ჩემს ყოფილ ქმარს დასანახად ვერ ვიტან, მის დედასთან კი ვმეგობრობ
ავტორი: „თბილისელები“ 10 წუთის წინ
ჩემი ყოფილი დედამთილი რომ დედა გახდა, სულ რაღაც 16 წლის ყოფილა. ასე ამბობდა: მე და ჩემი შვილი ერთად გავიზარდეთ, ისეთი გრძნობა მქონდა, შვილი კი არა, უმცროსი ძმა იყოო. საკმაოდ მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდათ და ისე გამოიყურებოდნენ, მართლაც და-ძმა გეგონებოდათ. მე რომ მის შვილს ცოლად გავყვევი, 18 წლის ვიყავი, ჩემი ყოფილი ქმარი კი 20 წლის იყო.
ახლაც ვერ ვხვდები, ეს სიყვარული იყო, ვნება თუ, უბრალოდ, გატაცება, მაგრამ ფაქტია, ასე ადრეულ ასაკში გადავწყვიტე ოჯახური თანაცხოვრება ბიჭთან, რომელიც ბევრ გოგოს მოსწონდა, ის კი მხოლოდ მე მამჩნევდა და საბოლოოდ არჩევანიც ჩემზე გააკეთა. მოკლედ, დედამთილმა დანახვის პირველი წამიდან შემიყვარა, გულში ჩამიკრა და დღემდე ასე მოვდივართ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე წლებია, მე მისი რძალი აღარ ვარ, მაინც რძლად მთვლის, უფრო სწორად მის ქალიშვილად. სულ გვერდით მიდგას და მისი იმედი, რაც არ უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, სულ მექნება. ჩემმა ყოფილმა კი, როგორც კი გავშორდით, სამ თვეში გააბა ახალი რომანი და შვიდი თვის მერე მოიყვანა მეორე ცოლი. უფრო სწორად თავად მიბრძანდა და ჩასახლდა ცოლის სახლში. სხვათა შორის, ის გოგო კარგი ადამიანი აღმოჩნდა, ჩემს შვილთან აქვს ურთიერთობა და მისთვის ერთი გადაკრული ან ზედმეტი სიტყვა არ უკადრებია. მე კი ის დედამთილის დაბადების დღეზე ვნახე წლების მერე და ნამდვილად არ დატოვა ცუდი შთაბეჭილება. არ ვიცი, რამდენად ნანობს ჩემი ქმარი ჩვენს ურთიერთობას ან გაშორებას, მაგრამ ფაქტია, ისე იქცევა, თითქოს უნდა გული მატკინოს და თუ რამე შვილის ამბავს ეხება და მასთან ურთიერთობა მიწევს, ისე უხეშობს, თითქოს მე ვიყავი დამნაშავე, მისი ცოლი რომ მერქვა და მისგან შვილი მყავს. მოკლედ, მისი დანახვა არ მინდა, დედამისთან კი ვდაქალობ. ხშირად მოდის ჩემთან სახლში და თუ მე არ დავხვდი, დედაჩემთან საუბრობს. შვილიშვილსაც, რაც შეუძლია, უკეთებს. ამას წინათ, გულნატკენი მოვიდა და მითხრა: შვილო, არ მინდა, სხვამ იცოდეს, მხოლოდ შენ გაგანდობ საიდუმლოს, ჩემმა ერთადერთმა შვილმა ისე გაგამწარა, ისე გამომიყვანა წყობიდან, კინაღამ ტაფა ჩავარტყი თავში. სახლის ბანკში ჩადებას მთხოვდა, ბიზნესი მინდა, დავიწყოო. რასაკვირველია, ამას უარი უთქვამს და ისე ულანძღია და ისეთები უკადებია დედამისისთვის, ქალი კინაღამ გადარეულა. მეორე ცოლთან ქალ-ვაჟი ჰყავს, გადასარევი ადამიანები არიან, თუმცა მათთან ჩემი შვილი დიდად ვერ კონტაქტობს, მხოლოდ ოფიციალური ურთიერთობა აქვს. ბებიაზე კი გიჟდება ისე უყვარს და ხშირად აკითხავს და თუ რამე სჭირდება მიაქვს და სახლშიც ეხმარება. მოკლედ, ჩემმა დედამთილმა მითხრა: ჩემს პირველ შვილიშვილზე დავწერე ანდერძი, ნოტარიულად გავაფორმე, შენ იცოდე და ჩემი სიკვდილის მერე, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ. თქვენ გარდა, მაინც არავინ იქნება ჩემი პატრონი, თქვენი იმედი მაქვსო. მე გადავირიე და ანდერძის შეცვლა ვთხოვე, მემკვიდრეობა სამივე შვილიშვილზე თანაბრად გაყავი-მეთქი, მაგრამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. ერთი სიტყვით, ეს ამბავი ჩემ გარდა არავინ იცის, ბავშვსაც არ ვეუბნები, მაგრამ ზუსტად ვიცი, რა ამბავიც დატრიალდება, მისი შვილი და შვილიშვილები რომ გაიგებენ. ღმერთია მოწამე, მის ქონებაზე არ დამიდგამს თვალი, არც იმის გამო ვარ მასთან ახლოს და კარგად, რომ რამეს მოველი, მაგრამ თავად ასე გადაწყვიტა.
ფიქრია, 38 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





