დედამთილი, პირველი ქმრისგან გაჩენილ შვილს საკუთარი შვილიშვილივით მიზრდის
ავტორი: ნინო კანდელაკი 23:00 23.07
მეორედ გათხოვება რომ დავაპირე, ყველა იმას მეუბნებოდა, ეს შვილიანი ქალი რას თხოვდები, ვის რად უნდა სხვისი შვილიო. ისე დამაკომპლექსეს, კინაღამ გათხოვება გადავიფიქრე. არადა, არ ვარ ის ადამიანი, პირად ბედნიერებას ჩემი შვილი შევწირო.
ვენდე ჩემს ქალურ ინტუიციას, გადავდგი ნაბიჯი და გამიმართლა. დღეს ნამდვილად ბედნიერი დედაც ვარ და ცოლიც. ისეთი მეორე ნახევარი შემხვდა, ყველა ქალი რომ ინატრებს. ჩემი შვილიც ისე მიიღო, როგორც საკუთარი და არც არასოდეს გაურჩევია თავისი შვილებისგან. პირველი ცოლისგან მასაც ჰყავს შვილები და მეც კარგი დამოკიდებულება მაქვს მათთან. ისეთი სამსახური აქვს, ხშირად უწევს უცხოეთში ვიზიტი და ხშირ შემთხვევაში მეც თან დავყავარ. ჩემს შვილს ჩემი დედამთილი იტოვებს და ისე უვლის, როგორც თავის ნამდვილ შვილიშვილს. სამწუხაროდ, მე და ჩემს მეუღლეს საერთო შვილი არ გვყავს, მაგრამ ოჯახში ამის გამო არასოდეს შექმნილა პრობლემა. პირიქით, სულ იმას მეუბნება: ბიჭებიც გვყავს და გოგოც, ერთმანეთში არ ვასხვავებ, ნამდვილი დედ-მამიშვილები არიან და მეტი არ მინდა, ვინმე ამ თემას შეეხოს და რამე გადაბრუნებულად თქვასო. ჩემს ქმარზე რომ არაფერი ვთქვა, ჩემი დედამთილია სასწაული ქალი. წარმოიდგინეთ, ჩემი შვილის სკოლის ამბები იქნება, საყიდლები თუ წრეებზე სიარული, თავის თავზე აიღო, ყველაფერს ის აგვარებს და დაჰყვება. მე სამსახურიდან ისეთი დაღლილი მოვდივარ, არაფრის თავი არ მაქვს და სახლიც გაკრიალებული მხვდება, ჩემი ნივთები და ტანსაცმელი დაწკრიალებული, ბავშვიც მოვლილი, ნაჭამი და ნამეცადინები. რა უნდა ვთქვა ასეთ ქალზე, გარდა იმისა, რომ ხელის გულზე ვატარო. არასოდეს არაფერი დამენანება მისთვის. სამკაულები უყვარს და ისე არ ჩამოვალ უცხოეთიდან, რაიმე განსაკუთრებულად ლამაზი სამკაული არ ჩამოვუტანო საჩუქრად. ჩემი პირველი დედამთილი და მასთან ურთიერთობა რომ მახსენდება, ახლა ვხვდები, რა უბედური ვიყავი და ვიქნებოდი, მის გვერდით რომ მეცხოვრა. დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახში როგორ დაგხვდებიან, როგორ მიგიღებენ, როგორ გექცევიან. მე მეორედ გათხოვების მერე მივხვდი, თურმე, როგორი უნდა იყოს მეორე ნახევარი და დედამთილი. არაჩვეულებრივი მული მყავს და ნამდვილად არ ვასხვავებ ჩემს დაში. ისიც ისევე მიყვარს, როგორც ჩემი ღვიძლი დაიკო. ამ ადამიანების გარეშე ვერც კი წარმომიდგენია ყოფნა. გარდა იმისა, რომ მე გამიმართლა, ჩემს შვილსაც ბედი ჰქონია, ასეთი ადამიანების ოჯახში რომ აღმოჩნდა. აბა, ბედოვლათი მამამისი თვეში ერთხელაც არ ურეკავს და თუ დაურეკა, ისე წუწუნებს, ლამის ბავშვმა იქით გაუწიოს დახმარება. კიდევ კარგი, თავის დროზე არ ავყვევი სხვების ლაპარაკს, არ დავუჯერე და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ოჯახი დანგრეული მქონდა და ამის გამო დიდი სტრესი მივიღე, მაინც გავრისკე და გავთხოვდი. ყველა ქალი უნდა იყოს ბედნიერი და მეც მინდოდა, ჩემი წილი ბედნიერება მენახა, რა თქმა უნდა, ჩემს შვილთან ერთად. თორემ, მას თუ არ მიიღებდნენ, რომელ გათხოვებასა და ქალურ ბედნიერებაზე იქნებოდა საუბარი. ასე რომ, ხანდახან საკუთარი თავისთვის გარისკვა და ინტუიციაზე დაყრდნობა ღირს და არა სხვების ლაპარაკზე აყოლა. ჩვენზე კარგად არავინ იცის, რა გვჭირდება ბედნიერებისთვის და ამიტომ, ეს ისეთი საკითხია, რომელსაც სხვა ვერ გადაგიწყვეტს.
ნინიკო, 36 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





