ცოლის ღალატმა აწყობილი ცხოვრება თავზე ჩამომანგრია
ავტორი: „თბილისელები“ 55 წუთის წინ
ყოველთვის თავაწეული დავდიოდი, რადგან ოჯახშიც, სამსახურშიც, სანათესაოსა და სამეგობროში, ყველგან ურთიერთობა დალაგებული მქონდა.
ყველასგან პატივისცემას ვგრძნობდი და მეამაყებოდა, რომ ჩემი შვილები ასეთ ოჯახში, ასეთი დედ-მამის გვერდით იზრდებოდნენ. ეკლესიაში შესული ღმერთს მადლობას ვუხდიდი ყველაფრისთვის და მხოლოდ ერთს – ჯანმრთელობას ვთხოვდი. საბედნიეროდ, დედ-მამაც ცოცხალი მყავს და ჩემი ძმის ოჯახიც საკმაოდ წარმატებულია. ერთი სიტყვით, ცხოვრება რომ მიხაროდა, არაფერი მაკლდა და მხოლოდ იმის ფიქრში ვიყავი, შვილებისთვის რომელ უცხო ქვეყანაში გამეგრძელებინა სწავლა, სწორედ მაშინ დამემხო ცა თავზე და მიწა გამომეცალა ფეხქვეშ. ორ შვილს ვზრდიდი, უფროსი გოგონა ჩემი ბიოლოგიური შვილი არ არის, მაგრამ წლინახევრის იყო, დედამისი რომ ცოლად მოვიყვანე და საკუთარივით გავზარდე. მის სიყვარულში ვერავინ შემეცილება, მით უმეტეს, მამამისი, რომელსაც არც კი ახსოვს მისი არსებობა. ის რომ მამას დამიძახებს, მგონია, ჩემზე ბედნიერი დედამიწაზე არავინაა. ბიჭი კი, ქორწინებიდან ოთხი წლის მერე მეყოლა და აი, ის ემოცია, დღემდე სასწაულად მახსოვს. ცოლს ვთხოვდი, კიდევ გაგვეჩინა შვილები, თუმცა, მისგან უარს ვიღებდი. მეუბნებოდა: გოგოც გვყავს და ბიჭიც, იმ ასაკში ვარ, ორსულობა და მესამე შვილის გაჩენა ჩემთვის მარტივი არ იქნება და გთხოვ, ამაზე საუბარი არ იყოსო. ვფიქრობდი, ცოტა დრო რომ გავა, იქნებ გადმოვიბირო-მეთქი და რას წარმოვიდგენდი, თუ ბიჭიც არ იყო ჩემი ბიოლოგიური შვილი. შემთხვევით გავიგე, რომ თურმე, მისი ყოფილი შეყვარებულისგან დარჩენილა ორსულად და დამიმალა. წლები უცხოეთში ცხოვრობდა, არც კი იცოდა ბავშვის არსებობა და შემთხვევით, არ ვიცი როგორ, მაგრამ გაუგია. ჩემს ცოლს დალაპარაკებია, ამ ქალბატონს კი მისი დაქალებისთვის მოუყოლია და სწორედ მათგან გავიგე ეს ამბავი. მართალია პირდაპირ არ უთქვამთ, მაგრამ თბილისი პატარაა და ისეთმა ადამიანმა მითხრა, ასი პროცენტით რომ ვენდობი მის სიტყვას. ისე მიყვარს ჩემი ბიჭი, არარსებულია ის სხვა კაცს დავუთმო, გინდა ბიოლოგიური იყოს და გინდაც – არა. ის ჩემი შვილია და ვერ გადავიტან, სიმართლე რომ გაიგოს. თუმცა, ჩემს ცოლს საკადრისი პასუხი გავეცი, სამუდამოდ ავუკრძალე ჩემი ხსენება. შვილებს ავუხსენი, რომ უბრალოდ, აღარ მიყვარდა მათი დედა და ვშორდებოდი, მაგრამ მათ არასდროს მივატოვებდი და ჩემთან ცხოვრებაც კი შევთავაზე, მაგრამ არ მოინდომეს. არ ვიცი, რის გამო დავისაჯე ასე, რის გამო გავიწირე და რის გამო გავხდი თავმოყვარე კაცი ასეთი ღალატის ღირსი, მაგრამ ფაქტია, ამ ამბავმა დამანგრია, დამასამარა და ცოცხალ-მკვდარი დავდივარ. შვილები ხშირად მაკითხავენ და ისინი არიან ჩემი სიცოცხლის აზრი. გოგომ, მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკიც კი არ იცოდა, ჩემთან რომ მოვიდა და ახალი ფეხადგმული იყო, იცის მისი ბიოლოგიური მამა რომ არ ვარ, მაგრამ არასდროს გაუჟღერებია ეს და ყველას ეუბნება მამაჩემიაო. ბიჭს კი, გარდატეხის ასაკში ეს ამბავი როგორ უნდა ვუთხრა, წარმოდგენა არ მაქვს.
მამუკა, 39 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





