ისტორია

რა ეროვნულ-პოლიტიკურმა ფორმულებმა ჩაუყარა საფუძველი საქართველოს გაერთიანებას

№31

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 13.08

ისტორია
დაკოპირებულია

საქართველოს შექმნა – ქართლის გარშემო ტერიტორიების ხელახლა შემოგროვება, კარგა ხნის განმავლობაში მზადდებოდა.

მას შემდეგ, რაც ვახტანგ გორგასლის მემკვიდრეთა სახელმწიფო დაასუსტეს დამპყრობლებმა – ირანელებმა, არაბებმა და ბიზანტიელებმა, ქართველი მამულიშვილები სულ ცდილობდნენ, აღედგინათ ქვეყნისა და ხალხის ერთიანობა. მიუხედავად დამპყრობლების თარეშისა, ქართველი იდეოლოგები პროფეტული ოპტიმიზმით იყვნენ განწყობილი სამშობლოსადმი და ყველაფერს აკეთებდნენ მისი აღორძინებისთვის.

დიდი მოღვაწეების დამოკიდებულება მშობელი ერისადმი დაახლოებით ასეთი იყო:

ქართველთა ქვეყანას ერგო მაცხოვრის კვართი;

ქართლის ქვეყანა და „ნათესავით ქართველთა“ კუთხეები, „ნათესავით ქართველნი“ ღვთისმშობლის წილხვედრი გახდნენ;

დაწინაურდა საგვარეულო, რომლებიც თავს მიიჩნევდნენ დავით წინასწარმეტყველის შთამომავლებად. დავით წინასწარმეტყველი გახლდათ მაცხოვრის „მამა“ – ყოვლად წმინდა ღვთისმშობლისა და მართალი იოსების წინაპარი ამქვეყნიურ გენიალოგიაში. ქართულმა იდეოლოგიამ, ქართულმა ეკლესიამ, „უდაბნოს ვარსკვლავის“, გრიგოლ ხანძთელის პირით, მერვე-მეცხრე საუკუნეების მიჯნაზე აღიარა ბაგრატიონები დავით წინასწარმეტყველის მემკვიდრეებად (სავარაუდოდ, მანამდეც აღიარებდნენ). მამა გრიგოლმა აშოტ დიდი კურაპალატი ცნო დავითიანად, რომლისგანაც გამოვლენ მეფეები, რომელთა დინასტიაც იქნება მუდამ, სანამ ადამიანთა ამქვეყნიური სამყარო იარსებებს. მაშასადამე, ერთიანი საქართველოს მომავალი სამეფო ტახტი, მანამდე კი „ქართველთა სამეფოს“, ზემო ქართლის (ტაო-კლარჯეთის) სამეფო ტახტი, იგივე, წმიდა ისრაელის წმიდა მეფეების, დავითისა და სოლომონის სამეფო ტახტია, ვინაიდან, ბაგრატიონები დავითისა და სოლომონის მემკვიდრეებია;

საქართველოს ეკლესიის წიაღში შეიქმნა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფორმულა: „ქართლად ფრიადი ქუეყანაè აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაè ყოველი აღესრულების“. ეს ფორმულა, შესაძლოა გრიგოლ ხანძთელისა და მისი მოწაფეების შექმნილი იყოს, თუმცა, ვფიქრობ, უფრო ძველია, იმდროინდელია, როცა დასავლეთ საქართველოდან ბიზანტიის ეკლესიის მიერ ნაძალადევად დადგენილი ბერძნული ენის მოცილებაზე ზრუნვას იწყებენ ჩვენი წინაპრები და ქართულის აღორძინებას. სიტყვა აღორძინება შემთხვევით არ მიხმარია, ვინაიდან, მოციქულთა მიერ დაარსებულ ქრისტიანულ თემებში, მთელ საქართველოში ქართულ ენაზე მიმდინარეობდა ლოცვა და მერე უკვე ვრცელი საეკლესიო ლიტერატურა ითარგმნა ქართულად. მეტიც, ივანე ჯავახიშვილის დასკვნით, ქართული ენა იყო მთელი ქართველური ტომების, მათ შორის მეგრელთა, ლაზთა და სვანთა საკულტო ენა წარმართულ ხანაში. გრიგოლ ხანძთელის პერიოდში, გაცილებით ადრეც, ქართული ენა განიმტკიცებდა, იბრუნებდა საკულტო ენის ოფიციალურ სტატუსს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ცოტა ხნის მერე, მეათე საუკუნეში, შეიქმნა ქართული ენისა და ქართველი ხალხის სადიდებელი – „ქებაè და დიდებაè ქართულისა ენისაè“, რომელშიც იოანე-ზოსიმე იგავურად გვეუბნება: რომზე ნაკლები არ არის ქართველთა ქვეყანა; რომაელთა (და ბერძენთა) ენაზე ამაღლებულია ქართველთა ენა; ამ ენაზე განისჯება კაცობრიობა; საქართველო, ქართველობა არის ქრისტეს უახლოესი მეგობარი – ლაზარე! საქართველოს დიდი მომავალი აქვს...

ძველი აღთქმის რჩეული ხალხი იყო ისრაელი, ახალი აღთქმის მიხედვით, ღვთის რჩეული ხალხი, ახალი ისრაელი არის ქრისტიანული სამყარო. ქრისტიანულ სამყაროს უნდა ჰქონდეს ცენტრი, მეტროპოლია, ან რამდენიმე ცენტრი, რამდენიმე მეტროპოლია. ქრისტიანული სამყაროს ცენტრი (ცენტრები) მიიჩნეოდა ის ქალაქი, თუ ქვეყანა, რომელიც იქნებოდა ქრისტიანული სამყაროს პოლიტიკური და სულიერი ცენტრი (ცენტრები). ასეთი იყო რომი და ახალი რომი, კონსტანტინოპოლი, ამას გარდა, ასეთივე შეიძლებოდა ყოფილიყო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, სადაც დაივანა ქრისტეს კვართმა და სადაც ტახტზე ისხდნენ დავითისა და სოლომონის, ძველი ისრაელის წმიდა მეფეეების შთამომავლები, მემკვიდრეები - ბაგრატიონები;

მაშასადამე: ქართველთა ქვეყანა, ყოვლადვ წმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა არის ღვთის რჩეული ხალხის, ახალი ისრაელის ცენტრი, მეტროპოლია (ცენტრალური ქვეყანა) – ახალი იერუსალიმი, სადაც დგას ძველი ისრაელის წმიდა მეფეების შთამომავლების ტახტი, ანუ ტახტი დავითიანთა. ღვთის რჩეული ხალხი კვლავ იმართება დავითიანთა, ქრისტეს ნათესავთა ხელით. ქართველებს აჩუქა ქრისტემ თავისი ერთადერთი ამქვეყნიური ქონება – კვართი;

მაშასადამე, საქართველო ქრისტიანობის ერთ-ერთი ბურჯია, ცენტრია, ქრისტიანობის ერთ-ერთი სიწმინდეა, საქართველო ქრისტიანობის ერთ-ერთი ხატებაა!..

საქართველოსთვის მსახურება ქრისტეს მსახურებაა...

ზემოთ მოყვანილმა იდეოლოგიამ, ფორმულებმა და ამ იდეოლოგიაზე აღზრდილმა პოლიტიკურმა და საეკლესიო ელიტამ ქართული ქვეყნების სამეფო ტახტებზე აიყვანა ღვთის რჩეული ადამიანი, სამი სამეფოს, შვიდი მეფის მემკვიდრე ბაგრატ მესამე. იგი პირველად გაამეფეს აფხაზეთში, თუმცა, მამის მხრიდან ქართველთა მეფის ოჯახიდან იყო, თავიდან, პოლიტიკაში შემოიყვანეს, როგორც ქართლის ერისთავი ანუ ქვეყანას ქართლის (ქართველთა) საკრალური მნიშვნელობა აერთიანებდა.

ბაგრატ მესამემ ზემოთ აღნიშნული ფორმულები პოლიტიკურ რეალობად აქცია. წამოიწყო და გააგრძელა, იოანე მარუშისძის, დავით მესამე დიდი კურაპალატის, გურგენ მეფეთა მეფის, გურანდუხტ დედოფლისა და სხვა დიდის პოლიტიკოსების დახმარებით, მხარდამხარ და შემდეგ.

ბაგრატ მესამემ გააერთიანა აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს ქართველთა), ქართველთა (სამხრეთ-დასავლეთის ქართველთა), კახთა და ჰერთა (აღმოსავლეთ ქართველთა) ქვეყნები.

ეს იყო პოლიტიკური, სულიერი და საკრალური აქტიც. ქართლად აღორძინდა, ქართლად კვლავ იქცა მთელი „ნათესავით ქართველთა“, „ქართველური“ სამყარო, როგორც ფარნავაზისა და ვახტანგ გორგასლის დროს. მალე სიტყვიდან ქართლი წარმოსდგა სიტყვა – საქართველო.

ამიტომ მემატიანე მასზე აღფრთოვანებული წერს:

„ესე ბაგრატ, აფხაზთა და ქართველთა მეფე წარემატა ყოველთა ხელმწიფეთა ყოვლითა განგებითა. ამისდა შემპოვნედ და ამისდა მოაჯედ შეიქმნეს ყოველნი ხელმწიფენი, მახლობელნი და მოთაულნი მამულისა და სამეფოსა მისისანი, მოლაშქრედ, ვითარცა თïსნი და მისანდობელნი. და დაუმორჩილნა ღმერთმან ყოველნი მტერნი და წინა-აღმდგომნი მისნი; მომადლა დღეთა მისთა მშïდობა და დიდი დაწყნარება ქუეყანისა. და უკეთუ ვინ-მე ინებოს თïთოეულად წარმოთქმად ყოველთა განგებულებათა მისთა, მოუძლურდეს ძალი მისი, რომელთაგან მცირედი წარმოვთქუ ჟამთა სიგრძისაგან არა-დავიწყებისათèს.

და ვთქუა ესე-ცა, რომელ შემდგომად დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა არა-ვინ გამოჩენილ არს სხუა მსგავსი მისი დიდებითა და ძალითა, და ყოვლითა გონებითა; ეკლესიათა მაშენებელი იყო, გლახაკთა მოწყალე და სამართლის-მოქმედი ყოველთა კაცთათèს.

საუკუნეების წინ შექმნილმა ფორმულებმა შედეგი მოიტანეს – კვლავ გაერთიანდა ნათესავით ქართველთა ქვეყნები ერთ ქვეყნად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

13 -19 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ნუგზარ კვაშალი

რატომ ვერ გაიხსნა 49 წლის განმავლობაში ნუგზარ კვაშ...