საკუთარი თავის მეორე პლანზე გადაწევამ ოცი წლით დამაბერა
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 19.11
არასოდეს ვყოფილვარ ისეთი ადამიანი, მხოლოდ საკუთარ თავზე რომ მეფიქრა. სულ იმაზე ვიყავი მობილიზებული ოჯახის წევრებისთვის მაქსიმალური კომფორტი შემექმნა, სახლში ყველაფერი რიგზე ყოფილიყო, არავის დაჰკლებოდა დიასახლისის ხელი. მხოლოდ ოჯახური საზრუნავით ვიყავი დაკავებული და საკუთარი თავი ყოველთვის უკანა პლანზე მყავდა გადაწეული. სამსახურიდან გამოსული, მაღაზიებში ვიტვირთებოდი პროდუქტით, გავრბოდი სახლში, რომ ყველაფრის მომზადება მომესწრო და თითქმის ყოველ ღამით გვიან დაძინებამ, თავისი კვალი დამატყო.
სარკეში რომ ვიყურები, მოხუც ქალს ვგავარ, არადა, მხოლოდ ორმოცდარვა წლის ვარ. ქალები, ამ ასაკში იწყებენ ცხოვრებას, მე კი ასე მგონია, ცხოვრების ბოლოში გავედი. ყველა თავის გზაზე რომ დავაყენე, მერე მივხვდი შეცდომა სად დავუშვი. არასოდეს მიგრძნია ქმრისგან რომანტიკული მოპყრობა, მისგან არასდროს მიმიღია საჩუქარი – ერთი ვარდიც კი. თუ რამეს ვიყიდდი, აუცილებლობის გამო, ისიც მეორადებში, რომ ჩემთვის ბევრი თანხა არ დამეხარჯა. ჩემი ოჯახის წევრებისთვის კი ყოველთვის საუკეთესოს ვარჩევდი. მოკლედ, რამდენიმე თვის წინ, ტელეფონზე თანაკლასელმა დამირეკა და მითხრა: კლასელების შეკრება გვაქვს, გვინდა, რესტორანში შევხვდეთ ერთმანეთს. წლებია, ერთმანეთი არ გვინახავს. ერთი დღე გამოვყოთ და გავიხსენით ის ბედნიერი წლებიო. თან, დააყოლა, ქმრებითა და ცოლებით მოსვლა სავალდებულოაო. იმ საღამოს ჩემს ქმარს რომ ვუთხარი, თანაკლასელების შეკრებაა, მოიცალე ამ შაბათს და წავიდეთ-მეთქი, ისე გამომხედა, გეგონებოდათ, ომში ვეპატიჟებოდი. ცივად და ხმადაბლა მითხრა: რა მინდა შენი კლასის შეკრებაზე, შენ თუ გინდა, წადი, ხომ არ გიშლი და მე იქ ვერ წამოვალ – ხომ იცი, უცნობ ხალხთან ქეიფს ვერ ვიტანო. მართალია, ჩემი თანაკლასელები მისთვის უცხოები არიან, მაგრამ მე მასთან ერთად მინდოდა წასვლა, მინდოდა, გვერდით ქმარი მყოლოდა, მაგრამ არაფერი ვუპასუხე. ბევრი ვიფიქრე, რა ჩამეცვა და რჩევა რომ ვკითხე, ამაზე გაბრაზდა: რა ვიცი, რა უნდა ჩაიცვა, აარჩიე რამე, ჩაიცვი და წადი, რას გადამაყოლეო. რა თქმა უნდა, სარესტორნო არაფერი მქონდა და რაც კარადაში ვნახე და მოვიხდინე, ის ჩავიცვი. იქ მისულმა კი თავი საშინლად ვიგრძენი. ყველა გადაპრანჭული მოვიდა, თავის მეორე ნახევრებთან ერთად, სახეზე ბედნიერება ემჩნეოდათ. მე კი, მეორადებში ნაყიდი სვიტერითა და შავი შარვლით ვიდექი მათ გვერდით, ქმრის გარეშე და უხერხულობის გრძნობა მტანჯავდა. იმ დღეს მივხვდი, რა გავუკეთე საკუთარ თავს, როგორ დავიბერე თავი და ჩემი ახალგაზრდობა შევწირე კაცს, რომელიც პატივსაც კი არ მცემს. შვილებიც მას დაემსგავსნენ. ერთხელ არ უკითხავთ: დედა, რამე ხომ არ გინდა, რამე ხომ არ გესიამოვნებაო. უფროსი გოგო საკმაოდ კარგ სამსახურშია, ფინანსურად მყარად დგას, მაგრამ მისგანაც არ მახსოვს რამე საჩუქარი. ვიხედები სარკეში და ვხვდები, წლები უღიმღამოდ გავიდა, ასაკში შევედი და ერთი დღეც კი არ ვყოფილვარ ბედნიერი. ჩემი ბრალია, საკუთარი თავი სხვებზე უკან დავაყენე. ჩემი ქმარი გადასარევად გამოიყურება. მე კი, ორმოცდარვა წლის ქალი, სამოცდარვა წლისას ვგავარ, ვერავინ ხვდება ჩემს რეალურ ასაკს და ამაზე საშინელება რა უნდა იყოს?!
მანანა, 48 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




