როგორია იმ ქალების ბედი, რომლებიც მთელი ცხოვრება ცდილობენ, რომ სწორად იცხოვრონ
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 02.10
არიან ქალები, რომლებიც მთელი ცხოვრება ცდილობენ, სწორად იცხოვრონ – სწორი განათლება, სწორი სამსახური, სწორი ასაკი ქორწინებისთვის, სწორი ოჯახი, სწორი ჩაცმულობა, სწორი ქცევა, სწორი პასუხები... და, რა თქმა უნდა, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა – „რას იტყვიან სხვები?“
ასეთ ქალებს ხშირად ბავშვობიდან ასწავლიან, რომ ცხოვრება წესების კრებულია. ზოგი წესი ოჯახმა უნდა დაგიწესოს, ზოგი – საზოგადოებამ, ზოგი კი – იმ უხილავმა „კანონმა “, თუ როგორი „უნდა იყოს“ კარგი ქალი. მაგრამ დგება მომენტი, როცა ქალი აუცილებლად ჰკითხავს საკუთარ თავს: „ეს ჩემი ცხოვრებაა თუ იმ წესების შესრულება, რომლებიც სხვებმა ჩემთვის დაწერეს? კი, მაგრამ სად ვარ მე? როდისმე ვიცოდი, რეალურად რა მინდოდა?“ ზოგისთვის ეს კითხვა მხოლოდ ფიქრად რჩება. ზოგი კი პასუხის გაცემას ცდილობს და მოქმედებას იწყებს.
ანა (42 წლის): მე ვარ ქალი, რომელმაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე დაკარგა რამდენიმე მეგობარი, შეიცვალა პროფესია, დაასრულა ურთიერთობა, რომელიც გარედან იდეალურად გამოიყურებოდა, დაიწყო მოგზაურობა მარტო, ისწავლა „არას“ თქმა და ყველაზე მთავარი – შეწყვიტა საკუთარი გადაწყვეტილებების მუდმივი გამართლება. მე არ ვამბობ, რომ ჩემი ახალი ცხოვრება იდეალურია. პირიქით, ვაღიარებ, რომ საკუთარი წესებით ცხოვრება ზოგჯერ ძალიან რთულია.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ზოგჯერ მარტოობა მოაქვს, ზოგჯერ სხვების გაღიზიანებას იწვევს, ზოგჯერ ოჯახთან გაუგებრობას, ზოგჯერ საკუთარ თავთან კამათსაც... მაგრამ, ჩემთვის უკვე არსებობს ერთი მთავარი განსხვავება: ახლა ჩემი შეცდომებიც და ჩემი გამარჯვებებიც ჩემია.
იცით, როგორ დაიწყო ყველაფერი? ერთ დღეს მივხვდი, რომ ძალიან „სწორად“ ვცხოვრობდი, მაგრამ ეს ცხოვრება ჩემი არ იყო.
– რას ნიშნავს თქვენთვის ფრაზა – „ქალი, რომელიც საკუთარ წესებს თვითონ წერს“?
– ჩემთვის ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალი ყველაფერს აკეთებს, რაც მოუნდება და არავის აზრს არ ითვალისწინებს. ეს უფრო რთული რამეა. საკუთარი წესებით ცხოვრება ნიშნავს, რომ ბოლოს და ბოლოს საკუთარ თავს ეკითხები: „მე რას ვფიქრობ, მე რა მინდა, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად ჩემია?“... მე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სხვების დაწერილი წესებით ვცხოვრობდი. და ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ამ წესებს ხშირად საერთოდ არავინ მაძალებდა. მე თვითონ მქონდა ისინი თავში. მაგალითად, რომ ქალი უნდა იყოს მოთმინებით სავსე, არ უნდა იყოს ზედმეტად ხმაურიანი, არ უნდა ილაპარაკოს ფულზე, არ უნდა ჰქონდეს ძალიან დიდი ამბიცია... თუ გათხოვილია, ოჯახი ყველაფერზე წინ უნდა დააყენოს და თუ დედაა, საკუთარ თავზე დროის დახარჯვა თითქმის დანაშაულია. თუ ურთიერთობა დასრულდა, უნდა იფიქროს, რას იტყვის ხალხი...
– როდის დაიწყეთ ამ წესების გადახედვა?
– ორმოცი წლის ასაკთან ახლოს. მანამდე ვფიქრობდი, რომ ყველაფერი ასე უნდა ყოფილიყო – სწავლა, სამსახური, ქორწინება, ოჯახი, ვალდებულებები, ყველაფერი თავის ადგილზე… მაგრამ ერთ დღეს მივხვდი, რომ ყველა ვალდებულებას კი ვასრულებდი, თუმცა საკუთარი სურვილებისთვის აღარაფერი მრჩებოდა. ამან შემაშინა.
– რა იყო პირველი წესი, რომელიც დაარღვიეთ?
– ალბათ ის, რომ „ყველას უნდა მოეწონო“. ერთ დღეს, უბრალოდ, მივხვდი, რომ ეს შეუძლებელია. თუ სხვების წესებით ცხოვრობ და რაღაც არ გამოგივიდა, შეგიძლია თქვა: „ასე მათ მირჩიეს“. მაგრამ, თუ შენ ირჩევ, პასუხისმგებლობაც შენზეა. როცა ურთიერთობა დავასრულე, ვიცოდი, რომ შეიძლება, დიდხანს ვყოფილიყავი მარტო. როცა ჩემს ცხოვრებაში გარკვეული ადამიანებისთვის „არა“ ვთქვი, ვიცოდი, რომ ზოგიერთი ურთიერთობა ამას ვერ გაუძლებდა. მაგრამ მაინც ეს ავირჩიე.
– ყველაზე დიდი პლუსი რა არის?
– თავისუფლება. დილით იღვიძებ და იცი, რომ ეს გადაწყვეტილება შენი იყო. შეიძლება, შეცდი, მაგრამ ეს შენ აირჩიე. ამით საკუთარ თავთან ურთიერთობა გიუმჯობესდება. როცა მუდმივად საკუთარ თავს ღალატობ, შინაგანად იცი ეს. შეიძლება, სხვებს უთხრა, რომ ბედნიერი ხარ, მაგრამ შენ იცი, რომ ასე არ არის. საკუთარი წესების დაწერა კი ნიშნავს, რომ თანდათან იწყებ საკუთარ თავთან ნდობის აშენებას.
– ქალს ხშირად მარტოობის ეშინია, ამიტომ თანხმდება იმაზე, რაც არ უნდა.
– შეიძლება, მარტო იყო და ძალიან მშვიდად გრძნობდე თავს. თუმცა, შეიძლება ადამიანებით იყო გარშემორტყმული და შინაგანად – სრულიად მარტო. ახლა აღარ მინდა ურთიერთობა მხოლოდ იმისთვის, რომ მარტო არ ვიყო. ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი წესია!
და კიდევ, სხვისთვის კარგ ქალად ყოფნა არ ნიშნავს, რომ საკუთარი თავისთვის ცუდი ქალი უნდა გახდე. თუმცა, თუ მე ჩემი წესები მაქვს, ეს არ ნიშნავს, რომ სხვების გრძნობები არ უნდა მაინტერესებდეს. თავისუფლება პასუხისმგებლობასთან ერთად უნდა მოდიოდეს. და კიდევ – არ უნდა დაწერო საკუთარი ცხოვრების წესები მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებს დაუმტკიცო, რომ თავისუფალი ხარ. რადგან, თუ მუდმივად სხვებს უმტკიცებ საკუთარ თავისუფლებას, ჯერ კიდევ მათი აზრის გავლენის ქვეშ ხარ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





