მინდოდა, მრავალშვილიანი დედა ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემი ქმრის გამო მხოლოდ დედისერთა მყავს
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 30.07
არ ვიცი რატომ, მაგრამ სულ მინდოდა მრავალშვილიანი დედა ვყოფილიყავი და ჩემს სახლში სულ ბავშვების ჟრიამული ყოფილიყო. თავად ერთი და მყავდა და ხუთი წლის ასაკში გარდამეცვალა. მაშინ მე ათი წლის ვიყავი და იმ დღის მერე ჩვენს სახლში თითქოს ყველა დადუმდა, სახლი დაცარიელდა, ყველაფერი ჩაკვდა. არ გამივლია ის ხალისიანი წლები, რაც წესით, უნდა გამევლო და ვყოფილიყავი ბედნიერი ბავშვი თუ თინეიჯერი. მახსოვს, ჩემი დის საფლავზე რომ ავდიოდი, სულ ვეუბნებოდი:
მე რომ გავთხოვდები, ბევრ შვილს გავაჩენ და ერთს აუცილებლად დავარქმევ შენს სახელს-მეთქი. თუმცა ეს დაპირება ვერ ავუსრულე. სოფელში გავიზარდე და იქ დასასვენებლად ჩამოსული მეზობლის ნათესავი გავიცანი. არდადეგებს ჩვენს სოფელში ატარებდა და სულ ერთად ვიყავით. ისიც ჩემი ტოლი იყო, მეათე კლასში და ერთმანეთი მოგვეწონა. მაშინ კი გვეგონა გვიყვარდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ეს ბავშვური გატაცება იყო, ვნება, რომელიც სამწუხაროდ, მერე ტოქსიკურ ურთიერთობაში გადაიზარდა და დღემდე ამ მდგომარეობაში ვარ. მოკლედ, სტუდენტები რომ გავხდით და მეც დედაქალაქში ჩამოვედი, მერე უფრო ხშირად ვხედავდით ერთმანეთს. ერთ დღესაც მეგობრებთან ერთად ვიყავით, ცოტა დავლიეთ და ვთქვით: მოდი, გავიპაროთ და დავოჯახდეთ! ჰოდა, დავკარით ფეხი და გავიპარეთ. სიმართლე გითხრათ, ჩემს ოჯახს ნამდვილად არ უნდოდა ჩემი ადრეულად გათხოვება. უნდოდათ, მესწავლა, დავბრუნებულიყავი ჩემს მშობლიურ სოფელში და მათთან ახლოს გავთხოვილიყავი, რომ სიბერეში ყურადღება მიმექცია. მე კი ახალგაზრდა ვიყავი, თან, ჩემი დის წლების გლოვის მერე, თბილისში ჩამოსულმა დამოუკიდებლად რომ დავიწყე ნაქირავებ ბინაში ცხოვრება, პირველად გავიხარე და გავლაღდი. ერთი სიტყვით, გავთხოვდი და ჩემები რაღას იზამდნენ, როგორც შეეძლოთ დამიდგნენ გვერდში. სამწუხაროდ, ჩემი ქმარი არ აღმოჩნდა მეოჯახე კაცი. სულ უბანში იჯდა, ბიჭებთან ერთად, ლუდის ბოთლით ხელში და საყვედურს რომ ვეუბნებოდი, მპასუხობდა: მადლობა თქვი, რომ ლუდს ვსვამ და „წამალს“ არ ვიჩხირავო. ხშირად ვკამათობდით და მერე მივხვდი, რომ ამ კამათსაც არ ჰქონდა აზრი, უნდა ამეტანა ან დამენგრია ოჯახი. დედამისი და მამამისი კარგი ადამიანები არიან, საოცარი დედმამიშვილები ჰყავს – ორი ძმა. მათ ძალიან ვუყვარვარ და პატივს მცემენ. სამწუხაროდ, ერთი შვილი რომ გავაჩინე, მივხვდი, ჩემი ოცნება – მყოლოდა მეტი, ოცნებად დარჩებოდა. ჩემს შვილს მამური სითბო არ უგრძნია. ჩვილობის დროს ხელშიც კი არ აუყვანია. რომ წამოიზარდა და ბაღში დაიწყო სიარული, სულ რამდენჯერმე გამოიყვანა საბავშვო ბაღიდან, ისიც მაშინ, სამსახურიდან რომ მაგვიანდებოდა და ვურეკავდი. სკოლაში ისე შევიდა და დაამთავრა, მამამისს თავი არ შეუწუხებია. სხვათა შორის, დედაჩემი სულ მეუბნებოდა: შვილო, კიდევ გააჩინე შვილები, დედმამიშვილზე ტკბილი არაფერია. მე და მამაშენი, რომ აღარ ვიქნებით, ხომ ხედავ, მარტო რჩები და შენს შვილებს მაინც დაუტოვე ერთმანეთი საიმედოდო. დედას ჩემს ყოფას ვუმალავდი, არ მინდოდა, ენერვიულა, თუმცა ხვდებოდა. ასე რომ, მრავალშვილიანობაზე მეოცნებე გოგო, ერთადერთი შვილის ამარა დავრჩი. მადლობა ღმერთს, ჩემი ბიჭი ხასიათით მამას არ ჰგავს. მშრომელია, უყვარს სწავლა-განვითარება, სულ დაკავებულია და ზუსტად ვიცი, ცოლისთვისაც საუკეთესო მეორე ნახევარი იქნება და მომავალი შვილებისთვისაც – საუკეთესო და მზრუნველი მამა. მხოლოდ ეს მამშვიდებს, თორემ მე ჩემს ბედს წლებია, შეგუებული ვარ.
მაიკო, 39 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




