გულახდილი საუბრები

რამდენ როლს თამაშობს ქალი ცხოვრების განმავლობაში

№39

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 09.10

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

თანამედროვე ფსიქოლოგიურ და სოციოლოგიურ კვლევებში ქალის მრავალი როლის ერთდროულად შესრულება ცალკე საკვლევ პრობლემად განიხილება. ერთი მხრივ, სხვადასხვა როლი შეიძლება, ადამიანს აძლევდეს კმაყოფილებას, სოციალური კავშირების განცდას, გამოცდილებასა და თვითშეფასების დამატებით წყაროებს. მეორე მხრივ, როცა ამ როლების მოთხოვნები ერთმანეთს ეჯახება, ჩნდება გადატვირთვა, დანაშაულის განცდა და ეგრეთ წოდებული, როლური კონფლიქტი. ამიტომ, ქალის ცხოვრება ხშირად შეიძლება, ერთ დიდ სცენას შევადაროთ, სადაც დეკორაციები იცვლება. აქ ადამიანები მოდიან და მიდიან, მაგრამ ქალი თითქმის არასოდეს ტოვებს სცენას. ბავშვობაში ის შვილია, შემდეგ – სტუდენტი, მეგობარი, შეყვარებული, მეუღლე, დედა, პროფესიონალი, მზრუნველი ქალიშვილი, რძალი, უფროსი, თანამშრომელი, ზოგჯერ ოჯახის მთავარი საყრდენი. მოგვიანებით შეიძლება, გახდეს ბებიაც, მენტორიც, ოჯახის უხილავი მენეჯერი და ის ადამიანი, რომელსაც ყველა ეკითხება: „ახლა რა ვქნათ?“

საინტერესოა ისიც, რომ პრობლემას ყოველთვის როლების რაოდენობა არ ქმნის. კვლევებში ჩანს, რომ მნიშვნელოვნად მოქმედებს ის, რამდენად კმაყოფილია ქალი თავისი როლებით, რამდენად აქვს არჩევნისა და კონტროლის განცდა და რამდენად შეესაბამება ეს როლები მის პირად ღირებულებებს.

მარიკა (47 წლის): მე ვარ ქალი, რომელსაც ცხოვრებაში არაერთი როლი მოურგია და დღეს ვამბობ, რომ ყველაზე რთული ამ როლების შესრულება კი არა, მათ შორის საკუთარი თავის პოვნა აღმოჩნდა. მერე კი, ერთ დღეს მივხვდი, რომ მე თავად აღარ ვიცოდი, ვინ ვიყავი.

– რომ გკითხოთ, რამდენი როლი გქონიათ ცხოვრებაში, რას უპასუხებდით?

– იმდენი, რომ ჩამოთვლა გამიჭირდება. ბავშვობაში ჯერ ვიყავი „კარგი გოგო“, მერე – კარგი მოსწავლე, კარგი სტუდენტი. მერე შეყვარებული, შემდეგ – მეუღლე, შემდეგ – დედა, პარალელურად, თანამშრომელი, მეგობარი, ქალიშვილი, რძალი... მერე ჩემი მშობლები მოხუცდნენ და უცებ მათი მზრუნველიც გავხდი. შვილებიც გაიზარდნენ და მე ისევ შევიცვალე. სამსახურში პასუხისმგებლობა გამეზარდა და იქაც სხვა ქალი გავხდი – უფრო მკაცრი, ორგანიზებული, გადაწყვეტილებების მიმღები. სახლში კი ისევ ის ქალი უნდა ვყოფილიყავი, რომელსაც ყველასთვის დრო აქვს. თუ კარგად დავფიქრდები, მთელი ცხოვრება რაღაც როლს ვასრულებდი. ამის გარეშე, ალბათ, არცერთი ქალი არ ცხოვრობს.

– და ამ ყველაფერში საკუთარ თავს სად „ხედავდით“?

