გულახდილი საუბრები

ისეთ ასაკში გავთხოვდი, სიყვარულს რომ აღარ ველოდი

№39

ავტორი: ანი რევია 23:00 08.10

სინანული
დაკოპირებულია

საკმაოდ საინტერესო ცხოვრება გავიარე და უკან რომ მოვიხედე, მივხვდი, წლებმა უსწრაფესად ჩაიარა და მთავარი – მქონოდა ჩემი საკუთარი ოჯახი – გვერდით ჩამომრჩა. უფროსი ძმები მყავს და ისინი რომ დაოჯახდნენ და შვილები ეყოლათ, მათზე ვიყავი გადამკვდარი. ვფიქრობდი, ძმისშვილებზე მეტად ვინ უნდა მიყვარდეს-მეთქი და მათზე ზრუნვაში ვიყავი დღე და ღამე.

თუ რამეს ვშოულობდი მათ ვახარჯავდი, თუ სადმე მივდიოდი დასასვენებლად, თან მიმყავდნენ. მოკლედ, მათზე თავგადაკლული მამიდა ვიყავი და ბოლოს ისე გამოვიდა, რომ დაოჯახდნენ, თვეები ისე გავიდოდა, არც კი მკითხულობდნენ. საკმაოდ კარგი პროფესია მაქვს, შემოსავლიანი და დანაზოგიც კი არ მქონდა, ისე შევედი ასაკში. ერთადერთი, საკუთარი ბინა დამრჩა და ის ქონება, რაც შემდეგ წლებში შევიძინე, თორემ დედ-მამის ოჯახიდან არაფერი წამომიღია. მეგობრები ხშირად მეუბნებოდნენ: ყველა კარგია, მაგრამ ყველას თავისი გზა აქვს, თუ არ თხოვდები, შვილი მაინც გააჩინე, ხომ იცი, როგორცაა – სანამ გაქვს, ყველას უნდიხარ და სიბერეში რომ შეხვალ, მერე აღარ მოგიკითხავენო. მე კი ყურს არ ვუგდებდი და მერე მივხვდი, როგორი მართლებიც იყვნენ. მოკლედ, ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა და სურამში წავედი დასასვენებლად. მირჩიეს, იქაური ჰაერი მოგიხდებაო. საკუთარ სახლში ვიქირავე ერთი ოთახი და ორი კვირა დავრჩი. სასწაული ხალხი დამხვდა. დიასახლისი განსაკუთრებულად თბილი და მოსიყვარულე ქალბატონი გახლდათ. სადილს რომ გააკეთებდა, მპატიჟებდა. ვუარობდი, მაგრამ ვერაფერს გავდიოდი. ძალიან დავახლოვდით, ისე, რომ ჩვენი გულის ნადებიც კი გავუმხილეთ ერთმანეთს. არადა, არ მიყვარს ახალგაცნობილ ადამიანებთან გულის გადაშლა. ეს ქალი კი სასწაულად ახლობლური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა და ამიტომაც გავიხსენი მასთან. სანამ წამოვიდოდი, წინა დღეს, ისევ დამპატიჟა სადილად. რასაკვირველია, დავთანხმდი. სუფრასთან რომ ვისხედით, ვიღაც მამაკაცმა შემოაღო კარი. მივხვდი, ოჯახის ახლობელი იქნებოდა, სხვაგვარად ასე დაუკაკუნებლად და დაურეკავად, როგორ მოვიდოდა?! აღმოჩნდა დიასახლისის ბიძაშვილი, რომელიც ხაშურში ცხოვრობდა და ხშირად სტუმრობდა ამ ოჯახს. მოგვესალმა და სუფრასთან ჩვენთან ერთად დაჯდა. საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი გახლდათ, დინჯად მოსაუბრე და განათლებული. გაირკვა, მასაც ჩემსავით საკუთარი ოჯახი არ ჰყავდა და დასთან, სიძესთან და დისშვილის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ყვებოდა, როგორი გადამკვდარი იყო დისშვილზე და რომ გათხოვდა, ქმარი ჩაისიძა, შვილები გააჩინა და გამზრდელი ბიძის ადგილი, თურმე, იმხელა სახლში აღარ დარჩა და სარდაფში უწევდა ცხოვრება. ისე შემეცოდა, გული მომიკვდა. ხის ნაკეთობებს აკეთებდა და ორი თითი დაზგაში მოჰყოლია, მუშაობაც უჭირდა და იმის გამო, რომ ფულს ვეღარ შოულობდა, მხოლოდ პენსიის ამარა იყო დარჩენილი, ოჯახს ისე ვეღარ ეხმარებოდა. ამ ყველაფერს დარცხვენილი ყვებოდა. ასე იყო თუ ისე, ერთმანეთთან ბევრი რამ გვაკავშირებდა. მოხდა ისე, ურთიერთობა არ გაგვიწყვეტია. სამი წლის წინ კი დაოჯახება გადავწყვიტეთ. დღეს ერთად ვცხოვრობთ, ჩემს პატარა ბინაში. მე მუშაობას დავანებე თავი, პენსია მაქვს, ის კი ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტში ყარაულად მუშაობს, მასაც პენსია აქვს და თავი გაგვაქვს. საჭმელი არ გვაკლია და ჩასაცმელ-დასახური. ფულში კი არ არის საქმე? მთავარია, ერთმანეთის პატივისცემითა და ზრუნვით ვართ დაკავებული და ყოველი დილის გათენება და დაღამება გვახარებს. გვსიამოვნებს, რომ ერთად ვართ და ერთმანეთი გვეიმედება. ისეთ ასაკში გავთხოვდი, ნამდვილად რომ აღარ ველოდი სიყვარულს. მართლი ყოფილა, რომ ამბობენ, ასაკი ციფრებიაო.

ნარგიზი, 63 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი