ყოფილი ცოლი ცდილობს, პირადი ცხოვრება დამინგრიოს
ავტორი: „თბილისელები“ 18 წუთის წინ
ისე ხდება ხოლმე, გგონია, გიყვარს ქალი, მის გარდა ვერავის ამჩნევ. ქორწინდები, იწყებ მასთან თანაცხოვრებას ერთ ჭერქვეშ, გადის დრო და ხვდები, რომ შეცდომა დაუშვი. მე ორი წლის მერე მივხვდი, რომ გოგო, რომელზეც ჭკუა მეკეტებოდა და სიგიჟემდე მიყვარდა, არ იყო ის ადამიანი, ვის გვერდითაც შევძლებდი ცხოვრების გაგრძელებას.
ისეთი სამსახური მაქვს, ხშირად მიწევს ქალაქიდან გასვლა, საქმის გამო სანერვიულოც საკმარისად მაქვს, ის კი ეჭვიანობით მიბურღავდა ტვინს. ცდილობდა, ყველა ჩემი ნაბიჯის კონტროლს და ამის გამო ხშირად უხერხულ სიტუაციაშიც ჩამაგდო. არ დამავიწყდება, სამსახურის მერე, ბიჭებმა ხინკლის საჭმელად წასვლა გადავწყვიტეთ. ათასჯერ დამირეკა, ავუხსენი, სადაც ვიყავი და იქ დამადგა თავზე. თუ მიწა არ გამისკდებოდა და არ ჩავარდებოდი არ მეგონა. ცოტა ხანი იჯდა ჩვენთან და რომ დარწმუნდა, „ნაშებს“ არ ველოდებოდით, გადაღლილები მხოლოდ ხინკალს მივირთმევდით და სასმელს ვწრუპავდით, ადგა და წავიდა. იმ საღამოს სერიოზული ჩხუბი მოგვივიდა. თუ ვინმე გოგო სოციალურ ქსელში ჩემს ფოტოს დაალაიქებდა, შეუვარდებოდა მის გვერდზე, პირადში კი ათას სისულელეს სწერდა. მოკლედ, ისე ამომიყვანა ყელში, სხვა გზა არ დამიტოვა და კატეგორიულად მოვთხოვე განქორწინება. შვილი არ გვყავდა და თავიდან ამას ვაბრალებდი, ალბათ, ეშინია, ამის გამო არ მივატოვო-მეთქი. მაგრამ მხოლოდ ორი წელი ვიყავით ერთად, ასაკიც არ გვქონდა ისეთი, რომ მშობლები ვერ გავმხდარიყავით, არც ჯანმრთელობის პრობლემა და ამაზე დიდად არ ვნერვიულობდი, არც ვდარდობდი. უბრალოდ, მისმა ეჭვიანობამ და უაზრო საქციელებმა დამღალა. მოკლედ, განქორწინება მოვთხოვე, კიდევ მოგვივიდა მაგარი ჩხუბი და დავშორდით. მახსოვს, დამირეკა და მითხრა: შე საცოდავო, ვინ შემოგხედავს, მე ვიყავი სულელი, რომ შენ გვერდით ვცხოვრობდი. აგერ ნახავ, რამდენს ინანებ, უჩემოდ რომ დარჩიო. იმ პერიოდში ისეთი განერვიულებული და გაგიჟებული ვიყავი, ქალისკენ არც გამიხედავს. დრო რომ გავიდა, სოციალურ ქსელში დაიწყო მოწერები, შეურაცხმყოფელი ტექსტები, ათასგვარ სისულელეს მწერდა და არ ვპასუხობდი. მისი ნომერი დაბლოკილი მქონდა და ამიტომ ევრ რეკავდა, თუმცა, რამდენიმეჯერ სხვა ნომრიდან დამირეკა და საუბარი არ ვაცადე, ისე გავუთიშე. მოკლედ, დარწმუნებული ვიყავი, რომ გადაწყვეტილებას არ შევიცვლიდი, მასთან არანაირი კავშირი არ მექნებოდა და ვცდილობდი, ისეთი გოგო გამეცნო, ვისთანაც თავს მშვიდად ვიგრძნობდი, კარგად დავაკვირდებოდი და ქორწინებას არ ვიჩქარებდი, სანამ არ დავრწმუნდებოდი, მისი ხასიათები, რამდენად მისაღები იყო ჩემთვის. რამდენიმეს შევხვდი, გაგვიგრძელდა ურთიერთობა და რამდენმაც ფოტო დადო სოციალურ ქსელში და მომნიშნა, ის ქალბატონი ისევ შეუვარდა პირად გვერდზე, დაუწყო მიმოწერები და იმდენი ქნა, ჩვენ შორის კონფლიქტი გამოიწვია. ბოლო დროს, ერთთან მქონდა საკმაოდ სერიოზული ურთიერთობა, ინტიმური კავშირიც გვქონდა და სამომავლოდ გეგმებს ვსახავდით. საკმაოდ კარგი, ჩამოყალიბებული გოგო იყო და ძალიან მიზიდავდა. ვხვდებოდი, ისე მიყვარდა, მალე გადავწყვეტდი ხელის თხოვნას, მაგრამ უცებ შეიცვალა ხასიათი, საკმაოდ უხეში და ცივი გახდა ჩემ მიმართ... მერე აღმოჩნდა, ჩემს ყოფილ ცოლს მიუწერია, ნომერი გამოურთმევია, დაურეკავს და ათასი სისაზიზღრე ულაპარაკია ჩემზე. თითქოს ისევ ცოლი იყო ჩემი, ვცემდი, ცხოვრება ჯოჯოხეთად ვუქციე, თუმცა ვუყვარდი, ცოტა ხნით წავიდა ჩემგან და მე ვაწუხებ და ვეხვეწები დაბრუნებას. პარალელურად კი, სხვა ქალებს ვეფლირტავები და სიყვარულებს ვუმტკიცებ. მოკლედ, ისე მამწარებს, გადავწყვიტე, სასამართლოში ვუჩუვლო – ან თავი დამანებოს ნებით და ან სამართლებლივად გასცენ პასუხი და შემეშვას. ხომ შეიძლება, მეც მქონდეს მშვიდი ცხოვრება და წარსულში დაშვებული შეცდომის გამო არ ვიტანჯებოდე და მუდმივ სტრესში არ ვიყო.
ირაკლი, 35 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