– აი, ეს კითხვა რომ დამისვით, უკვე ცოტა გამიჭირდა პასუხი. ალბათ, სადღაც შუაში ან, საერთოდ, კულისებში. დიდხანს მეგონა, რომ თუ ყველა კმაყოფილი იყო ჩემით, ესე იგი, მეც კარგად ვიყავი. მაგრამ მერე აღმოვაჩინე, რომ ეს ორი რამ ყოველთვის ერთი და იგივე არ არის.

– რომელი როლი გვხვდება ქალის ცხოვრებაში ყველაზე ადრე?

– „კარგი გოგოს“ როლი. ეს შეიძლება, ძალიან უწყინარ ფრაზად ჩანდეს, მაგრამ ქალი ხშირად მთელი ცხოვრება ატარებს მას, როგორც დამღას. იყავი კარგი გოგო – არ გააბრაზო დედა, იყავი კარგი გოგო — მასწავლებელს არ შეეწინააღმდეგო, იყავი კარგი გოგო — სტუმართან კარგად მოიქეცი... შემდეგ ეს „კარგი გოგო“ უკვე ზრდასრული ხდება და კარგი მეუღლე უნდა იყოს, კარგი რძალი, კარგი დედა, კარგი თანამშრომელი, კარგი მეგობარი...

და უცებ აღმოაჩენ, რომ მთელი ცხოვრება ცდილობ, იყო მისაღები სხვისთვის. მაგრამ არავინ გასწავლის, როგორ იყო უბრალოდ საკუთარი თავი.

– როგორ ფიქრობთ, ქალისთვის და პირადად თქვენთვის დედობა ყველაზე მნიშვნელოვანი როლია?

– შეიძლება. ყველაზე ძლიერი – ნამდვილად. დედობა ჩემთვის ისეთი სიყვარულია, რომელსაც სიტყვებით ვერ აღწერ. შვილების გაჩენის შემდეგ საკუთარი თავის რაღაც ნაწილი სამუდამოდ მათში გადავიდა. დიდხანს მეგონა, რომ კარგი დედა ნიშნავს, საკუთარ თავზე უარის თქმას. საკუთარ თავს რომ ვჭირდებოდი, ვამბობდი: „ახლა არა“. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამას ტრაგედიად არც აღვიქვამდი.

ქალებს ხშირად ისე გვასწავლიან თავგანწირვას, რომ საკუთარი თავის უგულებელყოფა სიყვარულში გვერევა. მაგრამ მერე გავიგე, რომ კომპრომისი და საკუთარი თავის წაშლა ერთი და იგივე არ არის.

– რომელმა როლმა დაგღალათ ყველაზე მეტად?

– ძლიერის. არადა, ეს როლი არავის მოუთხოვია. მე თვითონ ავიღე. როცა ყველა პრობლემას აგვარებ, ერთ დღეს ყველა ფიქრობს, რომ პრობლემები აღარ გაქვს. როცა ყოველთვის მშვიდი ხარ, ვერავინ ამჩნევს, რომ ზოგჯერ, უბრალოდ, გინდა იტირო. როცა ყველაფერს უძლებ, ადამიანები ფიქრობენ, რომ კიდევ ცოტასაც გაუძლებ. მე კი დღეს ვხვდები, რომ ძლიერი ქალი ის არ არის, რომელსაც არასდროს სჭირდება დახმარება.ზოგჯერ ძლიერი ქალი ის არის, ვინც ამბობს, „დღეს აღარ შემიძლია“ და ამაში პრობლემას აღარ ხედავს.

ხანდახან კი მგონია, რომ ქალს ცხოვრებაში ყველაზე მეტად ერთი როლი უჭირს – ყველასთვის მისაღები ქალის როლი. იმიტომ, რომ ასეთი ქალი საერთოდ არ არსებობს. ადამიანიც უფრო მეტია, ვიდრე მისი სოციალური როლები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი