გარიგება
ავტორი: ნიკა ლაშაური 15 წუთის წინ
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #44 (1349)
პავლოვები, როგორც უკვე ვთქვი, უდიდესი გავლენით სარგებლობდნენ რუსეთში და დიდი შესაძლებლობები ჰქონდათ. რომ არა გურამის ვაჟკაცობა, ისინი ცოცხლები არ იქნებოდნენ. ძმებს ეს კარგად ახსოვდათ და გუროს ამიტომაც სცემდნენ პატივს. ამის მიზეზი კი ერთი ისტორია იყო. ტოლია და სერგეი პავლოვები ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდში ეწეოდნენ კრიმინალურ საქმიანობას. მათ თბილისში ფული ჰქონდათ ასაღები ერთი ძველი საქმიდან. ჩამოვიდნენ. წილი აიღეს და 100 ათასი დოლარით მიდიოდნენ უკან. საშინელი ზამთარი იყო. ძველი „ვოლგით“ მოძრაობდნენ და თბილისის გასასვლელთან ისინი „მხედრიონის“ პატრულმა გააჩერა. ძმები შეაყენეს. მანქანაში ფული აღმოუჩინეს. წაართვეს, გვერდით, ტყეში გადაიყვანეს და დახვრეტას უპირებდნენ. იქვე გურამიც იმყოფებოდა, რომელიც მოსაშარდად იყო გადმოსული და რომ დაინახა, მხედრიონელები ორ რუსს ხვრეტდნენ, გამოესარჩლა მათ. გურო „სტეჩკინით“ იყო შეიარაღებული. „მხედრიონელებმა“ მას ავტომატი მიუშვეს. ისე მოხდა, რომ გურო მუცელში მძიმედ დაიჭრა. ძმებმა მოახერხეს მისი გამოყვანა, თავიანთი მანქანით თბილისში დაბრუნდნენ და საავადმყოფოში მიიყვანეს. 100 ათასი დოლარი კი იმ ორმა მხედრიონელმა გაიტაცა და გაიქცნენ. ერთი სიტყვით, ჯერ გურომ გადაარჩინა ძმები, შემდგომ კი მათ გადაარჩინეს გურო. პავლოვებმა რუსეთში გამგზავრებისგან დროებით თავი შეიკავეს. ჩვენ კი ძმებს ის წართმეული ფული ვუპოვეთ. უკან დავუბრუნეთ და ერთი ცენტიც კი არ გამოვართვით. თუმცა, მათ ექიმებს დაუტოვეს 20 ათასი და მას მერე, რაც დარწმუნდნენ, რომ გურამი გადარჩა, რუსეთში დაბრუნდნენ. ერთი თვის მერე კი კიდევ თბილისში ჩამოვიდნენ და გურამთან დაძმაკაცდნენ. მე კი იმ პერიოდში უკვე „სროკზე“ ვიყავი და ძმებთან დაახლოების საშუალება არ მომეცა. მე ისინი მხოლოდ ერთხელ მყავდა ნანახი, ისიც საავადმყოფოში და თანაც ცოტა ხნით. გურამს კი მათთან ძმური ურთიერთობები ჰქონდა და რა უნდა ეთხოვა მათთვის, რომ ტოლიასა და სერგეის მისთვის არ შეესრულებინათ. სწორედ ამის იმედი მქონდა და პიტერში დიდი იმედებით გავემგზავრე. თვითმფრინავში ჩაჯდომის წინ ნატოს დავურეკე და ვუთხარი:
– არაფერზე ინერვიულო. სანკტ-პეტერბურგში მივფრინავ.
– რატომ?
– პაკოს საქმეზე. როგორც კი სიახლე იქნება, მაშინვე დაგირეკავ და შეგატყობინებ. ნახვამდის!
– ღმერთი გფარავდეს, პაკუნა, – მითხრა ნატომ და ტელეფონი გათიშა.
პულკოვოს აეროპორტში ორივე ძმა დაგვხვდა. ისინი მთელი კორტეჟით იყვნენ მოსული და ქალაქში რომ მივდიოდით, ადამიანი იფიქრებდა, „ვიპ“ დელეგაცია გადაადგილდებაო. მათ რეზიდენციაში შესანიშნავი სუფრა იყო გაშლილი და როდესაც ოთხნი დავრჩით და დანარჩენები გარეთ გავიდნენ, მე პავლოვებს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. გურომ კი უთხრა:
– აი, ძმებო, ასეთი გასაჭირი გვაქვს და შეგიძლიათ, რაიმეთი დაგვეხმაროთ? რაც არ უნდა იყოს, ისიც ძველი ლენინგრადელია და იქნებ საერთო ენა გამოვნახოთ?
ტოლიას გაეცინა და თქვა:
– მე კი ვიცი, თუ რა ენაზე უნდა დაელაპარაკო იმ „გნიდა ჟიდს“, მაგრამ, როგორც ვატყობ, გარემოება იცვლება. ვფიქრობ, რომ ეს საქმე წარმატებით დასრულდება.
– მართლა? – აღმოხდა გურამს.
– აი, ახლავე ნახავთ, – თქვა ტოლია პავლოვმა. მობილურზე გარეკა და დინამიკი ჩართო.
– ტოლია, შენ? აი, სიურპრიზი. გისმენ! – მოისმა დინამიკიდან.
სერგეი პავლოვმა კი გვიჩურჩულა, – მოისეის ელაპარაკება, ვაისმანს.
– მოიშეი (ტოლია შეგნებულად ამბობდა ს-ს ნაცვლად შ-ს. ებრაულ მანერაზე) შენს წინადადებაზე ვიფიქრე და პასუხისთვის გირეკავ.
– რომელ წინადადებაზე, ტოლია? ვერ ვხვდები.
– ბოლოს რომ დამირეკე და შემომთავაზე. რა, არ გახსოვს?
– ჩვენი ბოლო საუბარი 3 წლის წინ შედგა.
– სწორედ ამას ვგულისხმობ.
– მერე. რა პასუხი გაქვს?
– დადებითი. თუმცა, ერთი პირობაა შესასრულებელი.
– რა პირობა?
– შენი ძმის მკვლელს „მეტკა“ უნდა მოუხსნა. მით უმეტეს, რომ შენი ძმა ყოფილა დამნაშავე.
– ნუ, მთლად დამნაშავე არა.
– ყოველ შემთხვევაში, პაკოს ის დაესხა თავს. ბიჭი კი თავს იცავდა. რა, მასე არაა?
– კი. მასეა, – თქვა ვაისმანმა და დაამატა, – ეგ პაკო შენი ვინაა?
– ჩემი ძმისშვილია.
– სერგეის ვაჟი?
– არა. ქართველი ძმის. რას იტყვი, თანახმა ხარ?
– ძალიან კი მიჭირს პატიება, მაგრამ... თანახმა ვარ.
– მაშინ ასე ვქნათ, ჩემო მოისეი (ტოლიამ ჩვეულებრივი ს იხმარა) ბიჭი ციხიდან გამოგყავს. საქმე იხურება და პიტერში პირადად ჩამომიყვან.
– მე ჩამოგიყვან?
– ჰო, შენ. რამდენი ხანია, რაც მშობლიურ ქალაქში არ ყოფილხარ. ჩამოდი, კარგი საქმეა. ბიჭსაც ჩამაბარებ და ერთმანეთსაც შევხვდებით. ჩავეხუტებით.
– ჩავეხუტებით?
– ჰო. ჩავეხუტებით.
– სიტყვას იძლევი, ტოლია, რომ ინციდენტს ადგილი არ ექნება?
– ასე მიცნობ?
– თუ მასეა, მაშინ 36 საათში, ანუ დღე-ღამე ნახევარში მანდ ვართ.
– გელოდებით. შეხვედრამდე! – თქვა ტოლიამ და ტელეფონი გათიშა.
გურამმა თავი გააქნია და ძმებს უთხრა:
– სიმართლე გითხრათ, ასეთი რამ არც მსმენია და არც მოველოდი.
– სიმართლე გითხრა, გურო, არც ჩვენ, მაგრამ ძმების გულისთვის ზოგჯერ ასეც უნდა მოიქცე, – თქვა ტოლიამ. სერგეიმ კი დაამატა:
– ასე ჯობდა. ბოლო-ბოლო ვაისმანმა ერთი მილიონი დოლარი მოგვიტეხა და გაიქცა. მადლობა ღმერთს, რომ არავინ მოგვიკლა. ჩვენ კი ეს ფული ასმაგად ამოვიღეთ.
– სწორია, – დაეთანხმა ტოლია ძმას. შემდეგ კი მოგვიბრუნდა და გვითხრა:
– ახლა კი ცოტა მოვდუნდეთ. ვჭამოთ, ვსვათ, დავისვენოთ... ამერიკელი სტუმრების ჩამოსვლამდე ჯერ კიდევ დროა. აბა, გაგვიმარჯოს!
ჩვენ ჭიქები გამოვცალეთ. მე კი ნატოს დავურეკე.
– ჰო, პაკო, რა ხდება?
– არ ინერვიულო, ნატო. ყველაფერი მოგვარდა. პაკოს ციხიდან გაათავისუფლებენ და „მეტკაც“ მოეხსნება.
– მართლა?
– კი. მართლა.
– მადლობა, პაკო. დღესვე გადავფრინდები ნიუ-იორკში.
– ნუ იჩქარებ, ნატო. ბიჭს ორ დღეში გაათავისუფლებენ. მე კი შენთან საქმე მაქვს და თბილისში დამელოდე. ორ დღეში დავბრუნდები.
– კარგი, დაგელოდები, – მითხრა ნატომ და ტელეფონი გათიშა.
პავლოვები გვერდიდან არ მოგვშორებიან. სანამ ამერიკელები ჩამოვიდოდნენ, მათ მთელი სანკტ-პეტერბურგის ყველა ღირსშესანიშნაობა დაგვათვალიერებინეს და გარეუბნებიც არ გამოუტოვებიათ. მთელი ამ ვოიაჟის განმავლობაში ჩვენთან ერთად იმყოფებოდა ივანე პავლოვი, ტოლიას 27 წლის ვაჟი. ტანადი, კარგი გარეგნობის ვაჟკაცი, რომელიც ლონდონში ცხოვრობდა და მამისა და ბიძის ბიზნესთან არანაირი შეხება არ ჰქონდა. ბიჭს ოქსფორდი ჰქონდა დამთავრებული. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში საადვოკატო ოფისი ჰქონდა გახსნილი და იქ მოღვაწეობდა. ძალიან წესიერი და განათლებული ჩანდა, ზრდილობიანი და რომ შეხედავდი, ტრადიციული ბრიტანელი ლორდი გეგონებოდა... ამერიკელების ჩამოსვლამდე 8 საათი იყო დარჩენილი. სასტუმრო „ასტორიას“ რესტორანში ვისხედით და ვსაუბრობდით. ივანეში ყველაზე მეტად იმან გაგვაოცა, რომ მან ქართული ენა კარგად იცოდა. მართალია, რუსული აქცენტით ლაპარაკობდა, მაგრამ, სწორად. შუა საუბრის დროს ივანემ გურამს მიმართა:
– ბატონო გურამ, თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს.
– თქვი, ივან. რა თხოვნა გაქვს?
– თუმცა, არ მინდა აგაღელვოთ და გაგაბრაზოთ.
– რას ამბობ, რა უნდა მთხოვო, რაც გამაბრაზებს?
– მოულოდნელი რამ?
– მოულოდნელი?
– დიახ. მოულოდნელი, ბატონო გურამ.
– „ურო-ჯან“ ელენეს ხელს ხომ არ გთხოვს ნეტავ? – ქართულად, ხუმრობით ვუთხარი გუროს და აღარ მახსოვდა, რომ ივანემაც იცოდა ქართული.
ივანე პავლოვს სახე წამოეჭარხლა და გუროს უთხრა:
– დიახ. სწორედ ამის თხოვნა მინდა თქვენთვის, ბატონო გურამ და ნუ გაბრაზდებით.
გურამის ერთადერთი, 21 წლის ქალიშვილი ლონდონში ცხოვრობდა და სწავლობდა.
– თქვენ რა, იცნობთ ერთმანეთს? – იკითხა გურამმა.
– ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, ბატონო გურამ და ელენემ მითხრა, მამაჩემს დაელაპარაკეო. აი, ამიტომაც გითხარით ეს.
– ელენე თანახმაა, რომ ცოლად გამოგყვეს? – იკითხა გურამმა.
– თქვენ თვითონ მოუსმინეთ, – მიუგო ივანმა და ტელეფონზე შეტყობინება გაგზავნა.
ორიოდე წუთის შემდეგ რესტორანში გუროს ულამაზესი ქალიშვილი ელენე შემოვიდა. ყველას მოგვესალმა. მამამისს ჩაეხუტა და სახეწამოჭარხლებულმა უთხრა:
– თანახმა ხარ, მამი, რომ ვანოს ცოლად გავყვე?
– კი. კარგი კაცი ჩანს. თანაც ქართულიც იცის.
– მე ვასწავლე ლონდონში, – თქვა ელენემ. შემდეგ კი მამამისს ჩაეხუტა და დაამატა, – მიყვარხარ, მამი. ძალიან ბედნიერი ვარ!
ტოლიამ შეყვარებულები დალოცა და გუროს უთხრა:
– მეც სულ რაღაც ერთი კვირის წინ გავიგე ეს ამბავი და რომ შევიტყვე, ელენე შენი ქალიშვილი იყო, შენთან დარეკვასა და თქმას ვაპირებდი. თუმცა, შენ თვითონ დამირეკე და გადავწყვიტეთ, აქ შევხვედროდით ერთმანეთის ყველანი. ამით კი, ჩემო გური, ჩვენი გამოთქმა კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება.
– ჩვენს საერთო ოჯახს გაუმარჯოს! თქვა გურომ და ჭიქები გამოვცალეთ.
შეყვარებულები კიდევ ერთი საათი დარჩნენ ჩვენთან და ბედნიერები წავიდნენ. ამასობაში კი აეროპორტში წასვლის დროც მოვიდა და პულკოვოში გავემგზავრეთ. ნიუ-იორკის თვითმფრინავი დანიშნულ დროს ჩამოფრინდა სანკტ-პეტერბურგში. ყველანი დაძაბული ვიყავით, განსაკუთრებით კი – მე. და როდესაც მოისეი ვაისმანი და პაკო მოგვიახლოვდნენ, გურომ მითხრა:
– შენი ასლია, ბიჭო.ზუსტად ისეთი, როგორიც 25 წლის წინ იყავი.
პაკომ ხელი ჩამომართვა. ძალიან თავშეკავებული ჩანდა. მე კი გული საგულეში აღარ მიდგებოდა. მას ხელი ხელზე ჩავჭიდე, მოვიზიდე და მაგრად ჩავეხუტე.
ყველანი პავლოვების რეზიდენციისკენ დავიძარით და ის ღამე ქეიფში გავატარეთ. დილით კი მე, პაკო და გურო მასპინძლებს გამოვემშვიდობეთ და თბილისში ჩამოვფრინდით. ჩემი შვილი ჩემს სახლში მივიყვანე და ნატოს დავურეკე.
– ჰო, პაკო. რა ხდება?
– მოდი ჩემთან და ყველაფერს მოგიყვები, – ვუთხარი ნატოს და ტელეფონი გავთიშე.
თხუთმეტი წუთის შემდეგ ნატომ ჩემი სახლის ზღურბლს გადმოაბიჯა და საღ-სალამათი შვილი რომ დაინახა, ჩაეხუტა. ატირდა და იმეორებდა, – მაპატიე, პაკო, მაპატიე, დამნაშავე ვარ შენ წინაშე.
დასასრული
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





