გულახდილი საუბრები

რას განიცდის კაცი, როდესაც ის ოჯახიდან მიდის

№36

ავტორი: დალი მიქელაძე 55 წუთის წინ

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ჩვენ ხშირად ვისმენთ ქალის ისტორიას, ქალის, რომელიც მიატოვეს, ქალის, რომელმაც აპატია ან ქალის, რომელმაც ვერ აპატია... მაგრამ იშვიათად ვუსმენთ მამაკაცს. ალბათ, იმიტომ, რომ მასზე გაბრაზება უფრო მარტივია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ოჯახიდან წავიდა, როცა სახლში ცარიელი კარადა დარჩა... და როცა შვილებმა ჰკითხეს: „მამა როდის მოვა?“ ამ კითხვაზე პასუხი არცერთ დედას არ აქვს.

დღევანდელი რესპონდენტი არ ცდილობს საკუთარი თავის გამართლებას. არ ამბობს, რომ მართალი იყო. არც იმას ამბობს, რომ არ ნანობს. ის მხოლოდ ცდილობს, პირველად თქვას ხმამაღლა ის, რასაც კაცები ხშირად საკუთარ თავსაც კი არ უყვებიან.

– ყველაზე ხშირად რას გეუბნებიან ადამიანები?

ნიკა (38 წლის): რომ ოჯახი დავანგრიე. და მართლებიც არიან. ამას ვერ უარვყოფ.

– მაშინ რატომ წახვედით?

– ამ კითხვაზე პასუხი ერთი წინადადება არ არის. სხვა ქალი მიზეზი არ ყოფილა. ის გაცილებით გვიან გამოჩნდა. მე გაცილებით ადრე დავიკარგე.

– რას ნიშნავს – „დაიკარგეთ“?

– იცით, როგორი შეგრძნებაა, როცა სახლში ბრუნდები და ყველაფერი თავის ადგილზეა... ყველასთვის საჭირო ხარ – ქმარი, მამა, შემომტანი, მძღოლი, ხელოსანი... ყველაფერი. უბრალოდ... მაგრამ შენ არსად ხარ, ადამიანი აღარ ხარ.

– ეს თქვენს მეუღლეს უთხარით?

– არა. კაცებს ერთი ცუდი ჩვევა გვაქვს. ვჩუმდებით. გვგონია, გავუძლებთ, ცოტა, მერე კიდევ ცოტა და კიდევ... ბოლოს კი სიჩუმე იმდენად იზრდება, რომ იქ სიყვარული ვეღარ ეტევა.

– როდის მიხვდით, რომ სხვა ქალი შეგიყვარდათ?

– არ შემყვარებია. ჯერ არა. ჯერ უბრალოდ... ვიღაცამ მკითხა: „დღეს როგორ ხარ?“ და მივხვდი, ამ კითხვას წლებია, არავინ მისვამდა.

– მართლა მხოლოდ ეს იყო?

– არა. მაგრამ ყველაფერი ასეთი პატარა რაღაცებით იწყება. ვიღაც გისმენს, იცინის შენს ხუმრობაზე, გეკითხება, დაღლილი ხომ არ ხარ... და უცებ ხვდები – ბოლოს როდის გიგრძნია, რომ ვიღაც შენზეც ზრუნავს.

– თქვენი ცოლი აღარ ზრუნავდა თქვენზე?

– არა. ასე ვერ ვიტყვი. ის მთელი ოჯახისთვის ზრუნავდა და მეც იმ ოჯახში შევდიოდი. უბრალოდ, ერთმანეთისთვის აღარ ვზრუნავდით.

– როდესაც წახვედით... გეშინოდათ?

– საშინლად. ყველას ჰგონია, რომ კაცი კარს აჯახუნებს და ბედნიერი მიდის. მე მანქანაში ვიჯექი ორმოცი წუთი მარტო. ვტიროდი ამხელა კაცი.

– ბავშვებზე არ იფიქრეთ?

– ყოველ წუთს და ეს დღემდე ყველაზე მძიმე ტვირთია. განქორწინების შემდეგ ყველაზე მეტად შვილების თვალები მახსოვს. იქ კითხვებია, რომლებზეც პასუხი არ გაქვს.

– როცა პირველად შეხვდით შვილებს წასვლის შემდეგ, რა გითხრეს?

– უმცროსმა მხოლოდ ერთი კითხვა დამისვა: „მამა... ჩვენთან აღარ იცხოვრებ?“ ყველა სასჯელს ეს ერთი კითხვა გადაწონის.

– ოდესმე ინანეთ?

– ყოველდღე. მაგრამ იცით, რას ვნანობ ყველაზე მეტად? იმას კი არა, რომ წამოვედი, არამედ მანამდე რომ არ ვილაპარაკე.

– დღეს ისევ იმ გადაწყვეტილებას მიიღებდით?

– არ ვიცი. დღეს, ალბათ, ყველაფერს ვცდიდი. ფსიქოლოგთან წავიდოდი, ვიტყოდი, ავუხსნიდი, ვიჩხუბებდი... იმიტომ, რომ სიჩუმე ყველაზე ცუდი მრჩეველია.

– ყოფილ მეუღლეს რას ეტყოდით?

– ბოდიში... არა იმიტომ, რომ სხვა შემიყვარდა, არამედ იმიტომ, რომ წლების განმავლობაში აღარ ვეუბნებოდი, რას ვგრძნობდი.

– გიყვარდათ?

– დღესაც მიყვარს. უბრალოდ... სიყვარული ყოველთვის საკმარისი არ არის, თუ მასზე აღარ ზრუნავ.

– რას ეტყოდით კაცებს, რომლებიც დღეს იმავე მდგომარეობაში არიან?

– ნუ დაელოდებით იმ დღეს, როცა სახლში წასვლა აღარ მოგინდებათ. ილაპარაკეთ, დახმარება ითხოვეთ, აღიარეთ, რომ გიჭირთ. ამის აღიარება არ არის თავის დამცირება.

– და ქალებს?

– ნუ დაივიწყებთ ერთმანეთს. ბავშვები გაიზრდებიან, კრედიტები დასრულდება, სახლი დალაგდება. მაგრამ თუ ამ წლების განმავლობაში ერთმანეთი დაკარგეთ, ძალიან ძნელია თავიდან პოვნა.

– ერთი წინადადებით რომ დაასრულოთ ეს ინტერვიუ, რას იტყოდით?

– ოჯახიდან იმ დღეს არ წავსულვარ, როცა ჩემოდანი ჩავდე, იმ დღეს წავედი, როცა ერთმანეთის მოსმენა შევწყვიტეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი