უცხოეთში წამოვედი სამუშაოდ და ახლა ვხვდები, ქმარს არასოდეს დავუბრუნდები
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 10.09
თორმეტი წელია, გათხოვილი ვარ და ერთი დღეც კი არ მქონია ბედნიერი, თუ ქორწილის დღეს არ ჩავთვლით და გათხოვების პირველ თვეებს, თაფლობის თვეს რომ ეძახიან. არადა, სიყვარულით გავთხოვდი, ვგიჟდებოდი მასზე და ერთი წამით ვერ ვძლებდი მის გარეშე. ერთმანეთი ზღვაზე გავიცანით, ის გურიის ერთ-ერთი სოფლიდან იყო, მე – ქუთაისიდან და საყვარელი მამაკაცის გამო, გათხოვების მერე საცხოვრებლად ქალაქიდან სოფელში უყოყმანოდ გადავედი. მეგონა, არ გამიჭირდებოდა, მაგრამ ურთულესი აღმოჩნდა, რადგან ჩემ გვერდით ის მამაკაცი არ აღმოჩნდა, როგორიც მანამდე იყო. არ ვიცი, რის გამო, მაგრამ სასწაულად ეჭვიანი, უხეში და სასტიკი გახდა, დაოჯახებიდან, სულ რაღაც, ორ-სამ თვეში. სახლიდან გასული, გვიან ბრუნდებოდა, არც სამსახური უნდოდა, არც ოჯახის საქმეებს აკეთებდა. მარტო საძმაკაცოსთან იყო მშვენივრად, მათთან ერთად ერთობოდა და ცოლი და ოჯახი სულ არ აინტერესებდა.
ძალიან კარგი დედამთილი და მული შემხვდა. მამამთილი გარდაცვლილი იყო და სამეზობლო და სანათესაო მასაც ძალიან აქებდნენ. ეს ჩემი ქმარი ვის ჰგავდა, არ ვიცი. რომ არა მისი და და დედა, ალბათ, დიდი ხნის წინ წამოვიდოდი იქიდან და ოჯახს უყოყმანოდ დავანგევდი. მოკლედ, ორი შვილი გავაჩინე და მის გაზრდაშიც დიდი წვლილი მიუძღვის დედამთილს და მულს. სამწუხაროდ, პირველი ბიჭი ჯანრთელობის პრობლემებით დაიბადა და დღემდე სულ მკურნალობის პროცესში ვართ, გოგონა კი ძალიან კარგი ბავშვია. თავის ძმას ისე უვლის, როგორც დედა მოუვლის შვილს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ფინანსურად საკმაოდ გაგვიჭირდა. ბევრი ვიფიქრე და ბოლოს მულს გავუმხილე: უცხოეთში მინდა წასვლა და თუ დაიტოვებ ბავშვებს და მოუვლი, იქიდან ფულს გამოგიგზავნით-მეთქი. ჩემთვის შვილების მიტოვება სიკვდილის ტოლფასია, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. არ უნდოდათ ჩემი გაშვება და მულმა ისიც კი შემომთავაზა, მე წავალ და შენ იყავი აქ, ოჯახს, შვილებსა და ქმარს შენ უფრო სჭირდებიო, მაგრამ ჩემი ბავშვების გამო მას ხომ არ გავუშვებდი სამუშაოდ უცხო მხარეში? დაველაპარაკეთ ჩემს ქმარს და მთელი ერთი თვე დაგვჭირდა, რომ დაგვეთანხმებინა. ავიღე ვალი, გავაკეთე ყველა საჭირო საბუთი და წავედი თურქეთში სამუშაოდ. თან, ვიფიქრე ეს ქვეყანა ახლოს არის და რამე რომ იყოს, ადვილად ჩამოვალ-მეთქი. უკვე სამი წელია, აქეთ ვარ. დედამთილი და მული არაფერს აკლებენ ჩემს შვილებს. მეც, როგორც შემიძლია, აქედან ვეხმარები და ცოტა ამოისუნთქეს. ჩემი ბედოვლათი ქმარი კი, როცა ფული სჭირდება, მხოლოდ მაშინ მწერს. ისე არც მკითხულობს, როგორ ვარ, რა მიჭირს, რა მილხინს, როგორ ვძლებ ჩემი შვილების გარეშე ასე შორს. დილიდან გვიანობამდე მუხლჩაუხრელად ვმუშაობ, დიდი ოჯახის დალაგება, ოჯახის წევრებისთვის საჭმლის მომზადება, მათზე ზრუნვა მიწევს. საღამოს ისეთი დაღლილი ვარ, ვერ ვიძნებ. ჩემი ქმარი კი ზის ძმაკაცებთან ერთად ბირჟაზე და ჩემი გაგზავნილი ფულით ლუდით, სიგარეტითა და არყით უმასპინძლდება მისნაირ ბედოვლათებს. ქუთაისში დედაჩემი და ჩემი ძმა ცხოვრობენ. ძმა უცოლოა. ბევრ რამეს ვუმალავდი მათ, მაგრამ რაც აქეთ ვარ, ხმა ამოვიღე და რაღაც-რაღაცები მოვუყევი. გადაირივნენ, მითხრეს: რას იკლავდი თავს, აქამდე ამოგეღო ხმა და წამოსულიყავი, მოსაკლავად ნამდვილად არ გვინდიხარ და ბავშვების გაზრდაშიც დაგემხარებოდითო. მოკლედ, ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, ქმარს გავშორდე. მივხვდი, ახლა რომ ასეთია, არც მომავალში გამომადგება და მისი გამოსწორება შეუძლებელია. ჩემს დედამთილსა და მულს დაველაპარაკები და აუცილებლად გავეყრები. ისედაც აღარ ვაპირებ მასთან დაბრუნებას. უბრალოდ, არ მინდა, დედამთილსა და მულს ვაწყენინო, ამდენი რამ გამიკეთეს და არ მინდა, უმადურად ჩამთვალონ. ასე რომ, ვინც არ იმსახურებს გვერდში ერთგული და მეოჯახე ცოლის ყოლას, სჯობს, მარტო დარჩეს და თავში ქვა იხალოს. მე აღარ ვაპირებ მასთან დაბრუნებას და არც არჩევნის უფლებას ვუტოვებ. მალე დავბრუნდები, მოვკიდებ შვილებს ხელს და ცხოვრებას მის გარეშე გავაგრძელებ.
ნინო, 39 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





