ბეზრდება თუ არა ყველა მამაკაცს დიასახლისი ცოლი
ავტორი: დალი მიქელაძე 56 წუთის წინ
დავიწყოთ იმით, რომ მნიშვნელოვანია, არ დავეყრდნოთ სტერეოტიპს, თითქოს ყველა მამაკაცს აუცილებლად ბეზრდება დიასახლისი ცოლი. ეს არ არის დადასტურებული ფაქტი და რეალურ ცხოვრებაში ურთიერთობის ხარისხი ბევრად უფრო მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.
თანამედროვე საზოგადოებაში ქალის როლზე დისკუსია არასოდეს წყდება. კარიერა თუ ოჯახი? პროფესიული წარმატება თუ სრულად ოჯახზე ორიენტირებული ცხოვრება? მიუხედავად იმისა, რომ არჩევნის თავისუფლება დღეს ბევრად მეტია, უამრავი ქალი მაინც იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც წლების შემდეგ სრულიად სხვაგვარად ეჩვენება. ყველაზე რთული ის მომენტია, როდესაც ადამიანს აღარ აწუხებს მხოლოდ პარტნიორის დამოკიდებულება, არამედ თრგუნავს საკუთარი თავის დაკარგვის განცდა. რა ფასს ვიხდით ქალები საკუთარი არჩევნის სანაცვლოდ?
– თქვენი ისტორია ერთი წინადადებით რომ შეაჯამოთ, რას იტყოდით?
თიკო (47 წლის): ალბათ, ასე – ვიფიქრე, ოჯახისთვის ყველაფერი უნდა დამეთმო და ბოლოს აღმოვაჩინე, რომ საკუთარი თავი დავკარგე.
– დიასახლისობა თქვენი არჩევანი იყო თუ მეუღლის გავლენა?
– ერთმნიშვნელოვნად არავინ მაიძულებდა სახლში ჩავმჯდარიყავი. კარგი სამსახური მქონდა, საკუთარი შემოსავალიც, მაგრამ პირველი შვილის გაჩენის შემდეგ მე თავად გადავწყვიტე, რომ ოჯახი ჩემთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი იყო. ვფიქრობდი, რომ ქმრისთვის საუკეთესო ცოლი სწორედ ის ქალი იქნებოდა, რომელიც სახლში იტრიალებდა და ყველაფერს იდეალურად მოუვლიდა.
– თქვენი ქმარი როგორ შეხვდა ამ გადაწყვეტილებას?
– როგორც ყველა კაცი – მაგათ, ხომ ცოლები სახლში ურჩევნიათ. ბედნიერი იყო. მეუბნებოდა, რომ არაფერზე მეფიქრა, ყველაფერს თვითონ უზრუნველყოფდა. მაშინ მეგონა, ეს სიყვარული იყო. დღეს ვფიქრობ, ორივე შევცდით, ორივეს გვეგონა, რომ ასე უფრო მარტივი იქნებოდა.
– როდის იგრძენით, რომ რაღაც შეიცვალა?
– ალბათ, მეხუთე-მეექვსე წელს. საუბრის თემები გამოგველია. მე მთელი დღე სახლზე, ბავშვებსა და პროდუქტებზე ვფიქრობდი. ის კი სამსახურში ვითარდებოდა, ახალ ადამიანებს ხვდებოდა, ახალ იდეებზე ლაპარაკობდა. ერთ დღეს მივხვდი, რომ მისი ცხოვრების შესახებ თითქმის აღარაფერი ვიცოდი. საქმე მხოლოდ დიასახლისობაში არ არის. მგონია, ადამიანს შეიძლება, მობეზრდეს ურთიერთობა პარტნიორთან, რომელიც ნელ-ნელა საკუთარ სამყაროს კარგავს. სამწუხაროდ, ეს მე ვიყავი.
– ანუ, პრობლემა მხოლოდ სახლის საქმეები არ ყოფილა? როგორ გამოიყურებოდა თქვენი ყოველდღიურობა?
– დიახ. პრობლემა ის იყო, რომ მე აღარ მქონდა საკუთარი ცხოვრება. დილით ბავშვები, საუზმე. მერე – მაღაზია, მერე – საჭმელი, სარეცხი, დალაგება... საღამოს დაღლილი ვხვდებოდი ქმარს და თან, ჩემთვის მთელი დღის მთავარი ამბავი ის იყო, რომელ სარეცხ ფხვნილს ჰქონდა აქცია. მისი მთავარი ამბავი კი შესაძლოა, რამდენიმეათასიანი პროექტი ყოფილიყო... და ნელ-ნელა საუბრის „ძაფი“ დავკარგეთ. მაგრამ ყველაზე მტკივნეული სხვა რამ იყო. ერთხელ მის მეგობრებთან ვიყავით. ყველანი თავიანთ საქმიანობაზე საუბრობდნენ. უცებ ვიღაცამ მკითხა: „შენ რას საქმიანობ?“ .. და მივხვდი... პასუხი არ მქონდა. ამ კითხვამ გამანადგურა. იმ საღამოს პირველად ავტირდი. რამაც ჩემი ქმარი გააღიზიანა. იმის მაგივრად, რომ თანაგრძნობა გამოეჩინა. მითხრა: „ასეთი რატომ გახდი? ადრე უფრო მხიარული იყავი. საინტერესოო. მეგონა, გული გამისკდებოდა. იმ მომენტში ყველაზე მეტად ამ სიტყვებმა მატკინა გული.
– უსაყვედურეთ?
– ბევრჯერ. მაგრამ მერე მივხვდი, რომ უსამართლო ვიყავი. მას ხომ არ უთხოვია სამსახურის დატოვება, ეს ჩემი არჩევანი იყო. ჩემი შეცდომა იყო, რომ მეგონა, კარგი ცოლი ნიშნავს ქალს, რომელსაც საკუთარი ცხოვრება აღარ აქვს.
– და დღეს რას ეტყოდით ახალგაზრდა ქალებს?
– ჩემო ძვირფასებო, რა თქმა უნდა, ოჯახზე ზრუნვა ძალიან კარგია და ქმარზე მზრუნველი ცოლიც ძალიან ლამაზია. მაგრამ არასოდეს შეწყვიტოთ საკუთარი თავის განვითარება. წაიკითხეთ, ისწავლეთ, იმუშავეთ, თუ გინდათ, გქონდეთ ჰობი. გქონდეთ თქვენი სამყარო. იმიტომ რომ ერთ დღეს შეიძლება, სარკეში ჩაიხედოთ და ვეღარ გაიხსენოთ, ვინ იყავით.
– მეუღლესთან ურთიერთობა როგორ დასრულდა?
– არ დავშორებულვართ, მაგრამ ურთულესი პერიოდი გავიარეთ. მოგვიწია ერთმანეთის თავიდან გაცნობა. მე სწავლა დავიწყე. მუშაობაც. თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა. დღეს ვფიქრობ, ეს ნაბიჯი ათი წლით ადრე უნდა გადამედგა. მაგრამ ძალიან მაინც არ დამიგვიანია. უფრო მშვიდი ვარ და რაც მთავარია, აღარ მეშინია კითხვაზე პასუხის გაცემის: „ვინ ხარ?“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




