გულახდილი საუბრები

ვნანობ, რომ ჩემს შვილს მამინაცვალი მოვუყვანე სახლში

№33

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 22.08

დედის აღსარება
დაკოპირებულია

გვიან ასაკში გავთხოვდი, ვიცოდი, ქმარი არ გამომადგებოდა, მაგრამ არ მინდოდა, შვილი უკანონოდ გამეჩინა. ხელი მოვაწერე მასთან, ვიწრო წრეში აღვნიშნეთ და მის გვერდით მთელი ორი წელი ჯოჯოხეთში ვიცხოვრე. ბავშვი რომ სამი თვის გახდა, გავშორდი. სამწუხაროდ, არც ქმრად ივარგა და არც მამად. 

იცის, ჩემს შვილს არაფერს მოვაკლებ, მაგრამ მისგან ყურადღება ძალიან სჭირდება. უვარგისი მამაა და ალბათ, გავა წლები და მერე ინანებს მის ასეთ დამოკიდებულებას შვილისადმი. ერთი სიტყვით, არ ვარ ისეთი ადამიანი, გრძნობას ავყვე, თუმცა, ასე მოხდა. შემიყვარდა ადამიანი, რომელიც ერთი შეხედვით, იმდენად კარგი ჩანდა, ვიფიქრე, სიბერეში მარტო არ დავრჩები, ჩემი შვილი თავის გზას ნახავს და მე ამ ადამიანთან ერთად ტკბილად გავატარებ სიბერეს-მეთქი. თურმე, როგორ შეუძლიათ მამაკაცებს თამაში. სანამ ცოლად გავყვებოდი, თავს მევლებოდა. იცოდა, შვილი მყავდა და მპირდებოდა საკუთარივით გავზრდი, ჩვენებიც გვეყოლება და ერთად დიდი ოჯახი ვიქნებითო. კიდევ კარგი, მასთან შვილი არ მყავს. სანამ ცოლად გავყვებოდი, თავი მოიკლა, ქმართან ოფიციალურად განქორწინდიო. მერე მივხვდი, რასაც უმიზნებდა. რაიონიდან არის წარმოშობით და მასთან რომ მოვაწერე ხელი, საცხოვრებლად ჩემს ბინაში გადმოვიდა. დედაქალაქში ჩაწერა რომ გაინაღდა, მერე ასწია თავი და გათამამდა. ხან დედა ჩამოიყვანა სტუმრად და თვეობით ჩამისვა ჩემს სახლში, ხან და და ხან დისშვილები. ერთი კვირა არ ვყოფილვართ მარტო. არასოდეს გამომითქვამს პრეტენზია, ვითმენ, მაგრამ თვეების წინ, ბავშვს უხეშად მიმართა და შენიშვნა მივეცი. არ ესიამოვნა. ავუხსენი მშვიდად და ადამიანურად, რომ ბავშვი ისედაც ტრავმირებულია, აკლია მამის სითბო, ხელისგულზე მყავს გაზრდილი და მეორედ ასე აღარ მოექცე-მეთქი. შემპირდა, მაგრამ მალევე იგივე გაიმეორა. ცოტა მკაცრად რომ ვუთხარი, იქით ამიმაღლა ხმა. მივხვდი, შარზე იყო, ბავშვი ამოიძულა და მისი ხმადაბალი საუბარიც კი ყვირილად ეჩვენებოდა. რასაკვირველია, შევეკამათე და ისეთი გამომიქნია სანთებელა, თავი რომ არ გამეწია, სახეში მომხვდებოდა. ვიჩხუბეთ და ის ღამე ტირილში გავატარე. არც მოუბოდიშებია. მეორე დილით ადგა, ისაუზმა და ისე წავიდა სამსახურში, ვითომც არაფერი. მე კი დავრჩი გულგახეთქილი. ბავშვი ხვდება, რომ მის მიმართ აგრესიაულია, თუმცა არაფერს მეუბნება. მე დედა ვარ და ვხვდები, როგორ განიცდის. ბიჭია და არ მინდა, ეს გულში ჩახვეული დარდი, მოზრდილობაში აგრესიად გადაეზარდოს. ვერც ვშორდები, მრცხვენია ახლობლების, რომლებიც წინააღმდეგები იყვნენ ჩემი ამ კაცზე დაქორწინების. ეს კი ისე კომფორტულად გრძნობს თავს, არსად წამსვლელი არ არის. ჩემი შვილის წინაშე დამნაშავედ ვგრძნობ თავს. ძალიან შევცდი, არ უნდა გავთხოვილიყავი და ჩემი შვილის ბედნიერებისთვის უნდა მეცხოვრა.

მაიკო, 47 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა