გულახდილი საუბრები

მიუხედავად დედამთილის მცდელობისა, ოჯახი არ დავანგრიე და ქმარი შევინარჩუნე

№36

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 17.09

გულახდილი საუბარი - tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

პატარა ასაკში არ გავთხოვილვარ და არც მეორე ნახევარი ამირჩევია გაუაზრებლად და მხოლოდ ვნებებზე აყოლით. შემიყვარდა, შევუყვარდი, სამომავლოდ ყველა დეტალი გავთვალეთ და ისე გადავწყვიტეთ ოჯახის შექმნა. ძალიან ვუგებდით ერთმანეთს და ვიცოდი, საუკეთესო ცოლ-ქმარი ვიქნებოდით, შვილებსაც თბილ გარემოში გავზრდიდით და გვექნებოდა მყუდრო და მოსიყვარულე ოჯახი. თუმცა, ვინ გვაცადა. ახალი გათხოვილი ვიყავი, დედამთილმა რომ ბრჭყალები გამოაჩინა.

თან, ისე იქცეოდა, ვითომ თბილად და ტკბილად, დედაშვილურად მარიგებდა, არადა, ძალიან მტკენდა გულს, თან ამას განზრახ აკეთებდა. თავიდან ვერ ვხვდებოდი, რატომ იქცეოდა ასე, მაგრამ მერე თავად მითხრა, რომ თავისი შვილისთვის კოლეგის ქალიშვილი უნდოდა ცოლად. თურმე ის გოგო ჩემზე ლამაზი ყოფილა, მდიდარი ოჯახიშვილი და თან, საკუთარი ბინითა და მანქანით უზრუნველყოფილი. მოკლედ, ეს დედაკაცი ქონებას და ფულს იყო დახამებული და არა მისი შვილის კეთილდღეობაზე მზრუნველი. სხვათა შორის, ამ თემას რომ შეეხო და კამათი მოგვივიდა, მაშინ უთხრა თავისმა შვილმა: ხომ იცი, დედა, ის გოგო არ მომეწონა. ვინც მიყვარდა, მოვიყვანე და შეეგუეო. ერთი სიტყვით, მჩხიბავი არ დატოვა ჩემმა დედამთილმა, რომ არ მისულიყო. ალბათ, უნდოდა ასე მოვეშორებინე, მაგრამ არ გამოუვიდა. ჩემს ქმარს ძალიან კარგი დეიდები ჰყავს და მათთან არაჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს. თავიდანვე გვერდით მედგნენ, მიცავდნენ და დას საყვედურებით ავსებდნენ. მაინც ვერაფერი შეაგნებინეს. გაიძახოდა, ჩემს შვილს საუკეთესო გოგოს ვურიგებდი და ეს ვინ შემომიყვანა სახლშიო. მთელი ორსულობა სტრესსა და ნერვიულობაში გამატარებინა. ბავშვი რომ დაიბადა, ცოტა მოთბა, მაგრამ მაინც არ მაკლებდა გადაკრულ საუბრებს. ბოლოს კი, როცა ბავშვი გაიზარდა და მასთან დაიწყო უაზრო საუბრები, მერე მეც აღარ დავიხიე უკან. კარგად გამოვლანძღე და ქმარს ულტიმატუმი წავუყენე – ან მე ან დედაშენი-მეთქი. ჩემმა ქმარმა ზუსტად იცოდა დედამისის ხასიათი, მეც კარგად მიცნობდა და რა თქმა უნდა, მე და ბავშვი აგვირჩია. ბინა იქირავა და იქ გადავედით საცხოვრებლად. ქალბატონს არ დავანგრევინე სიყვარულით შექმნილი ოჯახი, ქმარიც შევინარჩუნე და ერთმანეთთან გადასარევი ურთიერთობა გვაქვს. ის კი ზის მარტო და სულ იმის მოლოდინშია, კარს როდის შევუღებთ. ჩემს მამათილს სხვა ოჯახი ჰყავდა და რომ გარდაიცვალა, ქალბატონი მის პანაშვიდზე ვნახე. მაშინ მთხოვა, გადმოდით ჩემთან, რატომ ყრით ამდენ ფულს ქირაში, ერთად ვიცხოვროთ, რა გვაქვს გასაყოფი, ერთი ოჯახი ვართო. აღარ მინდოდა ნერვების მოშლა და აყოლა. არ დამვიწყებია, როგორ მინგრვდა ოჯახს, რას აღარ მკადრებდა და მის გვერდით ცხოვრება კი არა, მისი დანახვაც კი არ მინდა. უბრალოდ, ჩემს ქმარს ვცემ პატივს და ზედმეტს არ ვაკადრებ, თუმცა არც მოვუთმენ თუ რამეს ცუდს იტყვის ჩემზე ან არასწორად მოიქცევა. ასეა, როცა ხვდებიან, ბერდებიან და სჭირდები, მერე იტკბობენ ენას. მე არც შვილს ვუშლი მასთან კონტაქტს და არც შვილიშვილს, მიდიან კიდეც და ხედავენ. რაც საჭიროა ყველაფერს ყიდულობენ და მიაქვთ, მაგრამ მე იმ სახლში ფეხის დამდგმელი არ ვარ და ამას ვერავინ მაიძულებს. იციან, როგორ მაქვს გული ნატკენი, რამდენი დამცირება მივიღე, რამდენი ცრემლი ვყლაპე და როგორ გამანადგურა ფსიქოლოგიურად დედამთილმა, რომლისთვისაც კარგის მეტი არაფერი მიკეთებია. ახლა იყოს მარტო და ელოდოს როდის მომილბება გული. არასდროს ვუსურვებ ცუდს, უბრალოდ, მინდა ცხოვრების ბოლომდე იწვნიოს ის, რაც გააკეთა.

თეა, 41 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი