გულახდილი საუბრები

არცერთმა პარტნიორმა ქალმა შვილი არ გამიჩინა

№44

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 12.11

გულახდილი საუბარი - tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

არასოდეს მქონია სურვილი, ცოლი მომეყვანა და ოჯახი შემექმნა. ზოგადად, დაკანონებული ქორწინებისგან შორს ვარ. ვფიქრობ, თუ ადამიანთან ცხოვრება გინდა, მთელი რიგი ვალდებულებებისა და ქაღალდებზე ხელის მოწერების გარეშეც შეიძლება თანაცხოვრება.

მართალია, ჩემი ოჯახი ჩემი ასეთი გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო, მაგრამ მათი აზრი არასოდეს გამითვალისწინებია. ერთი სიტყვით, არ მინდოდა ქალს, რომელიც ჩემ გვერდით იქნებოდა, ცოლი რქმეოდა, მაგრამ ყოველთვის მინდოდა, ვისთანაც ერთ ჭერქვეშ ცხოვრებასა და ურთიერთობას გადავწყვეტდი, შვილი გაეჩინა ჩემთვის. რამდენიმე პარტნიორი გამოვიცვალე და ვერცერთთან ვერ ავაწყვე კარგი ურთიერთობა. ზოგს მხოლოდ ჩემი ფინანსები აინეტრესებდა, ზოგს განსხვავებული ხედვები ჰქონდა, ზოგი თავს მამეტებდა, ზოგი, უბრალოდ, ენერგეტიკულად არ იყო ჩემთვის მისაღები. სხვათა შორის, არცერთ მათგანს არ ნდომებია ჩემთვის შვილის გაჩენა. არადა, იქნებ ასე რომ მომხდარიყო და ბავშვი გვყოლოდა, შეიძლება, ბევრ რამეზე დამეხუჭა თვალი. ერთმა კი, ვისთანაც, სხვებისგან განსხვავებით, ჰარმონიული ურთიერთობა მქონდა და ერთმანეთს კარგად ვუგებდით, მითხრა: მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიფიქრებ შვილზე, თუ ოფიციალურად გავაფორმებთ ჩვენს ურთიერთობასო. ჰოდა, იმ დღიდან შეიცვალა მისადმი ჩემი დამოკიდებულება და მალევე დავშორდით ერთმანეთს.

ამ ზაფხულს, ზღვაზე გავიცანი ერთი გოგონა, რომელთანაც ურთიერთობა თბილისში დაბრუნების მერეც გავაგრძელე. ფიზიკურადაც მომწონდა და მენტალობითაც. ვინც ერთად გვნახა, ყველა აღნიშნავდა, როგორ ძალიან უხდებით ერთმანეთს, რა მაგარი წყვილი ხართო. სანამ თანაცხოვრებას გადავწყვეტდით, გულახდილად ვილაპარაკეთ და აღმოჩნდა, ბავშვობაში ტრავმა ჰქონდა მიღებული, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აღმოაჩნდა და ამის გამო შვილის გაჩენას ვერ შეძლებდა. არც ის დაუმალავს, რომ რამდენიმე პარტნიორი ჰყავდა, მათთან თავდაუცველი ინტიმური კონტაქტი ჰქონდა, მაგრამ არასოდეს დარჩენილა ფეხმძიმედ. მოკლედ, ვიზეც სერიოზულად ვიფიქრე და მასთან ერთად მომინდა ცხოვრების გაგრძელება, აღმოჩნდა, რომ ვერასდროს გამიჩენდა შვილს. არადა, იმდენად მივეჩვიე, მიჭირს ერთი დღეც რომ არ ვნახო ან არ შევეხმიანო. ჩემს მეგობარ გოგონას გავუმხილე ეს ამბავი და მითხრა: თუ ასე მოგწონს და გინდა მასთან ცხოვრება, რა პრობლემაა, სუროგატს შეგიძლია შენი შვილი გააჩენინო და თუ ის გოგოც თანახმაა, ერთად გაზრდითო. ამაზეც სერიოზულად დავფიქრდი, მაგრამ საკმაოდ დიდი თანხები ჯდება და ამდენ ფულის შოვნას, ნამდვილად ვერ შევძლებ. მოკლედ, ყველაფერს ბედი უნდა – ვისაც უჩნდებოდა შვილი, უარი მითხრა და ვისაც ჩემგან შვილის ყოლა უნდა, უშვილოა. არადა, მართლაც საოცარი გოგოა – მშვიდი, დინჯი, გაწონასწორებული, ლამაზი და ყოველთვის მოწესრიგებული. ძალიან მიზიდავს და ვხვდები კარგ პარტნიორობას. იმედი მაქვს, რამე შანსი მომეცემა და მეც დავალაგებ ჩემს ცხოვრებას ისე, რომ მერქვას მამა და მყავდეს გვერდით ქალი, რომელსაც მეორე ნახევარი კი არა, ჩემი პარტნიორი ერქმევა.

ვატო, 37 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი