა; თეატრის გახსნა.
ციციანოვმა აღწერა თბილისის მოსახლეობა. მან საფუძველი ჩაუყარა მოსახლეობისგან დაცლილ ადგილებზე იმპერიისთვის კეთილსაიმედო ელემენტების ჩასახლებას. მის დროს შემოიღეს საქართველოში პროკურორის თანამდებობა, რათა განხორციელებულიყო კონტროლი ადგილობრივი მმართველობის ორგანოებზე.
მიუხედავად იმისა, რომ პავლე ციციანოვის საქართველოში ყოფნას მრავალი სასარგებლო წამოწყება მოჰყვა, იგი საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც რუსული რეჟიმის განმტკიცებისათვის თავდადებული მებრძოლი.
1806 წლის დასაწყისში, ბაქოს სახანოზე კონტროლის დამყარების მიზნით, ციციანოვმა მოაქცია ბლოკადაში ქალაქი ბაქო. ბაქოს ხანი – ჰუსეინ-ყული ხანი დათანხმდა თავი დამარცხებულად გამოეცხადებინა და ბაქო რუსებისთვის გადაეცა. იმავე დღეს მასთან მოსალაპარაკებლად მისული ციციანოვი ბაქოს ციხის მისადგომებთან ცეცხლსასროლი იარაღით მუხანათურად მოკლეს. დახოცეს მისი თანმხლები პირებიც. რუსეთის არმია იძულებული შეიქმნა უკან დაეხია.
ჰუსეინ-ყული ხანმა ციციანოვის მოკვეთილი თავი სპარსეთის შაჰს გაუგზავნა, მაგრამ შაჰის ზეიმი დიდხანს არ გაგრძელებულა, 1806 წლის ოქტომბერში რუსეთის არმია მიადგა ბაქოს, ხანი სპარსეთში გაიქცა, ხოლო ბაქოს სახანო რუსეთს შეუერთეს.
გამოყენებული მასალების წყარო: ვიკიპედია; /qim.ge/; ქუთათელაძე ზურაბ. ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში; მახათაძე ნინო. ქართული კულტურის კერა პეტერბურგში. XVIII-XIX სს; .nplg.gov.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





