გულახდილი საუბრები

რატომ უნდა უყვარდეს ქალს საკუთარი თავი სინდისის ქენჯნის გარეშე

№40

ავტორი: დალი მიქელაძე 23:01 16.10

ნიღაბი
დაკოპირებულია

„დიდხანს მეგონა, რომ საკუთარი თავის სიყვარული ეგოიზმი და უპატიებელი დანაშაული იყო“ – ამას ამბობს ქალი, რომელმაც საკმაოდ გვიან გაიგო, რომ საკუთარ თავზე ზრუნვის გამო სინდისი არ უნდა გაწუხებდეს.

ჩვენ სოციუმში ქალისთვის საკუთარი თავის პირველ ადგილზე დაყენება თითქმის ავტომატურად ასოცირდება ეგოიზმთან. კარგი ქალი არის ის, ვინც ითმენს, ზრუნავს, უთმობს, ყოველთვის აპატიებს, ოჯახს აერთიანებს და საკუთარ სურვილებს ბოლოსთვის იტოვებს. დღეს ეს მიდგომები მეტ-ნაკლებად „შერბილდა“. თუმცა წესები, რომელიც ხმამაღლა არც კი ითქმის, მაინც ძალიან ბევრ ქალს აქცევს წნეხის ქვეშ. ისინი ოჯახში, აღზრდაში, გარემოს შეფასებებში და ყოველდღიურ ფრაზებში გადმოიცემა. „ჯერ სხვებს მიხედე“, „შენ რა გაკლია?“, „ოჯახი უპირველესია“, „კარგი ქალი ასე არ იქცევა“ – მსგავსი გზავნილები თაობებს შორის იცვლება, მაგრამ მთლიანად არ გამქრალა.

დღეს ქალები უფრო ხშირად საუბრობენ პირად საზღვრებზე, საკუთარ სურვილებზე, პროფესიულ და პირად არჩევანზე, დასვენების უფლებაზე და იმაზე, რომ საკუთარი თავის მოვლა აუცილებლად არ ნიშნავს სხვების მიტოვებას. ფსიქოლოგიური პრაქტიკისა და კვლევის ლიტერატურაშიც ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ გენდერული როლები და სოციალური მოლოდინები შეიძლება, გავლენას ახდენდეს ქალის თვითაღქმასა და არჩევანზე. თუმცა ძველი სტერეოტიპები ერთ დღეში არ ქრება. შეიძლება, ქალი გარედან სრულიად თავისუფალი ჩანდეს, მაგრამ შინაგანად მაინც ჰქონდეს ერთი უხილავი „მოსამართლე“, რომელიც ყოველ ჯერზე ეკითხება: „ნამდვილად გაქვს ამის უფლება?“

ლალი (47 წლის): ძალიან დიდხანს „ვაწვალებდი“ საკუთარ თავს, როცა მას ცოტა დროს დავუთმობდი. მაწუხებდა ეს ამბავი – ხომ არ ვარ ცუდი დედა? გუშინ იმას უარი რომ ვუთხარი, ხომ არ ვარ ცუდი მეგობარი? საკუთარი სურვილი რომ ავირჩიე, ხომ არ ვარ ეგოისტი? დასვენება რომ მომინდა, ვინმეს ხომ არ ვაწყენინე?

ასე ვცხოვრობდი წლების განმავლობაში ამ კითხვებთან ერთად. ვფიქრობდი იმას, რომ არა უშავს, მოვითმენ. საკუთარ თავს კი საერთოდ აღარ ვეკითხებოდი, რა მინდოდა.

– როდის მიხვდით, რომ საკუთარი თავის მიმართ პრობლემა გქონდათ?

– ალბათ, მაშინ, როცა მივხვდი, რომ საკუთარ ცხოვრებაში თითქმის ყველაფერზე სხვების საჭიროებებს ვითვალისწინებდი. თუ დედას რამე სჭირდებოდა, მივდიოდი; თუ მეგობარს ვჭირდებოდი, ყველაფერს გადავდებდი; თუ ოჯახში პრობლემა იყო, მე უნდა მომეგვარებინა; თუ დამატებითი საქმე გამოჩნდებოდა, მე ვაკეთებდი.

ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ ამას მსხვერპლად საერთოდ არ აღვიქვამდი. პირიქით, ვფიქრობდი, რომ ასეთი უნდა ვყოფილიყავი. მე ვიყავი „კარგი“ ადამიანი.

მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რომ ამ „კარგობის“ მიღმა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი მრჩებოდა უყურადღებოდ – საკუთარი თავი. სინდისი მაშინაც მქენჯნიდა, როცა არაფერს ვაშავებდი.

– რა იყო ყველაზე რთული?

– დანაშაულის განცდა. თუ საკუთარ თავს რამეს ვაძლევდი, მაშინვე ვფიქრობდი, სხვას ხომ არ წავართვი. მაგალითად, როცა თავისუფალი საღამო მქონდა და უბრალოდ, სახლში დარჩენა, წიგნის კითხვა ან სადმე მარტო წასვლა მინდოდა – თითქოს ეს ძალიან მარტივი რამეა, მაგრამ შინაგანად მეწყებოდა ფიქრი: „ამ დროს შეიძლება, ვინმეს დავჭირდე და მერე?“ თუ მეგობარს უარს ვეუბნებოდი, მთელი დღე ვაანალიზებდი, სწორად მოვიქეცი თუ არა; თუ ქმარს ვეუბნებოდი, რომ ახლა მარტო ყოფნა მინდოდა, მაშინვე მქონდა განცდა, რომ თითქოს რაღაცას ვაკლებდი.

ყველაზე მძიმე ის იყო, რომ ვერ ვბედავდი საკუთარი თავისთვის მეკითხა – „მე რა მინდა?“ სულ მეგონა, საკუთარი თავის სიყვარული ძვირად ღირებული ცხოვრება იყო.

– დღეს როგორ გესმით ფრაზა „საკუთარი თავის სიყვარული“?

– სრულიად სხვანაირად. ადრე მეგონა, რომ თავის სიყვარული იყო თავის მოვლა, ლამაზი ტანსაცმელი, სალონში წასვლა, მოგზაურობა, რაღაცის ყიდვა საკუთარი თავისთვის. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ მივხვდი, რომ საკუთარი თავის სიყვარული ბევრად უფრო რთული რამ ყოფილა. საკუთარი თავის სიყვარულია შენს თავს გაუმხილო – „მე ეს არ მინდა“ და ხმამაღლა, დროულად და გულწრფელად თქვა: „არა, დღეს არ შემიძლია“. ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, რომ თუ ამას ვიტყოდი, ჩემს ძვირფას ადამიანებს აღარ ვეყვარებოდი.

– ეს შიში დღემდე გაქვთ?

– ზოგჯერ. მაგრამ ახლა უკვე ვიცი, რომ ყველა ადამიანი კმაყოფილი ვერ გეყოლება. ახლა ვხვდები, რომ ურთიერთობა, სადაც შენი სიყვარული მუდმივად „კარგი ქცევით“ უნდა დაიმსახურო, ძალიან დამღლელია. აღარ მინდა, ისეთი ადამიანი ვიყო, რომელიც ყველასთვის იდეალურია და საკუთარი თავისთვის – სრულიად უცხო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი