ვინ არ აძლევს ქალს დაბერების უფლებას
ავტორი: დალი მიქელაძე 11 წუთის წინ
ქალის ასაკი ხშირად არა მხოლოდ ბიოლოგიურ ფაქტად, არამედ საზოგადოებრივი შეფასების საფუძვლადაც იქცევა. ნაოჭები, ჭაღარა თმა, სხეულის ცვლილებები თუ სახის ბუნებრივი გარდაქმნა ზოგჯერ აღიქმება ნიშნებად, რომელთა დამალვაც აუცილებელია. ამასთან, მამაკაცების მიმართ ასაკობრივი ცვლილებების შეფასება ხშირად განსხვავებული სტანდარტებით ხდება. შედეგად, ქალს უწევს მუდმივად იზრუნოს არა მხოლოდ საკუთარ ცხოვრებაზე, არამედ იმ გარეგნულ იმიჯზეც, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღებად მიიჩნევა.
ნატა (49 წლის): ვარ ორი შვილის დედა, დასაქმებული, ოჯახური და პროფესიული პასუხისმგებლობებით დატვირთული.
– როდის იგრძენით პირველად, რომ ქალს ასაკის მატების უფლება თითქოს არ აქვს?
– ალბათ, მაშინ, როცა პირველად მითხრეს: „შენთვის ეს ვარცხნილობა აღარ არის შესაფერისი“ , ან „ასე რატომ იცვამ, უკვე ასაკი გაქვს“. მანამდე ასაკზე საერთოდ არ ვფიქრობდი. უბრალოდ, ვცხოვრობდი, ვმუშაობდი, შვილებს ვზრდიდი, მქონდა გეგმები და სურვილები. ერთ დღეს კი აღმოვაჩინე, რომ ჩემი ასაკი სხვებისთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ჩემი ხასიათი, გამოცდილება ან ის, რასაც ცხოვრებაში მივაღწიე. ყველაზე უცნაური ის არის, რომ ასაკს თითქოს ყველა ითვლის, გარდა თავად ქალისა. შენ შეიძლება, თავს ენერგიულად, ლამაზად და ახალგაზრდულად გრძნობდე, მაგრამ ვიღაც აუცილებლად შეგახსენებს, რომ უკვე 40-ის ხარ, 45-ის ან 50-ისკენ მიდიხარ. თითქოს ეს რაღაც გაფრთხილებაა: ახლა უკვე სხვანაირად უნდა მოიქცე, სხვანაირად ჩაიცვა, ნაკლებად გამოაჩინო საკუთარი თავი.
– ანუ საზოგადოება ქალს, ასაკის მატებასთან ერთად, გარკვეულ ქცევით ჩარჩოებსაც უწესებს?
– რა თქმა უნდა. თითქოს არსებობს უხილავი ინსტრუქცია, რომელიც არავის დაუწერია, მაგრამ ყველამ ზეპირად იცის. 20 წლის ქალს შეიძლება, თამამი ჩაცმა ეპატიოს, 40 წლისას კი უკვე ეკითხებიან, რატომ ცდილობს, ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს. თუ მოკლე კაბა ჩაიცვი, შეიძლება გითხრან, რომ ასაკს არ შეესაბამება. თუ მაკიაჟს არ გაიკეთებ, დაღლილი ხარო. თუ გაიკეთებ – ზედმეტად ცდილობო.
სინამდვილეში, ქალი შეიძლება, ნებისმიერ შემთხვევაში გახდეს კრიტიკის სამიზნე. ყველაზე შემაწუხებელი კი ის არის, რომ გარკვეული დროის შემდეგ თავად იწყებ ამ ხმების გამეორებას საკუთარ თავთან. სარკეში ჩაიხედავ და სხვების სიტყვებს იხსენებ.
– როდის გახდა თქვენი გარეგნობა თქვენივე შეფასების საგანი?
– როცა 40 წელს გადავაბიჯე. მანამდე, რა თქმა უნდა, გარეგნობაზე მეც ვფიქრობდი, მაგრამ ეს უფრო ჩვეულებრივი მოვლა იყო. შემდეგ დავიწყე სახეზე წვრილი ხაზების შემჩნევა, თვალებთან ნაოჭები, კანის ცვლილებები. პირველად მაშინ გამიჩნდა განცდა, რომ რაღაცას ვკარგავდი. ერთხელ ფოტოზე საკუთარი თავი ვნახე და ძალიან არ მომეწონა. არა იმიტომ, რომ ცუდად გამოვიყურებოდი, არამედ იმიტომ, რომ საკუთარ თავში ცვლილება დავინახე, რომლისთვისაც მზად არ ვიყავი. ფოტოს რამდენჯერმე დავხედე, გავადიდე, შევადარე ძველ სურათებს... და სოციალურ ქსელში ფოტო აღარ გამოვაქვეყნე.
ახლა რომ ვფიქრობ, ეს სასაცილოც არის და სამწუხაროც. იმ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში ბევრი კარგი რამ ხდებოდა, მაგრამ მთელი ყურადღება ერთ პატარა ნაოჭზე მქონდა გადატანილი. ქალს ხშირად ასწავლიან, რომ სილამაზე მისი ერთ-ერთი მთავარი კაპიტალია. ბავშვობიდან გვესმის კომპლიმენტები გარეგნობაზე, შემდეგ კი ზრდასრულ ასაკშიც იმავე შეფასებებით გვზომავენ. ამიტომ ბუნებრივია, რომ ამ გარეგნული უპირატესობის დაკარგვის გვეშინია. მე არ ვარ წინააღმდეგი კოსმეტოლოგიური პროცედურების, კარგი კრემების, მოვლის ან საკუთარი გარეგნობის შეცვლის. პირიქით, თუ ქალს ეს სიამოვნებას ანიჭებს, რატომ უნდა შეიკავოს თავი? უბრალოდ, არ მინდა, ეს ყველაფერი ვალდებულებად გვექცეს.
– ოდესმე გიფიქრიათ, რომ ასაკის გამო შეიძლება, ნაკლებად სასურველი ან საინტერესო გახდეთ?
– დიახ. განსაკუთრებით პირად ურთიერთობებში. ქალს შესაძლოა, გაუჩნდეს შიში, რომ ასაკთან ერთად დაკარგავს მიმზიდველობას, რომ პარტნიორი სხვანაირად შეხედავს, რომ ახალგაზრდა ქალებთან შედარებით ნაკლებად საინტერესო გახდება. ეს შიში ყოველთვის არ ეფუძნება რეალობას, მაგრამ ემოციურად არსებობს.
– რას ეტყოდით ქალს, რომელიც დღეს 40 ან 50 წლის ასაკს განიცდის?
– ვეტყოდი, რომ შეიძლება, ახლა უფრო კარგად იცნობდეს საკუთარ თავს, უკეთ იცოდეს, რა უნდა და რა აღარ უნდა. შეუძლია იყოს 50 წლის და გინდოდეს ახალი სიყვარული, ახალი პროფესია, ახალი ვარცხნილობა, მოგზაურობა, სწავლა, გართობა. შეუძლია, ჩაიცვას ის, რაც მოსწონს. შეუძლია, შეიცვალოს გარეგნობა ან საერთოდ არაფერი შეცვალოს. ასაკი არ უნდა გახდეს აკრძალვების სია. მთავარია, შეძლოს და საკუთარი სურვილები სხვების საჭიროებებზე წინ დააყენოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





