ისტორია

როგორ იბრძოდნენ ტახტისთვის მეფე ერეკლეს შთამომავლები ანუ რატომ ვერ გაერთიანდა საქართველო

№30

ავტორი: ეკატერინე პატარაია 22:00

ისტორია
დაკოპირებულია

სოლომონ პირველის გარდაცვალებას დასავლეთ საქართველოს გავლენიანი ფეოდალების გააქტიურება მოჰყვა. იმერელი თავადების ცალკეულ დაჯგუფებებს ხელსაყრელი ვითარება შეექმნათ თავიანთი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად. ისინი ტახტის ორი პრეტენდენტის – დავით გიორგის ძისა და დავით არჩილის ძის გარშემო დაჯგუფდნენ. ეს უკანასკნელი ერეკლე მეორის შვილიშვილი იყო, რაც მისი მხარდამჭერების პოზიციებს აძლიერებდა. თავადთა ერთი ნაწილის აზრით, იმერეთში დავით არჩილის ძის გამეფებას შედეგად მოყვებოდა ქართლ-კახეთის მეფის გავლენის გაძლიერება დასავლეთ საქართველოში, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევდა იმერეთის სამეფოს გაუქმებასა და ქართლ-კახეთის სამეფოსთან შეერთებას. ამიტომ, აღნიშნული დაჯგუფება მხარს უჭერდა იმერეთში გაემეფებინათ სოლომონ პირველის ბიძაშვილი დავით გიორგის ძე, რაც პოლიტიკური ბრძოლის პირველ ეტაპზე წარმატებით მოახერხეს – 1784-1789 წლებში იმერეთს სწორედ ის მართავდა. დავით გიორგის ძის ხანმოკლე მეფობის პერიოდში იმერეთში ძალიან რთული ვითარება შეიქმნა. მისი პოლიტიკით უკმაყოფილო დიდი ფეოდალები გააქტიურდნენ და მეფის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს. ისინი განსაკუთრებულ იმედებს ამყარებდნენ დავით არჩილის ძეზე. იმერეთის გავლენიანი ფეოდალებისა და ერეკლე მეორის აქტიური მხარდაჭერით, ტახტისთვის ბრძოლაში დავით არჩილის ძემ გაიმარჯვა, რომელმაც სოლომონ პირველის პატივსაცემად სახელი შეიცვალა და სოლომონ მეორე დაირქვა. დავით გიორგის ძეს კი ტახტის დაბრუნებაზე ფიქრი არასდროს შეუწყვეტია და ყოველთვის ცდილობდა, სოლომონ მეორის მოწინააღმდეგე ძალებს დაკავშირებოდა. ხელისუფლებისათვის ბრძოლას იმერეთის სამეფოში ფეოდალური რეაქციის გაძლიერება მოჰყვა. იმერეთი ანარქიამ მოიცვა. მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს სოლომონ მეორემ შეძლო ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება და იმერეთის სამეფო კვლავ ძლიერი მმართველის ხელში აღმოჩნდა. თუ რატომ ვერ გაერთიანდა საქართველო, ვინ და რა უშლიდა ხელს ქვეყანას, ამაზე საუბარს ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი განაგრძობს:

- „იმერეთის თავადაზნაურობის, ფაქტობრივად, ყველა გვარისა და ოჯახის წარმომადგენელი, ასევე, მთელი სასულიერო ელიტა – მიტროპოლიტების, დოსითეოსისა და ექვთიმეს, მეთაურობით, გურიისა და სამეგრელოს დელეგაცია თბილისში ჩამოვიდნენ და კატეგორიულად მოსთხოვეს ერეკლეს, რომ მას უშუალოდ დაექვემდებარებინა სრულიად საქართველო, გამხდარიყო ოდიშის, გურიის, იმერეთის მმართველი. ამ დროს აფხაზეთის სამეფო უამრავ წვრილ სამფლობელოდ არის დაშლილი, სვანეთი, მინიმუმ სამ ნაწილად იყო წარმოდგენილი (სადადიანო სვანეთი, თავისუფალი სვანეთი, სადადეშქალიანო სვანეთი). რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმერეთის სამეფოს გავლენის სფეროდ მოიაზრებოდა. მიუხდავად იმისა, რომ დასვლეთ საქართველოს უდიდესი ნაწილი არისტოკრატებისა თუ სამღვდელოებისა, ასევე ქართლ-კახეთის, გარდა მისი სიძის, ბაგრატიონ მუხრან ბატონისა, მომხრე იყო ერეკლეს შეეერთებინა იმერეთის სამეფოც, ისე, რომ იმერეთში არავითარი ქვემეფე, ქვემთავარი აღარ ყოფილიყო, ერეკლეს ოჯახმა უარი ათქმევინა ამ განზრახვაზე. არსებობს სხვადასხვა ვერსია, რამ იმოქმედა ამ გადაწყვეტილებაზე. ერთნი ხედავენ უცხოურ კვალს და რატომ? იმიტომ, რომ ამ პერიოდში, როგორც იცით, ჯერ კიდევ გრძელდება რუსეთ-ოსმალეთის ომი. ოსმალეთი დასავლეთ საქართველოს 1774 წლამდე თავის პროვინციადაც კი აღიქვამდა და მიაჩნდა, რომ იქ რუსები არ უნდა ყოფილიყვნენ. მართლაც, კაცმა არ იცის, ასეთ შემთხვევაში როგორ დამთავრდებოდა რუსეთ-ოსმალეთის ომი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ოსმალეთი მანამდე ერეკლეს სთავაზობდა იმერეთისა და სრულიად დასავლეთის სამეფოს მხოლოდ იმის სანაცვლოდ, რომ ის აღარ დაუშვებდა ასეთ შეცდომას და არავითარ ურთიერთობას და არავითარ ტრაქტატს აღარ განაახლებდა რუსეთთან. რა თქმა უნდა, რუსეთის აგენტურას ძალიან ეშინოდა, რომ თუ საქართველო გაერთიანდებოდა, მაშინ რუსეთი კავკასიაში ვეღარასოდეს გადმოვიდოდა, ფეხს ვერ მოიკიდებდა. მეფე ერეკლეს მეუღლეს, დარეჯანს და დარეჯანის სხვა შვილებს აქეზებდნენ, ერეკლეს უარი ეთქვა საქართველოს გაერთიანებაზე. ეს თვით რუსეთსაც არ აძლევდა ხელს, იმიტომ რომ დასავლეთ საქართველოს შეერთება ავტომატურად ნიშნავდა, მომავალში კეთილმეზობლურ ურთიერთობას ოსმალეთთან, რაც რა თქმა უნდა, არანაირად არ შედიოდა იმდროინდელი რუსეთის იმპერიის ინტერესებში.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია აქ, თვით ერეკლე მეფის ოჯახში არსებული პრობლემა. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ თუკი იმერეთში იმეფებდა დარეჯან დედოფლის შვილიშვილი, დარეჯან დედოფლის ვაჟებს, ეს ფაქტი დამატებით ძალებს გაუჩენდა შემდგომში ქართლ-კახეთის სამეფოს ტახტისთვის ბრძოლაში. საქმე ის იყო, რომ ერეკლეს უფროსი ვაჟი, გიორგი, ამ პერიოდისთვის საკმაოდ მძიმედ არის ავად, მაგრამ ერეკლეს მაინც ცალსახად გადაწყვეტილი აქვს, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე უნდა ავიდეს გიორგი. გიორგის გარდა, ერეკლეს ყველა ვაჟი, იმ დროისთვის ცოცხლად დარჩენილ შვილთა შორის (დარეჯანის ანუ გიორგის დედინაცვლის შვილები) ყველაზე აქტიური იყო მესამე ვაჟი – ვახტანგ ალმასხან ბატონიშვილი, რომელიც სხვათა შორის, უშვილო იყო და რომელსაც ჩაბარებული ჰქონდა არაგვის მართვა და ერთ-ერთ ძლიერ ჯარის გამომყვანად, ასე ვთქვათ, ფეოდალად მიიჩნეოდა, მაგრამ მასაც თავის თვითმიზანი ჰქონდა. ბაგრატ ბატონიშვილი წერს მასზედ: თუნდაც ერთი საათით ყოფილიყო, მაგრამ ემეფაო... შესაბამისად, მას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა (ჯერ ხომ, საერთოდ არ უნდოდა გიორგის გამეფება), თუ მაინცდამაინც დასნეულებული გიორგი გამეფდებოდა, გიორგის შემდეგ ემეფა არა გიორგის ღვიძლ ძმას დავითს, არამედ ერეკლეს სხვა შვილებს, გერებს, რათა ეგებ ოდესმე ვახტანგს რგებოდა ტახტი. იყო კიდევ სხვა მიზეზებიც. მაგალითად, ის, რომ გიორგი მეთორმეტის ვაჟი, დავითი, იყო ჩვეულებრივი უზნეო პიროვნება, რომელიც აზარტული თამაშებით იყო შეპყრობილი.

მან ცოლად მოიყვანა სომეხი ვაჭრის ქალი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ფული თამაშსა და დროსტარებაში დაეხარჯა, თუმცა შემდგომში გაშორდა. მკვლელობას აბრალებდა, ჩემს ცოლს ჩემი მოკვლა უნდოდაო. ამ დროს უკვე სხვა ქალს დაადგა თვალი იმავე მიზნით, იმიტომ რომ პირველი ცოლი და მისი ოჯახი, ფაქტობრივად, გააკოტრა და ეს ხდებოდა, იცით, როდის, როცა დღის წესრიგში საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგა. მისი ალალი ბიძებიც და ნათესავებიც ხედავდნენ, რომ ეს კაცი არანორმალური იყო. გარდა ამისა, ეს კაცი იყო ვოლტერიანელი, ოღონდ ეს უმახინჯესი ფორმით ამოჩემებული. მაგალითად, პრიცნიპულად, მძიმე მარხვაში ჭამდა ხორცს, იმის სადემონსტრაციოდ რომ ის იყო ვოლტერიანელი და მისთვის მიუღებელი იყო კლასიკური მართლმადიდებლური კანონიკა. ასეთი ადამიანი მორწმუნე ერეკლესთვის (მისი ცოლი დარეჯანიც და შვილებიც, მორწმუნე ადამიანები იყვნენ) მიუღებელი იყო. მიუღებელი იყო თვითონ გიორგისთვისაც კი. დავითი არ ჩანდა მაინცდამაინც ყველაზე საუცხოო კანდიდატად, მაგრამ ნახეთ აქ როგორი სურათია: თუ მოქმედებს პირმშოების პრინციპი და ტახტი უფროს ვაჟზე გადადის, ნებისმიერ შემთხვევაში გიორგის მერე დავითი ხდება მეფე, ხომ? და, დავითი რამდენიმე მიზეზით არის მეფობისთვის მიუღებელი. ანუ, გარდა იმისა, რომ არსებობს სხვადასხვა მიზეზი დარეჯანის შვილების სახით, დავითი, კაცურად და მორალურად, ქრისტიანულად და ადამიანურად, უვარგისი ადამიანია. ეტყობა, ყველა გარემო ფაქტორი ერთმანეთს ემატება, აქ, არ არის მარტო ის, რომ გიორგი უნდა დამჯდარიყო სამეფო ტახტზე, გიორგიზე უკეთესი იულონი იყო. იულონი ყველაზე ჯანმრთელი და საკმაოდ ინტელექტუალური კაცი იყო. ასევე, ერეკლეს ოჯახის სხვა წევრებიც, ძალიან ნიჭიერი ადამიანები არიან. თუნდაც პატრიარქის, ანტონ მეორის ვაჟი, თეიმურაზი, ფრიად ინტელექტუალური ადამიანია. ალექსანდრე, ერეკლეს უმცროსი ვაჟი, ძალიან კარგი მებრძოლი იყო. იგი არასოდეს განუხილავთ ტახტის მემკვიდრედ, მაგრამ ცნობილი სარდალი იყო, საკმაოდ წარმატებული. მას ჰყავდა, ასევე, ძალიან კარგი სარდალი ივანე ბატონიშვილი, რომელიც იყო მშვენიერი მწერალი, შესანიშნავი ისტორიკოსი, გიორგი მეთორმეტის მეორე ვაჟი. არამცთუ საქართველოში, მთელი რუსეთის იმპერიაში არ იყო ისეთი სწავლული პიროვნება, როგორიც იყო სამეცნიერო ვეტერინარიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ბაგრატ ბატონიშვილი. ძალიან სერიოზული მცოდნე გეოპოლიტიკისა და მსოფლიო პოლიტიკის... ანუ არჩევანი დიდი იყო იმისთვის, რომ ერეკლეს ისეთი რამე შეემუშავებინა, რომ ერეკლეს შთამომავლებს რიგრიგობით ემეფათ. ესე იგი, გარდა იმისა, რომ ვიღაცას პირადი ინტერესები და გამეფების ამბიციები ამოძრავებდა, ამის ობიექტური მიზეზებიც არსებობდა, რომ პირდაპირ, პირმშოების პრინციპით გამეფებულებს, ანუ მემკვიდრეებს, გაცილებით სჯობდნენ სხვები. აი, თუნდაც ივანე ბაგრატიონი (რუსეთის არმიის გენერალ-პორუჩიკი, ვახუშტი ბატონიშვილის ძე. იბრძოდა რუსეთ-ოსმალეთის შვიდწლიან ომში). მას პირდაპირ ჰქონდა პროექტი, რომლის მიხედვითაც, ერეკლეს მერე უმჯობესი იყო, საქართველო რესპუბლიკად გადაქცეულიყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი