გულახდილი საუბრები

ვინ შეიძლება, დაუდგეს გვერდით ქმარს გაშორებულ ქალს და რისი გადალახვა უჭირთ ყველაზე მეტად

№41

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 18.10

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ქმარს გაშორებული ქალების ცხოვრება მარტივი არ არის. მით უფრო, ჩვენს „ჩასაფრებულ“ საზოგადოებაში, სადაც ძალიან ბევრი მხოლოდ იმას ელოდება, ფეხი გადაგიბრუნდეს. თუმცა, უკვე ბევრი ქალი ანგრევს სტრეოტიპებს და არასასურველ მამაკაცთან ცხოვრებას გაშორებას ამჯობინებს. და ეს სწორი გადაწყვეტილებაა. დიახ, მათ ძალიან ბევრი ბარიერის გადალახვა უწევთ. დიახ, ცხოვრება გაშორების შემდეგ ია-ვარდით ნამდვილად არ არის მოფენილი, მაგრამ ყველას აქვს უფლება, იყოს ბედნიერი. ამიტომ, ბრძოლა ამ ბედნიერებისთვის, ყოველთვის გამართლებულია.

ნანა (47 წლის): ქმარმა წლების წინ მიმატოვა. დიახ, სხვა ქალთან წავიდა და დიდი ტკივილი მომაყენა. მე არც ხვეწნა დამიწყია მისთვის და არც საჯაროდ მიგლოვია. ჩემ გარშემო მყოფები ელოდებოდნენ ამას და იმედები გავუცრუე.

– ესე იგი, არ მობღაუჭებიხართ „ფსევდო ბედნიერებას“.

– არა. ვერ ვაპატიებდი. სიყალბეშიც ვერ ვიცხოვრებდი. ვიცი, რომ ბევრი ქალი ასე ცხოვრობს, მაგრამ ეს მათი არჩევანია. მე ღირსეულად გავუძელი ტკივილს, ჭორებს, ბარიერებიც გადავლახე და მეტ-ნაკლებად ცხოვრებაც დავალაგე.

– პრობლემებს ვაჟკაცურად გაუმკლავდით...

– რამდენად ვაჟკაცურად, რთული სათქმელია, მაგრამ დავრჩი ორ ბავშვთან ერთად. მათ გაზრდაში ხელის შემშველებლები კი მყავდნენ, მაგრამ ხომ იცით, როცა ქალს ქმარი უდგას მხარში, როგორი უვარგისი კაციც უნდა იყოს, მაინც გგონია, რომ ძლიერი ხარ, მაინც სხვანაირად ამაყი დააბიჯებ ამ ქვეყანაზე. ფრთამოტეხილივით დავრჩი. გადავწყვიტე, მამამთილის სახლიდან არსად წავსულიყავი, მით უმეტეს, რომ ქალის ხელი სჭირდებოდათ. დედამთილი ცოცხალი არ იყო და ვუვლიდი მოხუცს, არც მაზლს ვტოვებდი უყურადღებოდ, რომელსაც არც ცოლი ჰყავდა და არც შვილები. თავიდან ყველა მაქებდა, მაგრამ გავიდა რამდენიმე წელი და დაიწყეს ჩურჩული: ეს გოგო ან შტერია, ან წასასვლელი არსად აქვს. აბა, მაზლს და მამამთილს მოსამსახურედ რატომ უდგასო? არადა, მშვენივრად იცოდნენ, რომ ძლიერი ოჯახიდან ვიყავი და ჩემი მშობლებთან გადასვლა პრობლემა არ იქნებოდა. უბრალოდ, ენას ხომ ძვალი არ აქვს და ჭორებიც ამიგორეს: იქნება და, მაზლთან აქვს ფარული ურთიერთობა, თორემ სხვა კაცს რატომ უვლისო?

– ამ ჭორებმა თქვენამდე როგორ მოაღწია?

– მეზობელმა გოგომ მითხრა, შენზე ძალიან ვდარდობ და ვერ დაგიმალავ, რასაც უბანში ამბობენო. გავმწარდი. სიმართლე ვერ დავმალე და როცა მამამთილი ჩამაჯინდა, ხომ არაფერი გაწყენინეთო, ვერ დავუმალე და ვუთხარი, რასაც სამეზობლოში ამბობდნენ. გადაირია ეს ავადმყოფი კაცი, გულის შეტევა დაემართა და იმ ღამეს მისი საავადმყოფოში წაყვანა მოგვიხდა. მადლობა უფალს, გადარჩა და მე არ გავხდი მისი სიკვდილის მიზეზი. შინ რომ მოვიყვანეთ, მართალია, სუსტად იყო, მაგრამ მეზობლები მის სანახავად რომ მოდიოდნენ, ყველას ელაპარაკებოდა ჩემს სათნოებაზე: ვეცოდები, ავად რომ ვარ. თან, შვილის სახლიდან წასვლის შემდეგ დავუჩოქე, რომ არ მივეტოვებინე და აჰა, ხომ ხედავთ, როგორი კეთილია, გვერდიდან აღარ მშორდება. თუმცა, ახლა ვხვდები, ჩვენ გამო მსხვერპლის გაღება არ ღირს. ჩემმა შვილმა ქალის გამო მიატოვა და ახლა, ამანაც უნდა იფიქროს სხვა ადამიანთან ურთიერთობაზე. ბინას ვუყიდი ქალაქში და გავუშვებ დალოცვილსო. არ ვიცი, მისმა სიტყვებმა ხალხს გული მოულბო თუ არა, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, მოხუცმა სიტყვა შეასრულა: ცოტა დანაზოგი ჰქონია, ცოტაც დაამატა და რაიონის ცენტრში ერთოთახიანი, კოხტა ბინა მიყიდეს. ჩემს მაზლზე აუგი არ მეთქმის. ძალიან განიცადა, სახლიდან რომ უნდა წავსულიყავი და ერთხელაც არ დასცდენია საყვედური იმის გამო, რომ მამამ მთელი დანაზოგი ჩვენთვის დახარჯა. მითხრეს: ჯობია, მარტო იყო და ყველანი დაგეხმაროთ, ვიდრე ჩვენ გვერდით იცხოვრო და ვერ დავინახოთ ის, რასაც ჩვენთვის აკეთებო.

– საოცარი მამამთილი გყოლიათ, ძალიან გულისხმიერი და გაბედულიც.

– ასეა. მამაჩემი გიჟდებოდა, – გათხოვილი ქალი ცალკე რატომ უნდა ცხოვრობდესო? მას ეს არ უნდოდა, ხალხის ერიდებოდა, მამამთილმა კი ეს ნაბიჯი თამამად გადამადგმევინა. ის მეგობრულადაც ამომიდგა მხარში და მამაშვილურადაც. თვეში ერთხელ სოფლის პროდუქტებს გვიგზავნიდა. მეც არ ვივიწყებდი ამ კეთილ მოხუცს და ვიდრე ცოცხალი იყო, შვილებთან ერთად, კვირაში ერთხელ მაინც ჩავდიოდი სოფელში, სახლს ვულაგებდი, ცხელ კერძს ვუმზადებდი. როცა ლოგინად ჩავარდა, ჩემთან წავიყვანე და ვუვლიდი. როგორც მერე თანასოფლელმა მეგობარმა მითხრა, სწორედ ამის შემდეგ დაიჯერეს მეზობლებმა ჩემი სათნოება და ირწმუნეს, რომ კეთილი გული არ მიშვებდა ქმრის ოჯახიდან, თორემ საქმე გასაქცევად ნამდვილად მქონდა. მამამთილი ჩემი სახლიდან გავასვენეთ და მადლიერმა მაზლმაც, ხალხის გასაგონად მაქო და მადიდა. მამის გასვენებამაც ვერ მიიყვანა საკუთარ სოფელში ჩემი ქმარი.

– ანუ, საერთოდ არანაირი კონტაქტი არ გაქვთ?

– არა და არც არაფერში მჭირდება. კარგად ვცხოვრობ. შვილებიც გაიზარდნენ და ახლა პირადზეც ვიფიქრებ. ძალიან ბედნიერი უნდა ვიყო. ყველა ქალი იმსახურებს ბედნიერებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა