ჩემი უახლოესი დაქალი ჩემი ყოფილი მამინაცვლის საყვარელია
ავტორი: „თბილისელები“ 54 წუთის წინ
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ უახლოესი დაქალი, რომელსაც დად მივიჩნევდი, ჩემი მესაიდუმლე იყო და ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ასეთ რამეს ჩაიდენდა და სამუდამოდ შემაძულებდა თავს.
განუყრელი დაქალები ვიყავით და ყველაფერი ვიცოდით ერთმანეთის შესახებ. არასდროს შემიმჩნევია მისთვის ისეთი საქციელი, რომ შენიშვნა მიმეცა ან გული მტკენოდა. თუმცა, საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ჩემს ყოფილ მამინაცვალთან გააბა რომანი, დამიმალა და რომ გავიგე, იქით გაუკვირდა ჩემი რეაქცია. მოკლედ, დედაჩემი მეორედ ასაკით პატარა მამაკაცზე გათხოვდა. ხუთი წლის ვიყავი, როცა ჩემს ცხოვრებაში მამინაცვალი გამოჩნდა. თავიდანვე ვერ მივიღე და საკმაოდ დისტანციური და ცივი დამოკიდებულება მქონდა. თუმცა, არასდროს ვყოფილვარ მის მიმართ უხეში, რადგან ვიცოდი, დედაჩემს უყვარდა, უნდოდა და მის გვერდით ბედნიერი იყო. მამაჩემსაც ჰყავდა მეორე ცოლი. მათ იშვიათად ვხვდებოდი და ამიტომ, ჩემს ნახევარ და-ძმასთანაც ახლო ურთიერთობა არ მაქვს. ჩემი დაქალი კი, ის ადამიანი იყო, ვისაც დასაც ვუწოდებდი, მესაიდუმლესაც, ოჯახის წევრსაც და რა ვიცი, ყველაფერს. მის გამო უკან არაფერზე დავიხევდი. ხშირად მითქვამს: კიდევ კარგი, შენ მყავხარ, ვისთანაც გულის გადაშლა და თავისუფლად საუბარი შემიძლია-მეთქი. დასასვენებლადაც ერთად დავდიოდით და ზოგადად, ერთმანეთის ყველა ნაბიჯი ვიცოდით. რასაკვირველია, ერთმანეთს თაყვანისმცემლებსა და შეყვარებულებზეც ვუყვებოდით და ბევრჯერ ღამეებიც გაგვითენებია საუბარში. ჩემმა მამინაცვალმა, იცოდა ხოლმე ჩვენს ოთახში შემოსვლა, ჩამოჯდებოდა და ცნობისმოყვარედ გვისვამდა კითხვებს. მე მოზომილად ვპასუხობდი, ჩემი დაქალი კი მის დანახვაზე ხასიათზე მოდიოდა, ხუმრობდა, ათას სისულელეს ყვებოდა. ამისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია. მართლა ოჯახის წევრივით იყო და რას წარმოვიდგენდი, თუ სხვა გრძნობები გაუჩნდა კაცზე, რომელიც დედაჩემის ქმარი და ჩემი მამინაცვალი იყო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ისე მოხცდა, რომ დედა და ის კაცი დაშორდნენ. მანამდეც უკამათიათ, გაბუტულან, მაგრამ მერე შერიგებულან. ბოლოს კი ეჭვიანობაზე მოუვიდათ კამათი. დედა ეჭვობდა, რომ ვიღაც ჰყავდა და ამის გამო ძალიან იჩხუბეს. ის იფიცებდა, შენ გარდა არავინ მყავს და ნუ იგონებო. იქამდე მივიდა საქმე, დედამ თავად გადაწყვიტა გაშორება, ჩაულაგა ნივთები და სახლიდან გაუშვა. დედას დაღონებულსა და განერვიულებულს რომ ვხედავდი, გული მიკვდებოდა, ჩემი დაქალი კი, სწორედ იმ დღეებში, უჩვეულოდ კარგ ხასიათზე იყო. მიკვირდა, ნუთუ არ ადარდებს დედაჩემის ყოფა-მეთქი და ერთხელ ვუთხარი კიდეც: იქნებ ჩუმად გაიცინო, ხომ ხედავ, დედა როგორ ხასიათზეა-მეთქი. სწორედ ამის გამო მომდო შარი და მითხრა: ბოლო დროს ძალიან შეიცვალე ჩემ მიმართ, აღარც ჩემი ხასიათი მოგწონს, აღარც ჩემი სიცილი და აღარც ჩემი საუბარი, საერთოდ წავალ, რა პრობლემააო. კი გამიკვირდა, ასეთი რეაქცია რომ ჰქონდა, მაგრამ როგორ დავუშვებდი იმას, რომ თურმე, საბაბს ეძებდა ჩემთან დასაშორებლად, რომ ჩემს მამინაცვალთან გაქცეულიყო. არ ვიცი, როგორ გადაუბრუნდა გონება, რომ ასე მოიქცა, არც ის ვიცი, იმ კაცმა რით მოხიბლა, ასაკშიც საკმაო სხვაობაა და შეხედულებებშიც. მაგრამ ფაქტია, საყვარლები არიან. ამ ფაქტს მალავენ, მაგრამ მე დაზუსტებით ვიცი. ერთად არ ცხოვრობენ, მაგრამ ერთმანეთს ხშირად ხვდებიან. მე ხომ გავნადგურდი ეს ამბავი რომ გავიგე და დედაჩემი სულმთლად გადაირია. ჩემი უახლოესი დაქალის საქციელის გამო, ისე მერიდება დედის თვალებში შეხედვა, თითქოს მე დავაშავე რამე. ზუსტად ვიცი, დიდხანს ვერ იქნებიან ერთად, რადგან ჩემს ყოფილ დაქალსაც კარგად ვიცნობ და ჩემს ყოფილ მამინაცვალსაც, მაგრამ ვერასოდეს მივხვდები, რატომ მოიქცნენ ასე, რატომ შეირცხვინეს თავი და ჩვენც სამუდამოდ დაგვკარგეს, ისე, რომ უკან მოსასვლელი ყველანაირი გზა გადაიკეტეს. კიდევ ვამბობ, ყველაფერს წარმოვიდგენდი ცხოვრებაში, მაგრამ ამას – ვერა და ვერასდროს ვაპატიებ ჩემს თავს, რომ თურმე, გვერდით დაქალი კი არა, ნამდვილი მოღალატე, უნამუსო და პირფერი ადამიანი მყოლია და მე ვერ ვხვდებოდი.
ნინი, 24 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





