ისტორია

რომელი ქართველი ქალები იღებდნენ 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობას და როგორ დასაჯეს ისინი

№34

ავტორი: ქეთი მოდებაძე 12 წუთის წინ

მანანა ორბელიანი
დაკოპირებულია

მეცხრამეტე საუკუნის დამდეგს დაწყებული ეროვნული მოძრაობის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენდა 1832 წლის შეთქმულება, რომლის სულისჩამდგმელნი იყვნენ რუსეთში გადასახლებული ბაგრატიონთა სამეფო სახლის წარმომადგენლები. ამ შეთქმულებაში, მამაკაცებთან ერთად, მრავალი ქალი მონაწილეობდა, მათ შორის გამორჩეულია მეფე ერეკლეს შვილიშვილი, ბატონიშვილი თამარი.

1805 წელს თამარის მამა, იულონ ბატონიშვილი, ცოლ-შვილით რუსეთში, კერძოდ ტულაში, გადაასახლეს. კარგა ხნის შემდეგ მათ პეტერბურგში ცხოვრების ნება დართეს, საიდანაც თამარმა მოახერხა თავის დაღწევა და თბილისში დაბრუნება.

1832 წლის შეთქმულებაში ბატონიშვილი თამარი არა მარტო ორგანიზატორი და ინფორმატორი იყო, არამედ მას ინსტრუქციებიც კი შეუმუშავებია შეთქმულთა მთავარი შტაბისათვის – მის ხელთ იყო ყველა ძალები და საჭირო განკარგულებებსაც და გეგმებს ის იძლეოდა.

შეთქმულების მონაწილეებს გადაწყვეტილი ჰქონდათ მისი დედოფლად გამოცხადება, თუმცა თამარს აზრად ჰქონდა, დროებით აეღო ხელში საქართველოს მართვა-გამგეობა, ვიდრე ალექსანდრე ბატონიშვილი სპარსეთიდან ან თამარის ძმა, დიმიტრი პეტერბურგიდან ჩამოვიდოდა.

შეთქმულთა აჯანყება 1831 წლისათვის ჰქონდათ განზრახული, პოლონეთის აჯანყებასთან და მთის ბრძოლებთან დაკავშირებით, მაგრამ ვარშავის დაცემამ აჯანყების ერთი წლით გადაწევა გამოიწვია. თამარი დიპლომატიურ-ორგანიზაციულ მუშაობას განაგრძობდა.

თამარის მიერ დამტკიცებული მოქმედების გეგმის თანახმად (გეგმას ერქვა „პირველი ღამის განკარგულება“), 1832 წლის 20 დეკემბრის ღამის 1 საათზე თბილისის ზარებს უნდა ემცნოთ ქართველი ერის აღდგომა... არსენალი, ხაზინა, სამხედრო პოსტები, ყველაფერი ერთბაშად უნდა დაეკავებინათ. აჯანყებულთა ერთ ნაწილს ევალებოდა თბილისში ღვთისმშობლის ხატებით ხელში ხალხის გამოყვანა. კიდევ ცოტაც და თამარს სიონში შეიძლება, დედოფლის გვირგვინი დაედგა და დარიალიც სამუდამოდ ჩაკეტილიყო.

1832 წლის 9 დეკემბერს შეთქმულთა აქტიურმა წევრმა, თბილისის გუბერნატორის ძმამ, იესე ფალავანდიშვილმა, ძმის კატეგორიული მოთხოვნით, შეთქმულება გასცა და ყველაფერი დაიღუპა.

ყველა პატიმარი გააფთრებით იცავდა და ხელს აფარებდა ამ უგვირგვინო დედოფალს, მაგრამ 1833 წლის 24 თებერვალს თამარი დაიჭირეს და შორეულ სიმბირსკში გადაასახლეს.

1832 წლის შეთქმულება გახდა სტიმულის მიმცემი შემდგომი ეპოქის დიდი ეროვნული მოძრაობისა.

მეორე თვალსაჩინო წევრი შეთქმულთა იყო მამიდა თამარისა თეკლა ბატონიშვილი, სახელოვანი ქალი მეფე ერეკლესი, პოეტი და მწიგნობარი, სიბრძნითა და სათნოებით შემკული, ამასთან საკვირველი მხნე და გამჭრიახი, სამაგალითო დედა და უფრო შესანიშნავი დედაკაცი.

თეკლა, თამართან ერთად, იყო ამ შეთქმულების იდეური ხელმძღვანელი და არც მისი შვილები და არც დიმიტრი და ელიზბარ ერისთავები მის გარეშე არც ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს არ დგამდნენ. თეკლა, როგორც საქართველოს ამბოხებებში მრავალჯერ გამოცდილი და მოწამე რუსთა უსასტიკეს ეგზეკუციებისა, საქმეში ყველაზე მეტ სიფრთხილეს იჩენდა.

რუსეთის რისხვა მოხუც დედასაც არ ასცდა და თავის შვილებთან ერთად, ისიც კალუგაში გადაასახლეს. 1837 წელს, პეტერბურგის ქართველთა საზოგადოების დიდი ხვეწნით, ნიკოლოზ პირველმა მოხუც თეკლას საქართველოში დაბრუნების ნება მისცა. აოხრებული, უსახო საქართველოს გამო დარჩენილი 10 წელი თეკლამ მწარე ვაებაში გაატარა.

ბატონიშვილი რიფსიმე, გიორგი მეფის ასული, მეუღლე დიმიტრი ჩოლოყაშვილისა. რიფსიმეს არ შეეძლო ახლო მონაწილეობა არ მიეღო შეთქმულებაში, სადაც მისი ძმა – ოქროპირი, მთავარი ხელმძღვანელი იყო შეთქმულთა, ხოლო მისი შვილი – კაპიტანი ზაქარია, შეთქმულების ერთ-ერთ ემისრად და „კავშირად“ მიიჩნეოდა აჯანყებულებთან.

ბატონიშვილი სალომე, ასული 1804 წლის მთიულეთის დიდი ამბოხების გმირის, ფარნაოზისა – 1805 წელს ფარნაოზი ოჯახითურთ ვორონეჟში გადაასახლეს და პატარა სალომემ, თამარის მსგავსად, ბავშვობიდანვე იგრძნო სუსხი მაშინდელი რუსეთის „მფარველობისა“. შეთქმულების წლებში იგი პეტერბურგში ცხოვრობდა და იქაურ ქართველ ქალთა შორი ყველაზე აქტიური იყო. სალომეს გვერდში ედგა მამამისი – ერეკლეს ძე ფარნაოზი, რუსეთის მთავრობასთან წარმოებულ ბრძოლათა დაუცხრომელი ბელადი.

სამეგრელოს დედოფალი ნინო, გრიგოლ დადიანის მეუღლე, ერეკლე მეფის შვილის, გიორგი მეფის ასული. 1804 წელს ის სამეგრელოს დედოფლად იქნა გამოცხადებული. თავიდან ის, ერეკლეს მსგავსად, ლოიალურად იყო განწყობილი რუსეთის მიმართ. 1810 წელს შავი ზღვის რუსული ფლოტის დახმარებით აფხაზეთი და ფოთი კვლავ სამეგრელოს დაუკავშირა და ძველი სამეგრელოს სამთავროს საზღვრები თითქმის სულ აღადგინა. მაგრამ იმერეთის მეფე სოლომონის საბოლოო დამარცხების შემდეგ, რუსეთმა სამეგრელოს სამთავროც გააუქმა. დედოფალმა ნინომ უარყოფითი განაჩენი გამოუტანა თავისი მოღვაწეობის პირველ პერიოდს. მან დაინახა, რომ რუსეთი მტკიცედ და თანდათანობით ატარებდა საქართველოს ყველა კუთხის შეერთებისა და პროვინციად გარდაქმნის პოლიტიკას და ყველანაირად ცდილობდა, თავისი შეცდომის გამოსწორებას. რუსთა მიერ განგვირგვინებული, ვორონეჟის მონასტერში ძალად მოთავსებული დედოფალი 1847 წელს გარდაიცვალა.

მანანა ორბელიანი, მაშინდელი მოწინავე საზოგადოების თვალსაჩინო წევრი და ქართველ ქალებში თითქმის ყველაზე წარმტაცი და საინტერესო პიროვნება. ის თბილისის შეთქმულთა წევრი ყოფილა. ეს ქალი მაშინდელ და შემდეგი წლების ბნელით მოცულ საქართველოს სინამდვილეში, მართლაც შუქურ ვარსკვლავად მოსჩანს და ტყუილად კი არ აუმღერებია მაშინდელი პოეტები. მანანა მაშინდელ ქართველ ქალებში არა მარტო საუცხოო სილამაზით გამოირჩეოდა, არამედ ჭკუით, გონების სიმახვილითა და იშვიათი გემოვნებით. იმ საშინელი რეაქციის შემდეგ, რაც 1832 წლის შეთქმულებას მოჰყვა, მანანა ორბელიანი იყო დამარცხებულთა და დევნილთა ნუგეში.

გამოყენებული მასალების წყარო: https://www.allgeo.org.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი