გულახდილი საუბრები

რატომ მიდის ერთმანეთისგან ცოლ-ქმარი ბევრად ადრე, სანამ ფიზიკურადაც დაშორდებიან

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 21.08

გულადილი საუბრები
დაკოპირებულია

ხშირად გვგონია, რომ სიყვარული ერთი დიდი აფეთქებით მთავრდება: კარის ხმაურიანი მიჯახუნებით, ჩემოდნით, ცრემლებით, სიტყვებით – „აღარ მიყვარხარ“.

მაგრამ ცხოვრება იშვიათად ჰგავს სერიალს. სიყვარული უფრო ჩუმად მიდის.

ჯერ დილის ყავა ქრება, მერე – მოკითხვა, შემდეგ – ჩახუტება.

ერთ დღეს კი ხვდები, რომ ერთი სახლის სხვადასხვა ოთახში ცხოვრობთ და მხოლოდ იმაზე ლაპარაკობთ, ვინ გაიტანს ნაგავს, ვინ წავა ბავშვის მშობელთა კრებაზე და როდის არის გადასახადების გადახდის ბოლო ვადა. მაგრამ, ამ დროს სიყვარული ჯერ კიდევ სახლშია. უბრალოდ, აღარავის სცალია მისთვის.

ეს არ არის ამბავი მხოლოდ ღალატზე. ეს არის ისტორია იმ სიყვარულზე, რომელიც ვალდებულებების ქვეშ „გაისრისა“, იმ კაცზე, რომელიც წავიდა და იმ ქალზე, რომელმაც წლების შემდეგ პირველად იპოვა საკუთარი თავი.

– როდის მიხვდით, რომ თქვენს ოჯახში რაღაც შეიცვალა?

თიკა (47 წლის): არ ვიცი... და ეს პასუხი ყველაზე გულწრფელია. რომ მკითხოთ, რომელ დღეს დაიწყო ყველაფერი, ვერ გეტყვით. იმიტომ, რომ ოჯახები ერთ დღეში არ ინგრევა. წყვილები ყოველდღე ცოტ-ცოტას კარგავენ – ჯერ ერთმანეთს აღარ ელოდებიან, მერე აღარ ურეკავენ, მერე აღარ უყურებენ და ბოლოს... ერთმანეთის გარეშე ცხოვრებას ეჩვევიან…

– როგორი იყო თქვენი ყოველდღიურობა?

– პირველი სამი წელი – რომანტიკული. მერე – დილით შვიდ საათზე ვდგებოდი. საუზმე, ბავშვების სკოლა, სამსახური, მაღაზია, სახლი, საჭმელი, სარეცხი, ბავშვების გაკვეთილები. ღამის თორმეტ საათზე კი მხოლოდ ერთი სურვილი მქონდა, დამეძინა.

იმ დროს არც მიფიქრია, რომ ჩემს ქმარს შეიძლება, უბრალოდ უნდოდა, მის გვერდით ქალი ეგრძნო და არა მხოლოდ იდეალური დიასახლისი.

– ბოლოს როდის გითხრათ: „ლამაზი ხარ“?

– არ მახსოვს. და ყველაზე საშინელი ის არის, რომ მეც აღარ მითქვამს მისთვის – „დღეს კარგად გამოიყურები.“ ჩვენ ერთმანეთის კომპლიმენტების თქმაც დაგვავიწყდა.

– როდის მიხვდით, რომ სხვა ქალი ჰყავდა?

– სხვები ამბობენ, ქალები ყველაფერს გრძნობენო. მე ვერ ვიგრძენი. იმიტომ, რომ იმდენად გადაღლილი ვიყავი, ეჭვიანობისთვისაც აღარ მეცალა.

– აბა, როგორ გაიგეთ?

– ერთ საღამოს სახლში გვიან მოვიდა. საერთოდ არაფერი უთქვამს. მეორე დილით კი ძალიან სევდიანად, მაგრამ სერიოზულად მითხრა: „ასე ცხოვრება აღარ მინდა“.

ერთი წამით გავიფიქრე, რომ სამსახურზე ლაპარაკობდა. აღმოჩნდა, რომ ოჯახს გულისხმობდა.

– თქვა, რომ სხვა შეუყვარდა?

– არა. ისეთი რაღაც თქვა, ეს უფრო მეტკინა. მითხრა: „იმასთან ისევ ვიცინი“. ეს სიტყვები დღემდე მწარედ მესმის. იმიტომ, რომ ვეღარ გავიხსენე, ბოლოს ჩვენ როდის ვიცინეთ ერთად.

– გაბრაზდით?

– ძალიან. მაგრამ ყველაზე მეტად იმ ქალზე კი არა, საკუთარ თავზე. სარკეში ჩავიხედე და პირველად ვკითხე ჩემს თავს: „ბოლოს როდის იცხოვრე შენთვის?“ ვერ გავიხსენე ეს ამბავი. დავჯექი და ავტირდი.

– ქალები ხშირად ამბობენ: „ოჯახისთვის ყველაფერი გავაკეთე“. თქვენც ასე ფიქრობდით?

– დიახ. მაგრამ მერე მივხვდი, რომ ძალიან მწარედ ვცდებოდი. ყველაფერი გავაკეთე, გარდა ერთისა – ჩვენი ურთიერთობისთვის თითქმის არაფერი გამიკეთებია. ბავშვებს ვზრდიდი, სახლს ვუვლიდი, ყველას ვუფრთხილდებოდი. არ გავუფრთხილდი მხოლოდ სიყვარულს. ერთმანეთზე აღარ ვზრუნავდით.

– ფიქრობთ, რომ ეს თქვენი ბრალი იყო?

– არა. და არც მისი. ყველაზე მარტივია, ერთი დამნაშავე იპოვო. სინამდვილეში კი. ორი კარგი ადამიანი შეიძლება, ისე გადაიღალოს ცხოვრებით, რომ იქ სიყვარულის ადგილი აღარ დარჩეს.

– იმ წლებში დაბრუნება რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?

– კვირაში ერთხელ მაინც ტელეფონს გამოვრთავდი. ბავშვებს ბებიასთან დავტოვებდი და მასთან ერთად გავისეირნებდი, უბრალოდ, უმიზეზოდ. დღეს ეს ძალიან მარტივად ჟღერს. მაშინ კი მეგონა, დრო არ გვქონდა. ახლა ვიცი, დრო გვქონდა, უბრალოდ, ეს პრიორიტეტები არ გაგვაჩნდა.

– აპატიეთ?

– ღალატს გულისხმობთ? არა. მაგრამ გაბრაზებული აღარ ვარ. იმიტომ, რომ ბრაზით ცხოვრება უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე პატიებით. უბრალოდ, ვცდილობ, ჩემი ცხოვრების ეს ფურცელი ჩავხურო.

– დღეს თუ შეხვდებით, რას ეტყვით?

– ალბათ, არაფერს. ისიც არ ვიცი, შევძლებ თუ არა კომუნიკაციას. გაღიმებას. თუმცა, დამნაშავე მეც ვარ. არ შეიძლება, ქალი მხოლოდ ვიღაცის დედა იყოს, ან მხოლოდ დიასახლისი, ან მხოლოდ თანამშრომელი, ან მხოლოდ მეუღლე. ერთ დღეს აუცილებლად უნდა ჰკითხო საკუთარ თავს: „მე სად ვარ ამ ყველაფერში?“

– სიყვარულის ისევ გჯერათ?

– გაგიკვირდებათ და კი. თანაც, დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოცდაათი წლის ასაკში. რადგან ახლა ვიცი, სიყვარული მხოლოდ გრძნობა არ არის, ის ყოველდღიური ზრუნვაა, დაინტერესებაა. ერთმანეთის მოსმენაა... და ზოგჯერ სამზარეულოში ერთად გატარებული ათი წუთი. ნუ დაელოდებით იმ დღეს, როცა თქვენი ქმარი გეტყვით: „უნდა დაგელაპარაკო“. საღამოს, როცა ორივე სახლში ხართ, დაისხით ჩაი, გამორთეთ ტელევიზორი, დადეთ ტელეფონები და ჰკითხეთ: „როგორ ხარ?“. შეიძლება ამ ერთმა კითხვამ მთელი ოჯახი გადაარჩინოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი