გულახდილი საუბრები

ვინ არის „ის“ წყვილის ცხოვრებაში და როგორ იგება სასიყვარულო სამკუთხედი

№15

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 19.04

ნიღაბი
დაკოპირებულია

სასიყვარულო სამკუთხედი – ეს არის მრავალჯერ გაგონილი ამბავი და გადაულახავი ბარიერი ბევრი წყვილისთვის, რომლებიც ადრე ერთად ბედნიერად ცხოვრობდნენ. ხშირად მოისმენთ გულისტკივილით ნაამბობ ამბავს, ერთ დროს დიდი და ლამაზი სიყვარულის შესახებ. ზოგჯერ უყურებ წყვილს და ფიქრობ – აი, როგორია ნამდვილი სიყვარული! მაგრამ დგება დღე და ეს ყველაფერი სრულდება, როცა ჩნდება „ის“ – სასიყვარულო სამკუთხედის მესამე წახნაგი…

მაკა (44 წლის): რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში? კატასტროფა და ჩემი სამყაროს მსხვრევა. ძალიან მიჭირს, ასე, სახალხოდ ვთქვა ჩემი სათქმელი. ძნელია, ფურცელზე დავტიო ამდენი ტკივილი, რომელიც მარტო ჩემია.

– მეუღლესთან ყველაფერი კარგად გქონდათ?

– მე რეალისტი ადამიანი ვარ. თავი არასოდეს მომიტყუებია. დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ სანამ „ის“ ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდებოდა, ლამაზი ოჯახი გვქონდა და მომავალიც გვეიმედებოდა. მერე გამოჩნდა „ის“ და გააფერმკრთალა, გაიცრიცა ჩემი ლამაზი სამყარო. თავზე რომ ჩამოგენგრევა ყველაფერი, აი, ასე ვარ დღემდე. თანაც ეს ნგრევა იმდენად სწრაფად მოხდა, ვერც კი გავაცნობიერე, რა მჭირდა. გაუსაძლისი იყო ყოველ საღამოს ჩემი შვილის შეკითხვა: „დედიკო, დღეს მამიკო მოვა?“

– რაც გაშორდით, სულ ასე ხართ?

– დიახ. არ მინდა, მაგრამ არაფრის შეცვლის უნარი არ მაქვს. ამდენი ხანი გამუდმებით ვეძებდი საკუთარ თავში დანაშაულის საწყისს – იქნებ, ღირსი ვარ, რომ მიმატოვა და სხვასთან წავიდა-მეთქი. პასუხს ვერ ვპოულობდი. ერთ დღეს იმ „მესამესთან“ შეხვედრა და საუბარიც კი გადავწყვიტე, მაგრამ მან არ მოინდომა. თავი საშინლად დამცირებულად ვიგრძენი. შემომითვალა – მე რა შუაში ვარ, ჩემი სინდისი სუფთააო. მერე კი უტიფრად ჩამოთვალა თავისი „ღირსებები“ – თურმე, სხვაზე უკეთესია. რომ მისი და ჩემი ქმრის ურთიერთობა ნამდვილი ხელოვნებაა და ყველას შურს, რომ კაცები ყოველთვის ფეხქვეშ ეგებოდნენ და ჩემი ყოფილი ქმარი იქით ეხვეწებოდა… გავნადგურდი.

– ანუ, ამ „მესამეს“ იოლად შეუძლია, საკუთარი ცოდვა სხვას გადააბრალოს? – „რა ჩემი ბრალია, რომ გულში აქამდე გაუგონარმა და არნახულმა სიყვარულმა ამოხეთქა?!“

– დიახ. ზუსტად ასე იყო. ჩემმა ქმარმა მითხრა, მე მისთვის ყველაფერი ვარ. მეუბნება, რომ მხოლოდ ახლა მივხვდი, რას ნიშნავს ნამდვილი მამაკაცის გვერდით ყოფნაო... თაღლითი და გველია. თურმე ის უფრო იმსახურებს იმ კაცის სიყვარულს, რომელიც ადრე სხვისი ქმარი იყო და ახლა მხოლოდ მისი კუთვნილებაა. თურმე, დედამიწამ მის გარშემო უნდა იბრუნოს და ბედნიერი იყოს, თუნდაც, ამას უდანაშაულო ადამიანები და მცირეწლოვანი შვილები ემსხვერპლონ. მიკვირს, ნუთუ ერთხელაც არ დაფიქრებულა იმაზე, რომ კაცი, რომელმაც ოჯახი მიატოვა და საყვარელი ადამიანები გაწირა, ხვალ მასაც გაწირავს? ან, ნეტავ, თუ სჯერა, რომ სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას ააგებს? არავინ უყვარს მაგას. საერთოდ არავინ, თორემ სხვისი სიყვარულის დანახვასა და გაგებასაც შეძლებდა, საყვარელ კაცს საზოგადოების თვალში ღირსებას არ დაუკარგავდა, ოჯახს არ დაუნგრევდა, არც მის შვილებს გაწირავდა უმამობის ტკივილისა და სირცხვილისთვის. მისი, ეგრეთ წოდებული, „სიყვარული“, გრძნობა კი არა, ახირებაა, თავკერძა ქალის კაპრიზია. მე სხვაგვარი სიყვარული ვიცოდი და სწორედ ისეთი მინდოდა. იმ ბიჭმა კი, მე რომ მიყვარდა, საოცრად კარგმა და კეთილმა, სხვანაირი სიყვარული მასწავლა. საოცრად სუფთა. არავისთვის არაფერი წამირთმევია. თვალები უცინოდა და ჩემკენ მოუხაროდა. მეც ვზრდიდი და ვასაზრდოებდი ამ სათუთ და უდიდეს გრძნობას. ახლა კი ყველაფერი დაცარიელდა.

ვიცი, ის ქალბატონი ამ ყველაფერს რომ წაიკითხავს, აბობოქრდება და იტყვის: მე რა შუაში ვარ, თავის ქმარს მოჰკითხოს ყველაფერი და მას დასდოს ბრალიო...

– იქნებ, მართლაც თქვენი მეუღლე უნდა დაადანაშაულოთ?

– ეს კიდევ სხვა თემაა. ბუნებრივია, ისიც არ არის მართალი. ისიც ხომ ამ სამკუთხედის ერთი წვეროა. მაგრამ მე ჩემს ქმართან დიდი სულიერი მეგობრობა მაკავშირებდა (ან შეიძლება, მე მეჩვენებოდა ასე), მაგრამ ისეთი სიმდაბლე გამოიჩინა, მის საქციელს არც გამართლება აქვს და არც შენდობა უხერხდება.

გაგიკვირდებათ, მაგრამ მაინც მაქვს ხვალის იმედი. ზუსტად ვიცი, რომ ბოროტება დროშია შეზღუდული, რომ როცა ერთი კარი იკეტება, აუცილებლად გაიღება მეორე.. .ისევ შევძლებ, ბედნიერი ვიყო, თუნდაც, ჩემი შვილებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

17-23 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი