რა ხდება ოჯახში, როცა ცოლი და ქმარი ერთმანეთის მიმართ ინტერესს კარგავენ
ავტორი: დალი მიქელაძე 19 წუთის წინ
ერთ დროს მისი ყოველი ზარი გულს გიჩქარებდათ, დღეს კი მისი გასაღების ხმა მხოლოდ იმას გახსენებთ, რომ ვახშამი უნდა გააცხელოთ. ერთ დროს საათობით ლაპარაკობდით, დღეს თქვენი ყველაზე გრძელი დიალოგი და „კონსტრუქციული“ საუბარი ასე ჟღერს: „პური იყიდე? – კი „კარტოფილი? – ხვალ ვიყიდი“...
როდის მთავრდება სიყვარული? – ალბათ, მაშინ არა, როცა ადამიანები ერთმანეთის მიმართ გრძნობას კარგავენ. არამედ მაშინ, როცა ერთმანეთის მიმართ ინტერესი ქრება.
ქალები ხშირად ამბობენ: „ჩემი ქმარი ძალიან შეიცვალა“. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი, უფრო რთული კითხვა: იქნებ ის არ შეცვლილა... უბრალოდ, ჩვენ შევწყვიტეთ მისი დანახვა? დიახ, შეიძლება, ოცდარვა წელი მამაკაცის გვერდით გაატარო, ერთ დღეს კი სარკეში ჩაიხედო და მიხვდე, რომ ქმარი კი არა, თქვენი ურთიერთობა შეიცვალა..
– როდის თქვით პირველად „ის აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო“?
მარიკა (52 წლის): ალბათ, ყველა ცოლი ერთხელ მაინც ამბობს ამ წინადადებას. მეც ვთქვი. არ აღმოვჩნდი გამონაკლისი და მთელი გულით მჯეროდა, რომ მართალი ვიყავი. დღეს კი სხვანაირად ვფიქრობ...
– რას გულისხმობთ?
– როცა შემიყვარდა, ის მაშინ ჩემი ქმარი არ იყო. იყო ბიჭი, მხიარული, ხალისიანი, ოცნებებით... თუნდაც, სულელური, მაგრამ იდეებით, გიჟური ხუმრობებით. მერე გახდა მამა. მერე ოჯახის მარჩენალი. პასუხისმგებლობები მოემატა და მეც მხოლოდ ეს როლები დავინახე მასში, ის ხალისიანი ბიჭი კი, მე რომ მაბედნიერებდა, სადღაც დაიკარგა.
– ფიქრობთ, რომ თქვენც შეიცვალეთ?
– დიახ. თანაც, მე უფრო მეტად, ვიდრე ის. უბრალოდ, საკუთარი ცვლილება არასოდეს გვაკვირვებს და ძნელად ვამჩნევთ. ბოლოს მხოლოდ იმას ვხედავდი, სად ეყარა მისი წინდები, ის კი, ალბათ, იმას ამჩნევდა, რომ საჭმელში მარილი დამავიწყდა. ანუ, ხედავთ? აი, შეიძლება, აქამდე მიხვიდეთ ოჯახურ ცხოვრებაში. მერე უკვე რთულია, იმის გარკვევა, ვინ არის დამნაშავე.
– ერთხელ მაინც გიფიქრიათ, რომ სიყვარული დასრულდა?
– კი. საკმაოდ ხშირად. და ახლა ვიცი... ის დასრულებული არ იყო. უბრალოდ, ჩვენ აღარ გვეცალა მისთვის.
– როგორ ფიქრობთ, რა გადაარჩენდა თქვენს გრძნობას?
– უბრალოდ, ერთმანეთი უნდა შეგვემჩნია, მაგრამ ვფიქრობდით, დრო არ გვქონდა ერთმანეთისთვის. მე ვფიქრობდი, აღარ მაქცევს ყურადღებას-მეთქი. მაგრამ მეც ხომ არ ვაქცევდი ისეთ ყურადღებას, როგორც ადრე. როცა ქმარი თმას შეიჭრის და შენ ამას ვერც შეამჩნევ – ეს უკვე კატასტროფაა, მერე ახალ პერანგს იყიდის – არაფერს ეუბნები, სამაგიეროდ, მაშინვე ამჩნევ, რომ პირსახოცი ისევ სკამზე დატოვა.
– ესე იგი, რაღაც დროის შემდეგ ოჯახში ურთიერთობა ნეგატივზე გადადის?
– ზუსტად. ჩვენი დიალოგები მხოლოდ შენიშვნებად გადაიქცა. აღარ ვაქებდით ერთმანეთს. ერთხელ, ძალიან ჩუმად მითხრა: შეამჩნიე, რომ აღარ იცინი? იმ ღამეს სარკეში დიდხანს ვუყურებდი საკუთარ თავს. ვფიქრობდი, მართლა როდის გავიცინე ბოლოს გულიანად-მეთქი. ვერ გავიხსენე. ცხოვრებამ ორივე შეგვცვალა. უბრალოდ, ამაზე ერთმანეთთან აღარ ვლაპარაკობდით, სწორედ ამით მოვუღეთ ბოლო სიყვარულსაც და ურთიერთობასაც.
– დღეს ისევ ერთად ხართ?
– დიახ. და ვცდილობთ, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. კიდევ მივცეთ ურთიერთობას შანსი. როგორც ჩანს, სიყვარული ბოლომდე არ მოგვიკლავს. იცით, რა გადავწყვიტეთ? კვირაში ერთხელ პაემანი. არ აქვს მნიშვნელობა, სად – პარკში, კაფეში, მანქანაში... უბრალოდ, ორი საათით ისევ შეყვარებულები რომ ვიყოთ, ყოველდღიური საზრუნავების გარეშე. რა თქმა უნდა, ხანდახან ისევ ვჩხუბობთ. ის ისევ ტოვებს ჭიქას მაგიდაზე. მე ისევ ვბუზღუნებ, მაგრამ ახლა უკვე ვიცით – ეს არ არის ჩვენი მთავარი პრობლემა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





