ოჯახის წევრებმა საყვარელ ქალს დამაშორეს
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 22.10
ისე გავხდი 35 წლის, ცოლის მოყვანაზე არ მიფიქრია. ბევრ გოგონას შევხვდი, რომანიც გავაბი, მაგრამ ვხვდებოდი, არცერთი არ იყო ის ადამიანი, ვის გვერდითაც ვისურვებდი ცხოვრებას. ოჯახი სულ იმას მიჩიჩინებდა, 35 წლის ხარ, დროა, ცოლი მოიყვანოო.
ერთი სიტყვით, სრულიად შემთხვევით გავიცანი გოგონა, რომელიც პირველივე დანახვისას მომეწონა, შემიყვარდა და ზუსტად ვიცოდი, ის უნდა გამხდარიყო ჩემი ცხოვრების მეგზური. თავიდან ჩემთან შეხვედრაზე უარზე იყო, ხან რა მოიმიზეზა და ხან რა. ჩემი ძმაკაცის ცოლის დაქალი იყო და მათი დახმარებით ვცდილობდი მასთან დაკავშირებას და ნახვას. მათთან რომ მივიდოდა, მირეკავდნენ და წუთებში იქ ვჩნდებოდი. ვოცნებობდი, ერთ დღესაც მასაც შევყვარებოდი, დამთანხმებოდა ცოლობაზე და ერთად გაგვევლო მომავალი წლები სიყვარულითა და ერთნამეთის პატივისცემით. მისი დაბადების დღე მოდიოდა და ვიფიქრე: ახლა, უნდა დავუსვა ჩემს ტანჯვას წერტილი-მეთქი. ზოგადად, მორიდებული ბუნების ადამიანი ვარ, მაგრამ მისმა სიყვარულმა ისე გამაგიჟა და გადამრია, ვიყიდე ოქროს ნიშნობის ბეჭედი, წითელი ვარდების თაიგული და გაფრთხილების გარეშე, დილითვე დავადექი სახლში. კარი დედამისმა გამიღო და რომ ვერ მიცნო, გაოცებული მიყურებდა. მეც, პირდაპირ ვაჯახე: გამარჯობა, ქალბატონო, მე თქვენი შვილი მიყვარს და მინდა დავნიშნო, უარი არ მიიღება და ძალიან გთხოვთ, კარი არ მომიხუროთ-მეთქი. ჯერ გაკვირვებული მიყურა და მერე ისტერიკული სიცილი აუტყდა. თბილად შემიპატიჟა სახლში. ჩემი ოცნების გოგოც გამოვიდა და მალე მამამისი და მისი ძმაც შემოგვიერთდნენ მისაღებ ოთახში. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მათი თანდასწრებით ვთხოვე ცოლობა და ბეჭედიც გავუწოდე. ჩემდა გასაკვირად, დამთანხმდა და გამომიტყდა, თურმე, არც ის ყოფილა უარზე, უბრალოდ, ოჯახის წევრებს ვერ ეუბნებოდა ჩემ შესახებ, რადგან პირველ ქმარს რამდენიმე თვის დაშორებული იყო. იმ დღეს გვიანობამდე მათთან შემოვრჩი. შემოგვიერთდნენ სტუმრები და ძალიან სასიამოვნო დღე გამოვიდა. იქიდან უბედნიერესი წამოვედი, რომ ჩემი ოჯახის წევრებისთვის მეხარებინა. მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ მის შესახებ, მაინც შეცბნენ. დედაჩემმა განათხოვრობით დაიწუნა და მითხრა: კი ვიცოდი ამ გოგოს შესახებ, მაგრამ მეგონა, მორიგი შენი გატაცება იყო, თორემ როგორ არ დაგიშლიდი, რად მინდა სხვის საწოლში ნაგორიალევი გოგო ოჯახში რძლადო. თუ გული არ გამისკდებოდა, არ მეგონა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მაინც მოვიყვანე ცოლად და იმ დღიდან დაიწყო ჩემი ორად გახლეჩვა. ორი წელი გავიდა და დედაჩემი ვერა და ვერ შეეგუა ჩემს ცოლს. ხან რა მოუმიზეზა, ხან - რა, მაგრამ ფაქტი იყო მართლა კარგი ადამიანი გამოდგა, მეოჯახე, მოსიყვარულე და რომ შევეკამათებოდი, ჩუმდებოდა. ბოლოს დედაჩემმა მისი უშვილობა მოიმიზეზა და ხელზე დაიხვია: ხომ ხედავ, ორი წელი გავიდა და შვილს ვერ აჩენს, ეგ ვერ გაგაბედნიერებსო. მამაჩემიც აიყოლია: შვილიშვილი გვინდა, შენ – შვილი და ხომ ხედავ, არ არის ეს ბავშვის გამჩენი და დროულად მიხედე შენს თავს, გაუშვი და შენ შენი გზა ნახე, მაგან – თავისიო. ბევრი ბრძოლისა და ხვეწნის მიუხედავად, ეს მისთვის არ ეთქვათ და არ ეგრძნობინებინათ მათი განწყობა, მაინც არ დაიხიეს უკან და ისეთები უთხრეს, გოგო გააქციეს. უკვე ექვსი თვე გავიდა, ვეხვეწები, მაგრამ უარზეა, ვერ შეგირიგდებიო. მისი წასვლის შემდეგ, მკვდარივით დავდივარ, სულ კამათი მაქვს მშობლებთან. ჩემს გულში ხალისი და სიხარული ჩაკვდა. მაინც მიაღწიეს მიზანს და დამაშორეს ადამიანს, ვის გვერდითაც თავს ყველაზე მშვიდად, თბილად და ტკბილად ვგრძნობდი.
დათა, 38 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





