როდის იწყებს ქალი ცხოვრებას სულ სხვანაირად და რატომ აღარ ეშინია ამ დროს მარტო დარჩენის
ავტორი: დალი მიქელაძე 48 წუთის წინ
ზოგჯერ ქალის ცხოვრებაში ყველაზე დიდი გარდატეხა არც ახალი ვარცხნილობაა, არც განქორწინება, არც ახალი სიყვარული და არც კარიერული წარმატება. ყველაზე დიდი ცვლილება მაშინ ხდება, როცა მას საკუთარ თავთან მარტო დარჩენის აღარ ეშინია.
ის აღარ ეძებს მუდმივად მოწონებას. აღარ ამოწმებს, სწორად მოიქცა თუ არა. აღარ უხსნის ყველას, რატომ წავიდა, რატომ დარჩა, რატომ შეიცვალა, რატომ აღარ უნდა ის, რაც გუშინ უნდოდა... და ყველაზე მთავარი – მას აღარ ეშინია საკუთარი სურვილების.
არსებობენ ქალები, რომლებიც ერთბაშად აღმოაჩენენ ხოლმე, რომ მთელი ცხოვრება სხვების კომფორტს იცავდნენ და საკუთარი სიმშვიდე სრულიად დავიწყებული ჰქონდათ. დღეს ისინი სხვანაირად ცხოვრობენ. არ ამბობენ, რომ ყველა პრობლემა მოაგვარეს. პირიქით, ისინი აღიარებენ, რომ ზოგჯერ ისევ ეშინიათ. მაგრამ ერთი რამ მათში უპირობოდ იცვლება – შიშს აღარ აძლევს უფლებას, გადაწყვეტილებები მის მაგივრად მიიღოს.
ლიკა (39 წლის): ყველაზე რთული იმის გაცნობიერება აღმოჩნდა, რომ თურმე, საკუთარ თავს საერთოდ არ ვიცნობდი. იცით, როდის მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა? ალბათ, იმ დღეს, როცა სარკეში ჩავიხედე და საკუთარ თავს ვკითხე: „მე ვინ ვარ? სად ვარ და რა მინდა?“
ეს ძალიან უცნაური შეგრძნება იყო. ერთი შეხედვით თითქოს ყველაფერი წესრიგში მქონდა – ოჯახი, სამსახური, სახლი, მეგობრები. ყველასთვის ვიყავი კარგი ქალი, კარგი დედა, კარგი მეუღლე, კარგი შვილი, კარგი მეგობარი. მაგრამ საკუთარ თავთან როცა ვრჩებოდი, საერთოდ არ ვიცოდი, რა მინდოდა. რა მომწონდა? რაზე ვოცნებობდი? რა მაღიზიანებდა? ამ კითხვებზე პასუხი აღარ მქონდა.
– როგორ შეიძლება, ადამიანმა საკუთარი თავი დაკარგოს ისე, რომ ამას წლების განმავლობაში ვერ მიხვდეს?
– მაგალითად, ასე – ყოველ ჯერზე ამბობ: „არა უშავს“. არა უშავს, რომ დაღლილი ხარ; არა უშავს, რომ შენი აზრი არ გაითვალისწინეს; არა უშავს, რომ შენს სურვილს ისევ სხვისი სურვილი ამჯობინე და... ერთ დღეს ხვდები, რომ მთელი ცხოვრება „არა უშავსებით“ გაქვს აშენებული. მე კი ვფიქრობდი, რომ ძლიერი ქალი ვიყავი, რადგან ყველაფერს ვითმენდი. მეშინოდა, რომ თუ „არას“ ვიტყოდი, ვინმეს ვაწყენინებდი; თუ ჩემს აზრს ხმამაღლა ვიტყოდი, ეგოისტად ჩამთვლიდნენ; თუ რაღაცას ჩემთვის გავაკეთებდი, იტყოდნენ, რომ ოჯახი აღარ მაინტერესებს; თუ ურთიერთობაში პრობლემას ვაღიარებდი, მომიწევდა გადაწყვეტილების მიღება... ანუ, ყველაზე მეტად საკუთარი გადაწყვეტილებების მეშინოდა.
სხვებისგან რჩევას მუდმივად ვიღებდი. ზოგჯერ ისეთ ადამიანებსაც კი ვეკითხებოდი, რომლებმაც ჩემი ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერი იცოდნენ. მთავარი იყო, გადაწყვეტილება მე არ მიმეღო.
– რატომ?
– იმიტომ, რომ მაშინ პასუხისმგებლობაც მე დამეკისრებოდა. მაგრამ როცა საკუთარ თავს უსმენ, ვეღარავის დააბრალებ. ეს ჩემთვის ძალიან საშიში აღმოჩნდა. მერე მივხვდი, რომ შიში აღარ უნდა ყოფილიყო ჩემი ცხოვრების მთავარი მმართველი. მაშინ პირველად ვკითხე საკუთარ თავს: მე რა მინდა?
ერთ დღეს უარი ვთქვი შეხვედრაზე, სადაც წასვლა საერთოდ არ მინდოდა. მეორე დღეს სამსახურში რაღაცაზე ჩემი აზრი ვთქვი და წინასწარ აღარ ვიფიქრე, ვინ რას იფიქრებდა. შემდეგ მარტო წავედი კაფეში. მერე მეგობრებთან ერთად რამდენიმე დღით ქალაქიდან გავედი... შეიძლება, ეს ყველაფერი სხვებისთვის უმნიშვნელო იყოს, მაგრამ ჩემთვის უზარმაზარი ნაბიჯები იყო. იმიტომ, რომ პირველად ვაკეთებდი რაღაცას იმის მიხედვით, მე რას ვგრძნობდი და არა სხვები რას ელოდნენ ჩემგან. ადრე მეშინოდა ჩემი სურვილების. მეშინოდა ჩემი ამბიციის. ჩემი სევდის... ახლა კი ვიცი, რომ ყველა ეს გრძნობა ჩემი ნაწილია.
– თქვენი ცვლილება ახლობლებმა როგორ მიიღეს?
– ყველას არ მოეწონა. ზოგიერთმა მითხრა: „ძალიან შეიცვალე“. სხვამ – „ადრე ასეთი არ იყავი“. ოჯახის ერთმა წევრმა პირდაპირ მითხრა: „თავი ზედმეტად შეგიყვარდა“. პირველად არ დავიწყე თავის მართლება. ახლა უკვე ვფიქრობ, რომ თუ საკუთარი თავის სიყვარული ვინმესთვის პრობლემაა, ეს უკვე ჩემი პრობლემა აღარ არის.
როცა ყოველთვის ყველაფერზე თანახმა ხარ, შენს „არას“ ადამიანები პირად შეურაცხყოფად აღიქვამენ. როცა ყოველთვის ყველას პრობლემას აგვარებ, ერთ დღეს თუ იტყვი „ახლა მე მჭირდება დასვენება“, ეგოისტი ხდები. საზღვრები აუცილებელია და საზღვრების დაწესებისას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ ვისწავლე: სხვა ადამიანის უკმაყოფილება ყოველთვის არ ნიშნავს, რომ შენ რაღაც არასწორად გააკეთე. სხვათა შორის, მარტო დარჩენის ისევ მეშინია. ვინც ამბობს, რომ საერთოდ არაფრის ეშინია, ალბათ, საკუთარ თავს ატყუებს. მაგრამ ახლა ვიცი: მარტო ყოფნა ჯობია იმ ურთიერთობას, სადაც საკუთარ თავთან მაინც მარტო ხარ.
– რაში გამოიხატა თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი ცვლილება?
– ადრე ხშირად ვაკეთებდი იმას, რაც ვიცოდი, რომ ჩემთვის კარგი არ იყო. ახლა, თუ საკუთარ თავს რაღაცას ვპირდები, ვცდილობ, შევასრულო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





