გულახდილი საუბრები

როგორ „ქრებიან“ ქალები ოჯახურ ურთიერთობებში და რატომ ვერ პოულობენ ისინი ბედნიერებას

№45

ავტორი: დალი მიქელაძე 22 წუთის წინ

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ზოგჯერ ქალი საკუთარ თავს ერთ დღეში არ კარგავს. ის ნელ-ნელა „ქრება“ სხვისი სურვილების შესრულებაში, ოჯახის სიმშვიდის შენარჩუნებაში, ურთიერთობების გადარჩენაში, იმ მუდმივ მცდელობაში, რომ კარგი დედა, კარგი მეუღლე, კარგი შვილი და ყველასთვის საიმედო ადამიანი იყოს. წლები გადის, მის გარშემო ადამიანები იზრდებიან, ვითარდებიან, ოცნებებს ისრულებენ, თვითონ კი ისევ იმ ადგილას დგას, საიდანაც ოდესღაც საკუთარი ცხოვრების დაწყებას აპირებდა.

ეს ისტორია ერთი კონკრეტული ადამიანის ამბავია, მაგრამ იმ კითხვებს აერთიანებს, რომლებიც ბევრ ქალს ჩუმად, საკუთარი თავისთვის დაუსვამს.

– დავიწყოთ მთავარი კითხვით. როდის მიხვდით, რომ საკუთარი თავი დიდი ხანია, ბოლო ადგილზე გყავთ?

მაიკო (53 წლის): ალბათ მაშინ, როცა დაბადების დღეზე ჩემმა მეგობარმა მკითხა, რა მინდოდა საჩუქრად და პასუხი ვერ გავეცი. წარმოიდგინეთ, ზრდასრული ქალი ვარ, ორი შვილი გავზარდე, ოჯახი მაქვს, სამსახური, პასუხისმგებლობები, უამრავი გამოცდილება… და არ ვიცი, რა მინდა ჩემთვის. პირველად ვიხუმრე, რა ვიცი-მეთქი. მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ მართლა არ ვიცოდი. ვიცოდი, ჩემს ქმარს რა სჭირდებოდა, ბავშვებს რა უხაროდათ, დედაჩემს რა აწუხებდა, სამსახურში ვინ რას ელოდა ჩემგან. საკუთარი სურვილების ჩამოთვლა კი გამიჭირდა. მაშინ პირველად შემეშინდა. ვიფიქრე, ნუთუ ადამიანი შეიძლება, ისე მიეჩვიოს სხვებზე ზრუნვას, რომ საკუთარი თავი ვეღარ ამოიცნოს?

– და მაინც, წლების განმავლობაში ასე ცხოვრობდით. რატომ?

– ალბათ, იმიტომ რომ ბავშვობიდან გვასწავლიან: კარგი გოგო დამთმობია, კარგი ქალი ოჯახს უფრთხილდება, კარგი დედა შვილებს ყველაფერს აძლევს. თითქოს ქალის ღირსება იმით იზომება, რამდენის ატანა შეუძლია. ჩემს ბავშვობაში ხშირად მესმოდა, რომ ოჯახისთვის რაღაცების დათმობა ბუნებრივი იყო. ამას ცუდად არ ვუყურებ. ოჯახი მართლაც მოითხოვს ზრუნვასა და პასუხისმგებლობას, მაგრამ არავინ მიხსნიდა, სად გადიოდა ზღვარი ზრუნვასა და საკუთარი თავის განადგურებას შორის.

– და თქვენი სიკეთე ვალდებულებად გადაიქცა?

– ზუსტად. თავიდან მადლობას გეუბნებიან, მერე შენს დახმარებას ელოდებიან, ბოლოს კი უკვირთ, თუ ერთხელ მაინც ვერ დაეხმარები. თუ წლების განმავლობაში ყველა პრობლემას შენ აგვარებ, სხვებს არც კი უჩნდებათ კითხვა, შენ როგორ ხარ, რადგან ფიქრობენ, შენ ხომ ძლიერი ხარ?! შენ ხომ ყველაფერს უმკლავდები?!

