გულახდილი საუბრები

რას ფარავს რეალურად „ძლიერი ქალის“ იმიჯი

№30

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 07.08

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

თანამედროვე საზოგადოებამ თითქოს ქალის ახალი იდეალი შექმნა – ქალი, რომელსაც დახმარება არ სჭირდება, რომელსაც ერთდროულად შეუძლია, ოჯახიც, კარიერაც, შვილებიც, ბიზნესიც, პასუხისმგებლობაც და საკუთარ თავზე ზრუნვაც. ქალი, რომელიც არასოდეს ტირის, არასოდეს ნებდება და ყოველთვის გამოსავალს პოულობს.

დიახ, გარედან ყველაფერი თითქმის იდეალურად ჩანს: კარიერა, ფინანსური დამოუკიდებლობა, საკუთარი აზრი, თავდაჯერებული ნაბიჯები, მოწესრიგებული გარეგნობა, მაღალი სოციალური სტატუსი... ხშირად სწორედ ასეთ ქალებს უწოდებენ „ძლიერ ქალებს”.

მაგრამ ფსიქოლოგები სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ „ძლიერი ქალის” იმიჯი ხშირად შინაგან დაღლილობას, მარტოობასა და ემოციურ გადაღლას ფარავს. ანუ, ძალა ყოველთვის ბედნიერებას არ ნიშნავს. და საერთოდ, არის თუ არა ძლიერი ქალი ბედნიერი თუ, უბრალოდ, საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ ის აუცილებლად ბედნიერი უნდა იყოს?

– ბოლო წლებში გაჩნდა ტენდენცია, როდესაც ქალს მუდმივად მოუწოდებენ, იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი და წარმატებული. თითქოს ეს უკვე აუცილებელი მოთხოვნა გახდა. მართლა ასეა?

თიკო (44 წლის): დიახ. ასეა და სულაც არ არის ეს კარგი. საზოგადოებამ შექმნა ისეთი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, ქალი თითქოს ვალდებულია, ყველაფერს მარტო გაუმკლავდეს. ის უნდა იყოს კარგი დედა, კარგი მეუღლე, წარმატებული პროფესიონალი, ფინანსურად დამოუკიდებელი, ლამაზი, ყოველთვის მოწესრიგებული... და ამ ყველაფრის ფონზე მაინც უნდა იღიმოდეს.

პრობლემა ის არის, რომ ამ ჩამონათვალში თითქმის აღარ რჩება ადგილი უბრალოდ ადამიანისთვის. ქალს თითქოს აღარ აქვს უფლება, დაიღალოს. აღარ აქვს უფლება თქვას: „დამეხმარე, ვეღარ ვუმკლავდები“.

– ანუ ძლიერი ქალის იმიჯი შეიძლება, გარკვეულწილად ტვირთიც იყოს?

– სწორად მიხვდით. ზუსტად ასეა. როდესაც ადამიანები გიყურებენ და ამბობენ: „შენ ძლიერი ხარ“, სინამდვილეში ხშირად გულისხმობენ: „შენ უნდა გაუძლო“, „შენ მაინც მოახერხებ“, „შენ დახმარება არ გჭირდება“... ეს კი ძალიან სახიფათო მდგომარეობაა. რადგან დროთა განმავლობაში თავად ქალიც იწყებს იმის დაჯერებას, რომ სისუსტის უფლება აღარ აქვს.

– და რა ხდება, როდესაც ეს წლების განმავლობაში გრძელდება?

– გეტყვით. იწყება ემოციური გამოფიტვა. ქალს აღარ ახსოვს, ბოლოს როდის დაისვენა, როდის იტირა, როდის ანდო ვინმეს საკუთარი შიში... როდის უთხრა საკუთარ თავს, რომ უბრალოდ ადამიანია. ყველას პრობლემას აგვარებს, მაგრამ საკუთარი პრობლემებისთვის დრო აღარ რჩება. გარედან კვლავ ძლიერი ჩანს. შიგნით კი შეიძლება, სრულიად დაცლილი იყოს.

– საინტერესოა, რომ ბევრი მამაკაცი ამბობს, თითქოს ძლიერი ქალი აშინებთ. მართლა ასეა?

– ვფიქრობ, პრობლემა თავად ძალაში არ არის. პრობლემა ისაა, თუ რას ვეძახით ძალას. თუ ქალი საკუთარ აზრს აფიქსირებს, პასუხისმგებლობას იღებს, ფინანსურად დამოუკიდებელია, ეს არ ნიშნავს, რომ მას პარტნიორი აღარ სჭირდება.

სამწუხაროდ, ზოგი მამაკაცი დამოუკიდებლობას აღიქვამს, როგორც უარყოფას. თუმცა ემოციურად ჯანმრთელ ურთიერთობაში ძლიერი ქალი საფრთხე კი არა, პარტნიორია.

– საინტერესო პარადოქსია... ძლიერი ქალი ხშირად ყველას ეხმარება, მაგრამ თავად ვის ეყრდნობა?

– აი, ეს არის მთავარი კითხვა და კარგი კითხვაც. ძალიან ბევრი ძლიერი ქალი, სინამდვილეში, სიმარტოვეში ცხოვრობს. არა იმიტომ, რომ მარტო დარჩენა უნდა, არამედ იმიტომ, რომ ყველამ იფიქრა: „მას ყველაფერი შეუძლია“. ასეთ დროს ადამიანები დახმარებასაც აღარ სთავაზობენ, ვერც ეკითხებიან, როგორ არის. იმიტომ, რომ გარედან ყველაფერი იდეალურად ჩანს.

– ანუ, ძლიერი ქალის ყველაზე დიდი პრობლემა შესაძლოა, უხილავი იყოს?

– დიახ. ყველაზე რთულია მაშინ, როდესაც შენს ტკივილს ვერავინ ამჩნევს, რადგან ყველასთვის ძლიერი ხარ, ხოლო ძლიერ ადამიანებს თითქოს ტკივილის უფლება აღარ აქვთ. დამიჯერეთ, ეს ძალიან დამღლელია. აღარ მინდა, ვიყო ძლიერი, მაგრამ უკვე აღარ გამომდის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი