ისტორია

რა დამსახურება მიუძღვის ბაგრატიონების წინაშე ჰულაგუ ყაენს

№1

ავტორი: გაიოზ მამალაძე 22:00 13.01

ისტორია
დაკოპირებულია

(იბეჭდება შემოკლებით)

1177 წელს დაიწყო დიმიტრი-დემნა უფლისწულის აჯანყება. იგი ტახტის მემკვიდრედ მიიჩნეოდა - მამამისი, გარდაცვლილი დავით მეხუთე, ძმაზე, მოქმედ მეფე გიორგი მესამეზე უფროსი იყო, თან მეფე გიორგის მხოლოდ ქალიშვილები ჰყავდა, ქალის ტახტზე ასვლა კი წარმოუდგენელი გახლდათ საქართველოში და მსოფლიოს უდიდეს ნაწილში. ამგვარად, ტახტზე ბიძის მერე დემნა ავიდოდა. მაგრამ, საქართველოს დიდებულების დიდი ნაწილი შეითქვა დემნას გამეფების დასაჩქარებლად, დემნაც დაიყოლიეს და აუჯანყდნენ მეფე გიორგის. აჯანყება მარცხდებოდა, დემნა-დიმიტრი სინანულის ნიშნად ყელზე საბელშებმული ჩაბარდა მეფე გიორგის, შენდობა და მხოლოდ სიცოცხლე ითხოვა.

ბიძა-მეფემ, საბოლოოდ, დააკოდინა დემნა და დააბრმავებინა, რომ მეფედ ვერ ევარგა და შთამომავლობაც არ მისცემოდა. დემნა სასჯელს გადაჰყვა. ამგვარად გარდაიცვალა დავით აღმაშენებლის უკანასკნელი მამრობითი შთამომავალი, რომლისგანაც შეიძლებოდა გაგრძელებულიყო ბაგრატიონთა გვარი. რომლისგანაც შეიძლებოდა გაგრძელებულიყო ბაგრატიონთა დნმ, ბაგრატიონთა გენეტიკა. ქალის მხრიდან მამრობითი დნმ არ გრძელდება, ამიტომაცაა, პატრიარქალურ ქვეყნებში გვარი რომ მამრობითი ხაზით გადადიოდა.

თამარ მეფე ჯერ რუს უფლისწულზე, მერე კი ოვსთა უფლისწულზე გაათხოვეს. უფრო გვიანდელი გადმოცემების მიხედვით, თამარ მეფის მეორე ქმარი, კონსორტი (არამოქმედი) მეფე დავით სოსლანი იყო ბაგრატიონთა ნათესავი, უფრო კონკრეტულად კი, გიორგი პირველის მეორე ვაჟის, დიმიტრი უფლისწულის შთამომავალი, რომელიც მეფე გიორგის ოსთა მეფის ასულისგან, ალდესგან ჰყავდა. დიმიტრი გიორგის ძე ახალგაზრდა გარდაიცვალა, მისი ვაჟი დავითი კი, გადმოცემით, ბებია ალდემ ოვსთა ერთ-ერთ სამეფოში გაამეფა. მისი შთამომავალი იყო დავით სოსლანი.

დავით სოსლანის ბაგრატიონობაზე ჩვენც გვაქვს ერთი სავარაუდო არგუმენტი, რომლის გამოქვეყნებასაც სხვა დროისთვის გადავდებთ.

თამარ მეფის შთამომავლობა ბაგრატიონთა გვარს აგრძელებდა, თუნდაც არ ყოფილიყო სოსლანი ბაგრატიონი, ვინაიდან, მეფე იყო თამარი, ხოლო შთამომავლობა მეფის გვარის - გამგრძელებელი.

თამარისა და დავით სოსლანის ვაჟს, ლაშა-გიორგის მხოლოდ ერთი ძე ჰყავდა, დავითი. ლაშას გარდაცვალების შემდგომ, ლაშასავე ანდერძით, მეფის ტახტი დროებით უნდა დაეკავებინა მის დას, რუსუდანს, აღეზარდა ლაშას ძე და მერე მისთვის დაეთმო ტახტი. ლაშას გადაწყვეტილი ჰქონდა რუსუდანის გათხოვება შირვანშაჰზე. ლაშა მეფის გარდაცვალებამ რუსუდანისა და შირვანშაჰის ქორწინება ჩაშალა. მეფე ქვეყნიდან ვერ გავიდოდა, სხვაგან ვერ გათხოვდებოდა, ვერც სხვა ქვეყნის მონარქს, შირვანშაჰს მოიყვანდნენ საქართველოს, თუნდაც, კონსორტ მეფედ.

რუსუდანმა იქორწინა მასზე, ვინც მოსწონდა. რუმის სულთნის შვილიშვილზე, აზრუმის მელიქის ვაჟზე, რომელიც მაშინ ჩვენს სამეფო კარზე იყო მძევლად. მეფის ქმარმა მიიღო ქრისტიანობა. რუსუდანი ზრდიდა მემკვიდრეს, დავით ლაშას ძეს. რუსუდანს ჯერ ქალიშვილი, მერე კი ვაჟი შეეძინა და გადაწყვიტა, ტახტი თავისთვის დაეტოვებინა და საკუთარი შვილისთვის გადაეცა და არა ძმისშვილისთვის.

რუსუდან მეფემ თავისი ქალიშვილი გაათხოვა თავისივე ქმრის ნათესავზე, რუმის სულთანზე, მაყრად გააყოლა ძმისწული და სიძეს, რუმის სულთანს ციხეში ჩააგდებინა მაყარ-ბიძაშვილი, ლაშას ძე. თავისი ხუთი წლის ვაჟი კი თანამეფედ აკურთხებინა დასავლეთ საქართველოს სასულიეროებს და დიდებულებს. იმ დროს აღმოსავლეთ საქართველოში ჯალალედინი ბატონობდა.

ამგვარად, დავით სოსლანის გენეტიკური შთამომავალი, დნმ-ის გამგრძელებელი დავით ლაშას ძე გაიწირა სასიკვდილოდ და რუსუდანის ვაჟი, თურქთა სელჩუკიდი სულთნების გენეტიკური შთამომავალი, სელჩუკთა დნმ-ის მატარებელი (თუმცა, ქართულად აღზრდილი და მომავალში საქართველოს შესანიშნავი მეფე დავით ნარინი), დავით რუსუდანის ძე გახდა ტახტის მემკვიდრე.

აღარავის ახსოვდა თუ ცოცხალი იყო დავით ლაშას ძე. ამასობაში, კავკასიაში მოვიდნენ მონღოლები. დაიკავეს აღმოსავლეთ საქართველო. რუსუდანი ისევ ქუთათისში გაიქცა. მონღოლები მოელაპარაკნენ მეფეს, აღიარე ჩვენი ბატონობა, მეფობას ვაღიარებთ შენსას და შენს ვაჟს ტახტს გადავცემთო. რუსუდანი დაჰყვა მონღოლთა ნებას და თავისი ვაჟი გაუგზავნა მონღოლ ნოინ-სარდლებს მეფედ დასამტკიცებლად.

ნოინებმა დავით რუსუდანის ძე გააგზავნეს ჩრდილოეთ კავკასიაში, ბათო ყაენთან, ბათომ, ორი წლის მერე გააგზავნა ყარაყორუმში, მთავარ ყაენთან. ამასობაში რუსუდან მეფე მოკვდა ისე, რომ შვილის შესახებ არაფერი იცოდა.

საქართველოში დაიწყო უმეფობის წლები. იმ ხანად ტფილისში ჩამოაღწია დავით ლაშას ძის ერთგული მსახურის, სოსანას მიერ გამოგზავნილმა ინფორმაციამ, რომ უფლისწული დავითი ცოცხალი იყო და იმყოფებოდა ტყვეობაში, ხაროში ჩაგდებული.

ამასობაში, მონღოლებმა ქოსე-დაღის ბრძოლაში დაამარცხეს რუმის სულთანი, რუსუდანის სიძე და დაიმორჩილეს ვასალად.

ქართველი დიდებულები ეახლნენ დიდი ყაენის, მუნქეს მიერ ჩვენი რეგიონის მმართველად დანიშნულ მის ძმას, უფლისწულ ჰულაგუს (მომავალ ილხანს, საილხანოს ყაენს) და მოსთხოვეს ჩვენი უფლისწულის გამოხსნა თურქთა ტყვეობიდან, ვინაიდან სხვას, გარდა მეფეთა ნათესავისა, არ შეგვიძლია დავემორჩილოთო.

ძალიან საინტერესოა, რომ მონღოლები დაპყრობილ ტერიტორიებს ძირითადად თავის იმპერიას უერთებდნენ პირდაპირ, მაგალითად: ირანი, ჩინეთი, ხორეზმი და სხვა, ჩვენს რეგიონში კი ცოტა სხვაგვარი პოლიტიკა აწარმოეს და ვასალობა, მყარი მყადნაფიცობა გვაკმარეს ქართველებს, ტრაპიზონს კეისარს და რუმის სულთანს.

ჰულაგუმ გააგზავნა რუმში სარგის თმოგველი და ვარამ გაგელი, თავის ელჩთან, გურაგ მოციქულთან ერთად და თავის ვასალს, სულთან ყიას ედ-დინ ქეიხოსროვ მეორეს მოსთხოვა დავით ლაშას ძის გათავისუფლება.

წამოიყვანეს დავით უფლისწული ვარამმა და სარგისმა, ტფილისში დიდი სიხარულით დახვდნენ გადარჩენილ უფლისწულს, მომავალ მეფე დავით ულუს ქართველები.

მონღოლმა ნოინებმა ისიც ჩრდილო კავკასიაში გააგზავნეს ჩინგიზიდთა გვარის მეთაურთან, ბათოსთან. ბათომ ისიც ყარაყორუმში გააგზავნა, დიდ ყაენთან.

... გავიდა დრო, დავით ნარინის შთამომავლობა შეწყდა, ბაგრატიონთა გვარი კი დავით ულუსგან გაგრძელდა.

ასე გადაარჩინა ლაშა გიორგის შვილი, ლაშა-გიორგის დნმ, გენეტიკა ჩინგიზ ყაენის შვილიშვილმა ჰულაგუმ.

ჰულაგუს სხვა დამსახურებაც აქვს ბაგრატიონთა წინაშე, რასაც მერე გიამბობთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

3- იანვარი - 5 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი