როგორი მამაკაცი სჭირდება ქალს გვერდით ბედნიერებისთვის
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 13.11
ხომ იცით, რომ არსებობენ ქალები, რომლებიც საზოგადოებაში მუდმივად იღიმიან, მაგრამ სახლში თვალები ცრემლიანი აქვთ. დიახ, მათ გულს სტკენენ. თანაც ის ადამიანი აკეთებს ამას, რომელიც ყველაზე მეტად ეიმედებოდა. არსებობს ერთი უცნაური და ცოტა სასტიკი სიმართლე სიყვარულზე: ზოგჯერ ყველაზე მეტად სწორედ ის ურთიერთობა გვტკივა, რომლის დაკარგვისაც ყველაზე მეტად გვეშინია. უცხო ადამიანის სიტყვას შეიძლება, ყურადღება არც მივაქციოთ, მაგრამ საყვარელი ადამიანის გულგრილმა მზერამ, დაუფიქრებელმა ფრაზამ ან ერთმა ცივად ნათქვამმა – „როგორც გინდა“ – მთელი დღე გაგვიფუჭოს.
ნატა (39 წლის): მე ვარ ქალი, რომელსაც გარედან სტაბილური ოჯახი და მოწესრიგებული ცხოვრება აქვს, მაგრამ წლების განმავლობაში საკუთარ თავს ერთსა და იმავე კითხვას ვუსვამ: თუ ადამიანს ვუყვარვარ, რატომ შეუძლია, ყველაზე მწარედ სწორედ მან მატკინოს გული?
ჩემი ამბავი ეხება ურთიერთობებში ემოციურ სირთულეებს, ქალის თვითშეფასებასა და იმ საზღვრებს, რომელთა დაცვაც სიყვარულის დროსაც აუცილებელია. ჩვენი საუბარი არ იქნება ღალატზე, დიდ სკანდალსა და ხმაურიან ჩხუბებზე. ზოგჯერ ყველაზე მტკივნეული ამბები არც ღალატით იწყება და არც კარის მიჯახუნებით. ისინი იწყება მაშინ, როცა ქალი რაღაცას გულწრფელად უყვება საყვარელ ადამიანს, ის კი ტელეფონს არ წყვეტს თვალს. როცა ქალი ტირის და პასუხად ესმის: „ისევ დაიწყე?“ როცა შერიგების შემდეგ ყველაფერი თითქოს ჩვეულებრივად გრძელდება, მაგრამ არც ერთს აღარ ახსოვს, რაზე ატკინეს გული ერთმანეთს – იმიტომ, რომ პრობლემას კი არ აგვარებენ, უბრალოდ, დუმილს ეჩვევიან.
– როდის მიხვდით, რომ ურთიერთობაში ბედნიერი აღარ იყავით?
– ალბათ, იმ დღეს, როცა პირველად დავმალე, რომ მეწყინა. ადრე თუ რამეს მაწყენინებდა, მაშინვე ვეუბნებოდი. მინდოდა, აეხსნა, ჩავხუტებოდი, შევრიგებულიყავით. მეგონა, თუ ადამიანს უყვარხარ, შენი წყენა მისთვის მნიშვნელოვანი იქნება. მერე მივხვდი, რომ ყოველ ჯერზე, როცა ჩემს ტკივილზე ვლაპარაკობდი, თითქოს მე ვხდებოდი დამნაშავე. ზოგჯერ მინდოდა, მეტირა, მაგრამ თავს ვიკავებდი, რადგან ვიცოდი, რომ ჩემს ცრემლებს შეიძლება, ისევ გაღიზიანება მოჰყოლოდა.
– ანუ იმ ადამიანთან, ვისთანაც ყველაზე თავისუფლად უნდა გეგრძნოთ თავი, საკუთარი ემოციების გამოხატვის გეშინოდათ?
– ზუსტად. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ სხვებთან ასეთი არ ვიყავი. მეგობრებს თავისუფლად ვესაუბრებოდი, სამსახურში თავდაჯერებული ვიყავი, პრობლემებს თავად ვაგვარებდი. მაგრამ სახლში, მის გვერდით, ზოგჯერ პატარა ბავშვივით ვხდებოდი, რომელსაც ეშინია, არასწორი სიტყვა არ თქვას. დღეს რომ ვიხსენებ, მგონია, ყველაზე მეტად საკუთარ თავს ვიცავდი იმ სიმართლისგან, რომლის დანახვაც არ მინდოდა.
– ცუდი ადამიანი იყო?
– რთული კითხვაა. ის ყოველთვის ცუდი არ ყოფილა. სწორედ ამიტომაც იყო ყველაფერი ასეთი დამაბნეველი. შეეძლო, ავადმყოფობის დროს მთელი ღამე ჩემ გვერდით გაეთენებინა. შეეძლო, ჩემი დაბადების დღისთვის ისეთი საჩუქარი ეყიდა, რომელზეც თვეების განმავლობაში ვოცნებობდი. შვილებთანაც მზრუნველი იყო... მაგრამ, შეეძლო, ერთი ფრაზით ყველაფერი გაენადგურებინა. შეეძლო, მეგობრების წინაშე ეხუმრა ჩემს გარეგნობაზე, ჩემს შეცდომებზე, ჩემს ხასიათზე. დიდხანს ვფიქრობდი, რომ თუ ადამიანს კარგი მხარეებიც აქვს, ცუდი მხარეები უნდა ავიტანო. დღეს ასე აღარ ვფიქრობ. ერთ დღეს ხვდები, რომ შენი ცხოვრების მთავარი მიზანი ბედნიერება კი აღარ არის – სხვისი უკმაყოფილების თავიდან აცილებაა.
– შეიძლება, ქალი თავადაც იყოს დამნაშავე იმაში, რომ ურთიერთობაში სიყვარულის სითბო ქრება?
– ურთიერთობაში ერთ ადამიანს ყოველთვის ყველაფერი სწორად არ გამოსდის. მეც მქონია შემთხვევები, როცა ზედმეტი მომსვლია, ხმა ამიწევია ან იმაზე გავბრაზებულვარ, რაზეც შეიძლებოდა, მშვიდად მესაუბრა. ამას არ ვუარყოფ. მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება: შეიძლება, ორივემ დაუშვას შეცდომა, თუმცა ორივემ უნდა შეძლოს ამ შეცდომის აღიარება.
– რატომ რჩება ქალი ურთიერთობაში, სადაც ხშირად ტირის?
– იმიტომ, რომ ტკივილი თავიდანვე არ იწყება. თავიდან ყველაფერი ლამაზია. გახსოვს, როგორ გიყურებდა, როგორ გელაპარაკებოდა, როგორ გრძნობდი თავს მის გვერდით. როცა პირველად გაწყენინებს, ფიქრობ, ცუდი დღე ჰქონდა. მეორედ – სამსახურში პრობლემები აქვს. მესამედ – ალბათ, მე ვერ გავუგე. შემდეგ კი უკვე წლები გაქვს ერთად გატარებული, საერთო მოგონებები, სახლი, ოჯახი, შესაძლოა, შვილებიც. შენ არ გინდა, ყველაფერი ერთი პრობლემის გამო დაანგრიო, თან იმედი გაქვს, რომ ის ძველი ადამიანი დაბრუნდება. როცა ჯერ კიდევ გიყვარს, ცდილობ, გესმოდეს, ელაპარაკები, ეკითხები, რატომ მოხდა ასე. როცა ძალიან იღლები, შეიძლება, უბრალოდ, გაჩუმდე. ჩემი აზრით, ურთიერთობისთვის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მომენტი ის კი არ არის, როცა ქალი ტირის, არამედ როცა მისთვის ტირილიც აღარაფერს ცვლის. ჩვენ შევაჩვიეთ კაცები იმას, რომ ყველაფერს ვაპატიებთ, რომ შეიძლება, გვაწყენინონ, დაგვაიგნორონ, რამდენიმე დღის შემდეგ კი ერთი თაიგულითა და ორი თბილი სიტყვით ყველაფერი გამოსწორდეს. დიახ, მოულოდნელი სითბოც მნიშვნელოვანია, მაგრამ, თუ საჩუქარი საუბრის თავიდან აცილების საშუალებად იქცევა, ის პრობლემას ვერ აგვარებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




