გულახდილი საუბრები

ქმრის გარდაცვალების შემდეგ მეორედ გავთხოვდი და პირველი მეუღლის მშობლებთან ვცხოვრობ

№33

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 20.08

დედის აღსარება
დაკოპირებულია

მე და ჩემი პირველი მეუღლე კახეთის ერთ-ერთ რაიონში მეზობლად ვცხოვრობდით, ბაღშიც ერთად დავდიოდით და სკოლის მერხზეც ერთად აღმოვჩნდით. ბავშვობიდან გვიყვარდა ერთმანეთი და ჩვენი ერთად ყოფნა, ალბათ, ზეცაში იყო გადაწყვეტილი. სამწუხაროდ, უდროოდ დამტოვა – ტრაგიკულად დაიღუპა, თუმცა იმდენი სასიამოვნო მოგონება, ბედნიერი წამები და უკარგესი და უკეთილშობილესი ოჯახის წევრები დამიტოვა, ცხოვრების ბოლომდე მისი მადლიერი ვიქნები.

საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან გახლდათ, დედისერთა და დედა სულ მეუბნებოდა: შვილო, ეგ ბიჭი კი მომწონს, მაგრამ ისეთი ოჯახიდანაა, ისეთი წრე ჰყავს, სარძლოდ დაგიწუნებენ და არ მინდა, მთელი ცხოვრება დაჩაგრული იყოო. თუმცა, ცდებოდა და თან, მწარედ. რძლადაც მიმიღეს და დღემდე ხელისგულზეც მატარებენ. სამწუხაროდ, მე და ჩემი მეუღლე სულ ერთი წელი ვიყავით ერთად, მეგობრის დაბადების დღიდან ვბრუნდებოდით სახლში, როცა ავარიაში მოვყევით, ჩემი ქმარი ადგილზე დაიღუპა, მე კი მძიმედ დავშავდი, ორსულად ვიყავი და ბავშვიც დავკარგე. ქმრის დასაფლავებას არ დავსწრებივარ, რადგან სიკვდილს ვებრძოდი და გული მწყდება, რომ ბოლოს ვერ გამოვემშვიდობე. თუმცა, რომ გამოვკეთდი, მისმა მშობლებმა საავადმყოფოდან, პირდაპირ თავის სახლში წამიყვანეს და მითხრეს: შვილო, ერთი შვილი დავკარგეთ, შენ დაგვრჩი და არსად გაგიშვებთო. ალბათ, ბევრისთვის ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ დღემდე მათთან ვცხოვრობ, თან ჩემს მეორე ქმართან და შვილებთან ერთად. ყოველდღე დავდიოდი სასაფლაოზე და ჩემი ტირილის ხმა არემარეს აყრუებდა. მერე ნელ-ნელა მივეჩვიე მის გარეშე ცხოვრებას, მივიღე რეალობა ისეთი, როგორიც იყო და გავაგრძელე სიცოცხლე. დედამთილ-მამამთილი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ დარდი შეემსუბუქებინათ, მიუხედავად იმისა, თავად რა დღეშიც იყვნენ. წლები რომ გავიდა, თავად გამოთქვეს აზრი, გავთხოვილიყავი. საქმროც შემირჩიეს და მითხრეს: გვინდა, ამ სახლში სიცოცხლე გაგრძელდეს, ჩვენი შვილი აღარ დაბრუნდება, ჩვენც ვბერდებით, შენ კი ახალგაზრდა ხარ და აუცილებლად უნდა გათხოვდე და გყავდეს შვილები, ჩვენც გვინდა შვილიშვილებს მოვესწროთ და ჩვენს ხელში გაიზარდონო. ერთი სიტყვით, ბიჭი, რომელიც მათვე შემირჩიეს ქმარად, ახლო სოფლიდან არის, საკმაოდ კულტურულ ოჯახში აღზრდილი. მოვაწერეთ ხელი, რესტორანში პატარა სუფრაც გამიკეთეს ჩემებმა, ჩემი პირველი ქმრის დედამ და მამამ კი სამოგზაურო თანხა მოგვცეს და თაფლობის თვე საბერძნეთში გავატარეთ. იქიდან დაბრუნებულები კი პირდაპირ მათთან მივედით და დავიწყეთ ერთად ცხოვრება. იმ დღის მერე საკმაო წლები გავიდა, სამი შვილი მყავს და ჩემი პირველი ქმრის დედამ და მამამ როგორც საკუთარი, ისე გაზარდეს, მათზე ამოსდით მზე და მთვარე და ბავშვებიც გიჟდებიან ბებოსა და პაპაზე. ჩემი ქმარი კი უდიდეს პატივს სცემს, თვალებში უყურებს, არაფერს აკლებს. დიდი ვენახები და ბაღები აქვთ და ყველაფრის მოვლა-პატრონობა საკუთარ თავზე აიღო. ჩემი პირველი ქმრის მშობლებს დედ-მამას ვეძახი და მამა ხშირად ამბობს: რა სიმწარეც ვნახე, უფალმა შვილიშვილების ბედნიერებით ჩამინაცვლა, ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ შენ აგირჩია ჩემმა შვილმა და ჩვენი ქალიშვილი გახდი. შენი ქმარი კი შვილივით მივიღეთ და უფალს მადლობა, მასშიც გაგვიმართლაო. ხშირად დავდივართ სასაფლაოზე და იქ მისულს კიდევ უფრო მტკივა გული. არ ვიცი, რის გამო დამასაჩუქრა ასეთი ხალხით ღმერთმა, მაგრამ იმის პასუხიც არ მაქვს პირველ სიყვარულთან ასე მალე რატომ დამაშორა. ბედზე არ ვწუწუნებ, რადგან დედა ვარ და უთბილესი ოჯახი მაქვს, ირგვლივ უტკბილესი ხალხი მახვევია, მაგრამ ის სიმწარე, რაც გადავიტანე, სულ მახსოვს და მტკივა.

ნინო, 43 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი