უნდა შეინარჩუნოს თუ არა ქალმა ოჯახი, როცა ქმარი აღარ უყვარს
ავტორი: დალი მიქელაძე 44 წუთის წინ
არავის ევალება, მთელი ცხოვრება უყვარდეს ის ადამიანი, რომელიც ოდესღაც აირჩია. არის ფრაზები, რომლებიც პირველად რომ გვესმის, ყურს ისე გვჭრის, თითქოს რაღაცას ეწინააღმდეგება, რაც ბავშვობიდან გვასწავლეს.
„კარგი ოჯახი უნდა შეინარჩუნო“, „თუ ერთხელ აირჩიე, ბოლომდე უნდა გაჰყვე“, „სიყვარული რთულია და უნდა იბრძოლო“, „ამდენი წელი ერთად გაატარეთ და ახლა გინდა წახვიდე?“ მაგრამ ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ სიყვარული უმნიშვნელოა. არც იმას, რომ პირველივე კრიზისზე ურთიერთობა უნდა დასრულდეს. პირიქით – ხანგრძლივ ურთიერთობაში ერთგულება, გარკვეულწილად დათმობა, პასუხისმგებლობა და ერთმანეთის მიმართ ზრუნვა მნიშვნელოვანი კომპონენტებია. ფსიქოლოგიაში ურთიერთობის შენარჩუნების განზრახვა ცალკე განიხილება და ის მხოლოდ სიყვარულის გამო არ ჩნდება. მაგალითად, რა ხდება მაშინ, როცა ვალდებულება რჩება, სიყვარული კი ქრება? როგორ უნდა მოიქცეს ქალი, რომელმაც ქორწინება სიყვარულით დაიწყო, წლები ოჯახისთვის იცხოვრა, ყველაფრის გადატანა შეძლო და ბოლოს აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში, როცა მიხვდა, რომ საკუთარ თავს უღალატა.
ანა (43 წლის): ყველაფერი მქონდა, გარდა იმ გრძნობისა, რომლის სახელიც სიყვარულია. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, როდის მივხვდი, რომ რაღაც შეიცვალა. ეს ყველაფერი კი ძალიან უცნაურად მოხდა. არც ჩხუბი ყოფილა, არც ღალატი, არც რაიმე დიდი კატასტროფა. ერთ დილას, უბრალოდ, გამეღვიძა და მივხვდი, რომ ჩემი ქმრის გვერდით ცხოვრება აღარ მიხაროდა. ძალიან უცნაური განცდა იყო, რადგან გარედან ყველაფერი კარგად ჩანდა. ჩვენ გვქონდა სახლი, ოჯახი, გვყავდა შვილები, საერთო მეგობრები, მოგონებები... გვეუბნებოდნენ, როგორი კარგი წყვილი ვიყავით. მე კი საკუთარ თავთან სულ უფრო ხშირად მიჩნდებოდა შეკითხვა: კი, მაგრამ თავად მე როგორ ვარ?
– თავიდან ეს კითხვა ალბათ, დანაშაულის გრძნობას იწვევდა.
– დიახ, ძალიან დიდს. საკუთარ თავს ვადანაშაულებდი. ვფიქრობდი, რომ უმადური ვიყავი. ვფიქრობდი: „რა გინდა კიდევ? კარგი ადამიანია, შენზე ზრუნავს, ოჯახს არ ღალატობს, ყველაფერს აკეთებს.“ მაგრამ მერე მივხვდი, რომ კარგი ადამიანის გვერდით ყოფნა და ამ ადამიანის სიყვარული ერთი და იგივე არ არის. ეს ჩემთვის ძალიან მძიმე აღმოჩენა იყო. მას ცუდი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ მაინც აღარ მიყვარდა.
– ყველაზე ხშირად ადამიანები დაშორებას კონკრეტულ მიზეზს უკავშირებენ. თქვენთან კი თითქოს მიზეზი არ არსებობდა.
– ზუსტად. და ეს უფრო ართულებდა ყველაფერს. თუ ადამიანი გიღალატებს, შეგიძლია, თქვა: „აი, მიღალატა და მივდივარ“. თუ ძალადობაა – მიზეზი ნათელია. თუ მუდმივად გატყუებს – გადაწყვეტილების მიღება მარტივდება. მაგრამ, როცა მეუღლე, უბრალოდ, კარგი ადამიანია? როგორ უნდა უთხრა: „შენ ცუდი არაფერი გაგიკეთებია. უბრალოდ მე აღარ მინდა შენთან ცხოვრება“.
— გქონდათ პერიოდი, როცა საკუთარ თავს არწმუნებდით, რომ ისევ გიყვარდათ?
– არა მხოლოდ საკუთარ თავს, მასაც. ვცდილობდი, ძველი გრძნობები დამებრუნებინა. ვუყურებდი ჩვენს ფოტოებს. ვფიქრობდი, როგორი შეყვარებულები ვიყავით. ვიხსენებდი ჩვენს პირველ მოგზაურობას, პირველ ახალ წელს ერთად, შვილების დაბადების ბედნიერებას... და უცებ ვიფიქრე: „მე ხომ ეს ადამიანი მიყვარდა და ეს როგორ მოხდა?“
იქ იყო პასუხიც: სიყვარულის ყველაზე რთული მხარე ისაა, რომ ადამიანები იცვლებიან.
ფსიქოლოგმა მითხრა, რომ ხანგრძლივი ურთიერთობის განმავლობაში ემოციური დინამიკა იცვლება. რომანტიკული სიყვარული შეიძლება, ხანგრძლივ ურთიერთობებშიც არსებობდეს, უბრალოდ, ის ყოველთვის არ ჰგავს ურთიერთობის დასაწყისს. ანუ ის ფაქტი, რომ „პეპლები მუცელში“ აღარ გვყავს, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სიყვარული დასრულდა. მაგრამ არსებობს სხვა შემთხვევაც – ემოციური დაშორება.
– რა გაშინებდათ ყველაზე მეტად?
– ალბათ, მარტო დარჩენა, მაგრამ უფრო მეტად — ხალხი. დედაჩემის რეაქცია, მეგობრების, ნათესავების. ვიცოდი, რომ აუცილებლად იტყოდნენ: „ამდენი წელი ერთად იყავით და ახლა გაგახსენდა, რომ აღარ გიყვარს?“
– ანუ სხვა ადამიანი არ ყოფილა?
– არა. ხალხს უყვარს მარტივი ახსნა: თუ ქალი ურთიერთობას წყვეტს, ალბათ, სხვა კაცი არსებობს. არადა, უფრო ხშირად სხვა არ არსებობს. უბრალოდ, შენ აღარ ხარ ის ქალი, რომელიც ამ ურთიერთობაში წლების წინ შევიდა. შეიძლება, მასზე ვზრუნავდეთ, მაგრამ აღარ გვქონდეს პარტნიორული კავშირი; შეიძლება, გვიყვარდეს, როგორც ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. მაგრამ სიყვარული იმ ფორმით აღარ არსებობდეს, რომელიც ერთად ცხოვრებას სჭირდება; შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს ძლიერი ვალდებულების განცდა და იმავდროულად სერიოზული ეჭვები ურთიერთობის ემოციურ მხარეზე. ჩვევის დატოვება ხშირად უფრო რთულია, ვიდრე ადამიანის. ზოგჯერ ურთიერთობის დასრულება ერთი ადამიანის დაკარგვა კი არა, მთელი ცხოვრების ერთ-ერთი ვერსიის დაკარგვაა. ბავშვები რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ უფრო ადრე წავიდოდი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