ხანდახან მგონია, რომ ქალებს ამ სიტყვით – „ძლიერი“ – ძალიან დიდ უსამართლობას ვუკეთებთ. თითქოს ძლიერი ქალი აღარ იღლება, აღარ სტკივა, აღარ ეშინია და აღარ სჭირდება, ვინმემ მის მხრებზე აღებული ტვირთი შეამჩნიოს. მე კი მინდოდა, ზოგჯერ ვინმეს ეთქვა: „დაჯექი, დღეს მე გავაკეთებ“, ისე, რომ ამის სათხოვნელად ჯერ მთელი დღის განმავლობაში ჩემი დაღლილობის დამტკიცება არ დამჭირვებოდა. რა თქმა უნდა, ჩემს ქმარსაც ჰქონდა საქმეები. მუშაობდა და ოჯახისთვის ფულს შოულობდა. მაგრამ სახლში დაბრუნების შემდეგ მისი სამუშაო დღე, როგორც წესი, დასრულებული იყო. ჩემი – არა.

– მოითხოვდით პასუხისმგებლობის თანაბრად განაწილებას?

– ვცდილობდი, მაგრამ ხშირად კამათით მთავრდებოდა. მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერს ზედმეტად ვართულებდი, რომ სხვა ოჯახებშიც ასე იყო, რომ მე თვითონ მინდოდა ყველაფრის კონტროლი. ამ უკანასკნელში, ალბათ, რაღაც სიმართლეც იყო. როცა წლებია, ყველაფერს შენ აკეთებ, რთულია რამე სხვას მიანდო. გეშინია, რომ ისე არ გააკეთებს, როგორც საჭიროა, მერე ისევ შენ მოგიწევს გამოსწორება. ასე ნელ-ნელა თავადაც მონაწილეობ ამ სისტემის შენარჩუნებაში.

ქალის დაღლილობას ხშირად უხილავ პრობლემად მიიჩნევენ. თუ სიცხე გაქვს, ავად ხარ, თუ ემოციურად გამოფიტული ხარ, ამბობენ, რომ ნერვიულობ, ცუდ ხასიათზე ხარ ან ზედმეტად მგრძნობიარე გახდი. წარმოიდგინეთ, საკუთარი გადაღლის დამტკიცებაც გიწევს. მე ახლა ასე ვფიქრობ: თუ ადამიანი მუდმივად გადაღლილია, ეს უკვე საკმარისი მიზეზია, რომ მის ცხოვრებაში რაღაც შეიცვალოს. არ არის აუცილებელი, ჯერ ბოლომდე დაიშალოს. ჩემი ქმარი მონსტრი არ ყოფილა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ვთქვა. ჩვენ ერთად გავიარეთ ბევრი კარგი და რთული პერიოდი. შვილები გავზარდეთ, ბევრი რამ შევქმენით. მე არ მინდა, ჩვენი ცხოვრების მთელი ისტორია რამდენიმე უსამართლო ეპიზოდამდე დავიყვანო. მაგრამ იყო რაღაცები, რაზეც თვალს ვხუჭავდი. როცა ჩემი სურვილები მის სურვილებთან წინააღმდეგობაში მოდიოდა, ხშირად მე ვიხევდი უკან. როცა რაღაცას მაწყენინებდა, ვდუმდი, რადგან კამათი არ მინდოდა.

ქალს ხშირად ეუბნებიან, რომ შეუძლია, ყველაფერი – ოჯახსაც მოუაროს, კარიერაშიც წავიდეს წინ, საკუთარი თავიც განავითაროს, მაგრამ იშვიათად საუბრობენ იმაზე, ვინ ქმნის პირობებს, რომ ეს ყველაფერი მართლა შესაძლებელი იყოს. თუ ქალი მუშაობს, მაგრამ სახლში ყველა პასუხისმგებლობა მაინც მას ეკისრება, ეს თანასწორობა არ არის.

– ბევრ ქალს საკუთარი თავისთვის დროის გამოყოფისას დანაშაულის განცდა უჩნდება. თქვენც ასე იყავით?

– დიახ, და ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე რთული ჩვევაა, რომლის შეცვლასაც ვცდილობ. პირველად, როცა რამდენიმე დღით მარტო წავედი დასასვენებლად, სულ ვფიქრობდი, სახლში ყველაფერი რიგზე იყო თუ არა. მინდოდა, დავრწმუნებულიყავი, რომ არავის ვჭირდებოდი. მერე მივხვდი, რომ დასვენებაც კი გამოცდად მექცა. ახლა ვცდილობ, საკუთარ თავს ვკითხო: მართლა ვიღაცას ვაზიანებ ჩემი დასვენებით თუ, უბრალოდ, ვიღაცას აღარ ვუადვილებ ყველაფერს ისე, როგორც ადრე? და ეს კითხვა ბევრ რამეს ცვლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი