გულახდილი საუბრები

რატომ კარგავს ზოგიერთი ქალი ქორწინებაში ჯერ საკუთარ თავს, შემდეგ კი ქმარს

№34

ავტორი: დალი მიქელაძე 43 წუთის წინ

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ქალები ხშირად ამბობენ: „ყველაფერი ოჯახისთვის გავაკეთე“ და მართლაც ასეა: ზოგი კარიერას თმობს, ზოგი – მთელი ცხოვრების ოცნებებს, ზოგი – მეგობრებს, ზოგი საკუთარ თავს სარკეშიც აღარ უყურებს, რადგან დრო აღარ რჩება – ბავშვები, სამსახური, მშობლები, სახლი, საჭმელი, მაღაზიები, კრედიტები... და სადღაც, ამ დაუსრულებელ სიაში, ქალი ნელ-ნელა იკარგება, შემდეგ კი ქრება. ის აღარ არის სრულფასოვანი ქალი. ის ხდება ფუნქციათა ნაკრები – დედა, ცოლი, დიასახლისი, ორგანიზატორი, მძღოლი, ექთანი, მზარეული, ფსიქოლოგი... ანუ ყველაფერი, ქალის გარდა.

მოდი, ვისაუბროთ არა იმ დღეზე, როცა ქმარი წავიდა. არამედ იმ დღეზე, როცა მარტო დარჩენილი ქალი საკუთარ თავს დაუბრუნდა.

– რა გააკეთეთ პირველ დღეს, როცა სახლში მარტო დარჩით?

მარიკა (48 წლის): ბუნებრივი რეაქცია მქონდა. ვიტირე. მთელი დღე ვტიროდი. მერე სიჩუმემ დამღალა და ტელევიზორი ჩავრთე. ისევ გამოვრთე. ფანჯარასთან დავჯექი… და პირველად ოცდახუთი წლის განმავლობაში მივხვდი, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, რა მიყვარდა, ანუ, რისი კეთება და საერთოდ რა ფუნქცია მქონდა ახლა.

– როგორ შეიძლება, ადამიანმა არ იცოდეს, რა უყვარს?

– ხედავთ, დაუჯერებლად გეჩვენებათ. არადა, ძალიან მარტივია – როცა ოც წელზე მეტი მხოლოდ სხვების სურვილებით ცხოვრობ, აღარ გეცოდინება. სამაგიეროდ, არ გეშლება და ზუსტად იცი, ბავშვს რა უნდა, ქმარს რა უყვარს, დედას რა სჭირდება, სამსახურში რას ელოდებიან შენგან და ამ ყველაფრის ფონზე შენი სურვილები საერთოდ აღარ გახსოვს.

– როდის შეიცვალა ყველაფერი?

– ერთ დილას ყავა გავიკეთე. აივანზე გავედი და უცებ მივხვდი, არავინ მაჩქარებდა, საერთოდ აღარსად მეჩქარებოდა... ეს ისეთი საშინელი შეგრძნება იყო, გული ამიჩქარდა. უცნაურად თავისუფალი ვიყავი და ეს არ მომეწონა.

– თავისუფლებამ შეგაშინათ?

– ძალიან. თავისუფლებასაც მიჩვევა უნდა. როცა მთელი ცხოვრება ვიღაცაზე ზრუნავ, ერთ დღეს საკუთარი თავი შენთვის ყველაზე უცნობი ადამიანი ხდება.

– რა იყო პირველი, რაც მოიმოქმედეთ, რაც მხოლოდ საკუთარი თავისთვის გააკეთეთ?

– გაგეცინებათ – თმა შევიჭერი. ჩემს ქმარს ყოველთვის გრძელი თმა მოსწონდა. მე კი მოკლე მინდოდა. ოცი წელი ეს ვერ გავაკეთე. იმ დღეს კი სალონში შევედი და ვთქვი: „ისე გავიკეთებ, როგორც მე მინდა“. მერე, სარკეში რომ ჩავიხედე, მეგონა, ვიღაც უცხო მიყურებდა. ძალიან მომეწონა.

– რა მოხდა შემდეგ?

– ცეკვაზე ჩავეწერე. წარმოგიდგენიათ? ორმოცდარვა წლის ქალი. პირველ გაკვეთილზე მეგონა, ყველა მე მიყურებდა. მერე მივხვდი, არავის ვაინტერესებდი. ყველა საკუთარ ნაბიჯებს ებრძოდა, ზუსტად ცხოვრებასავით. ეს ისეთი კარგი გრძნობა იყო...

– ოდესმე ინანეთ, რომ თქვენი ოჯახი დასრულდა?

– ყოველდღე ვნანობ მაგას. მაგრამ იცით, რას აღარ ვნანობ? რომ ახლა საკუთარი ცხოვრება მაქვს. ადრე მხოლოდ სხვისი ცხოვრების ნაწილი ვიყავი. თუმცა, ოჯახშიც შემეძლო, ისე მეცხოვრა, რომ საკუთარი თავი არ დამეკარგა. მაგრამ მე ძალიან ბევრი რამე არ ვიცოდი.

– გაბრაზებული აღარ ხართ?

– ვისზე? ქმარზე, თუ საკუთარ თავზე. იცით? ბრაზი ძალიან დამღლელია. ერთხელ მივხვდი, რომ სანამ ყოფილ ქმარზე ვბრაზობდი, ის ცხოვრობდა. მე კი ისევ იმ დღეზე ვიყავი გაჩერებული, როცა წავიდა.

– როგორ გგონიათ, სიყვარული კიდევ მოვა თქვენს ცხოვრებაში?

– ეს კითხვა ყველაზე ხშირად მესმის და ყოველთვის ერთ პასუხს ვცემ. მთავარია, რომ საკუთარი თავი დავიბრუნე და ამ ეტაპზე ეს საკმარისი აღმოჩნდა.

– ანუ მამაკაცი აღარ გჭირდებათ?

– ამ ეტაპზე – არა. აღარ მჭირდება ადამიანი, რომელიც ჩემს სიცარიელეს შეავსებს. თუმცა, მინდა, ადამიანი, რომელიც ჩემს სავსე ცხოვრებას გაიზიარებს. ეს ორი სრულიად განსხვავებული რამ არის. ეს არის თავისუფლება. როცა აღარ გჭირდება იმის ცოდნა, რას ფიქრობს ადამიანი, რომელიც შენი ცხოვრების ნაწილი არ არის. დღეს ვიცი, როგორ მიყვარს დილით ყავის დალევა, ვიცი რომელი წიგნები და ფილმები მომწონს, რომელი მუსიკა მოსწონს ჩემს ყურს, რომელი ფერი მიხდება... და ყველაზე მთავარი... დღეს აღარ მეშინია მარტო ყოფნის. რადგან მარტო აღარ ვარ, საკუთარ თავთან ვარ.

ქალებო, თუ ოჯახის შენარჩუნება გინდათ. ის კი არ უთხრათ საკუთარ თავს – ნუ დაგავიწყდება, რომ ოჯახს შენ სჭირდები, უთხარით, შენც გჭირდება საკუთარი თავი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი