გულახდილი საუბრები

სად გადის ზღვარი ნამდვილ სიყვარულსა და ემოციურ დამოკიდებულებას შორის

№29

ავტორი: დალი მიქელაძე 55 წუთის წინ

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

სიყვარული, წესით, ადამიანის ცხოვრებაში სიმშვიდეს, უსაფრთხოებასა და ბედნიერებას უნდა უკავშირდებოდეს. თუმცა, რეალობა ხშირად სრულიად განსხვავებულია. თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველაზე ძლიერ გრძნობებს სწორედ იმ ურთიერთობებში განიცდიან, სადაც ყოველდღიურად ტკივილს, დამცირებას, უარყოფასა და ემოციურ მანიპულაციას აწყდებიან.

ფსიქოლოგები ამას ტოქსიკურ ემოციურ დამოკიდებულებას უწოდებენ. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი უკვე აღარ არის შეყვარებული მხოლოდ პარტნიორზე, ის დამოკიდებული ხდება იმ ემოციურ რყევებზე, რომელსაც ეს ურთიერთობა იწვევს. სწორედ ამიტომ, ხშირად ყველაზე რთული გასაშვები ის სიყვარულია, რომელიც ყველაზე მეტად გვანგრევს.

რატომ გვიყვარდება ადამიანი, რომელიც გვატირებს? რატომ გვგონია, რომ ერთ დღეს აუცილებლად შეიცვლება? და სად გადის ზღვარი ნამდვილ სიყვარულსა და ემოციურ დამოკიდებულებას შორის?

ამ თემაზე საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს 38 წლის ქალი, რომელმაც ტოქსიკურ ურთიერთობაში თითქმის ცხრა წელი გაატარა. მისი ვინაობა კონფიდენციალურობის მიზნით შეცვლილია.

– ხშირად ამბობენ, რომ ყველაზე რთული იმ სიყვარულის დავიწყებაა, რომელმაც ყველაზე მეტად გვატკინა. თქვენ შემთხვევაშიც ასე იყო?

თიკო (38 წლის): დიახ და ამას ძალიან გვიან მივხვდი. როდესაც ყველაფერი დასრულდა, მეგობრებმა მითხრეს: ახლა მაინც შვებით ამოისუნთქეო. მაგრამ მე შვება არ მიგრძნია. პირიქით. თითქოს რაღაც წამართვეს. ადამიანი, რომელიც ყოველდღე მატირებდა, მაინც მენატრებოდა. მაშინ პირველად შემეშინდა საკუთარი თავის.

– როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა?

– ჯადოსნური ზღაპარივით. ჩემ მიმართ ისეთი ყურადღებიანი იყო, რომ მეგონა, ასეთი სიყვარული მხოლოდ ფილმებში არსებობდა. დღეში ათჯერ მირეკავდა, მეუბნებოდა, რომ განსაკუთრებული ვიყავი. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს მთელი ცხოვრება მე მელოდა. დღეს უკვე ვიცი, რომ ტოქსიკური ურთიერთობების დიდი ნაწილი სწორედ ასე იწყება – ზედმეტად კარგად და ლამაზად.

– როდის იგრძენით, რომ რაღაც შეიცვალა?

– ალბათ, მაშინ, როდესაც ჩემი თავისუფლება ნელ-ნელა გაქრა. თავიდან ეს მზრუნველობა მეგონა. სულ მეკითხებოდა: „სად ხარ? ვისთან ხარ? როდის დაბრუნდები?.. მეგონა, უბრალოდ, ძალიან ვუყვარდი და ჩემ გარეშე ვერ ძლებდა. მაგრამ შემდეგ დაიწყო: „ასე ნუ ჩაიცვამ, ამ მეგობარს აღარ შეხვდე, შენს ოჯახს ჩემზე ცუდი გავლენა აქვს...“ და მაინც ვპოულობდი ამ ყველაფრის გამართლებას.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ძალიან მეშინოდა მისი დაკარგვის. არადა, რომ მკითხოთ, რის დაკარგვას ვუფრთხილდებოდი, პასუხი არ მაქვს. მაგრამ მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა.

– იყო ისეთი მომენტი, როდესაც წასვლა გადაწყვიტეთ?

– დიახ, იყო. არაერთხელ. ჩავალაგე ჩანთა და დედასთან გადავედი. ტელეფონის ნომერიც კი შევცვალე... მაგრამ ყოველთვის მაბრუნებდა – ყვავილებით, ბოდიშებით, ცრემლებით... სიყვარულს მიმტკიცებდა, მეუბნებოდა, უშენოდ ვერ ვსუნთქავო და მეც ისევ მჯეროდა.

– ამბობენ, რომ ტოქსიკურ ურთიერთობებში ყველაზე ძლიერი და ემოციური სწორედ შერიგების პერიოდია.

– ზუსტად ასეა. ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი, როცა დიდი ჩხუბის შემდეგ ვრიგდებოდით. მეგონა, აი, ახლა კი ყველაფერი შეიცვლებოდა. იმ რამდენიმე დღეს მთელი გულით ვცხოვრობდი. ბედნიერი ვიყავი. შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყებოდა.

– და დღე, როცა მიხვდით, რომ ეს სიყვარული აღარ იყო?

– ერთხელ სარკეში ჩავიხედე და საკუთარი თავი ვერ ვიცანი. აღარ ვიცინოდი. აღარ ვხვდებოდი მეგობრებს. აღარ მქონდა ჰობი. ყველა გადაწყვეტილების მიღებისას იმაზე ვფიქრობდი, როგორმე არ გაბრაზებულიყო. მაშინ მივხვდი, რომ სიყვარული კი არ დავკარგე... საკუთარი თავი დავკარგე.

– რა იყო ყველაზე მძიმე?

– ის, რომ უკვე აღარ მჯეროდა საკუთარი აზრის. თუ მეტყოდა, რომ პრობლემა ჩემში იყო, ვიჯერებდი; თუ მეტყოდა, რომ ზედმეტად ემოციური ვიყავი, ვიჯერებდი; თუ მეტყოდა, რომ ჩემნაირს სხვა არავინ აიტანდა, ამასაც ვიჯერებდი. დღეს ეს ყველაფერი წარმოუდგენლად მეჩვენება. მაგრამ მაშინ ეს ჩემი ყოველდღიურობა იყო.

– ბევრ ქალს სწორედ ამ სიტყვების შემდეგ უჩნდება კითხვა: „რატომ არ წავედი“?

– ამიტომ, რომ ტოქსიკური სიყვარული ჯაჭვი არ არის. ის უხილავია. გარედან ყველას ჰგონია, რომ თავისუფალი ხარ, შიგნიდან კი გგონია, რომ მის გარეშე ვეღარ იცოცხლებ. სწორედ ეს არის ყველაზე საშიში. ყველას ვურჩევ, მალე გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი