გულახდილი საუბრები

ცოლს გავშორდი და სახლში მისი საყვარლის ატანა მიწევს

№22

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 09.06, 2022 წელი

ურთიერთობა
დაკოპირებულია

მამაკაცის თავმოყვარეობას ისე არაფერი ანადგურებს, როგორც უვარგისი მეორე ნახევარი. ახალგაზრდა ვიყავი, შევცდი და შედეგებს ახლა ვიმკი. ვნანობ, რომ ჩემებს არ დავუჯერე, ყველას წინააღმდეგ წავედი, საყვარელი გოგოს გამო უახლოესი მეგობრებიც კი დავკარგე და ბოლოს, შერცხვენილი და თავზე ლაფდასხმული დავრჩი. მეუბნებოდნენ: დაანებე მაგ გოგოს თავი, არ გინდა. ზუსტად ვიცით, არ გამოგადგება. იმდენ რამეს ამბობენ მასზე და ხომ იცი, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო... 

მე კი არ დავიჯერე, მოვკიდე ხელი და ცოლად მოვიყვანე. ქორწილიდან ზუსტად ერთ თვეში მივხვდი, რა დღეშიც ჩავიდგე თავი. სამეზობლოში ბიჭი არ დარჩენილა, არ გაპრანჭვოდა. აივანზე ისეთ ფორმაში გადიოდა, მეზობლის ბიჭები შოკში ვარდებოდნენ. ერთხელ მივუსწარი და მაგრად დავარტყი. დამემუქრა, გიჩივლებო. ვიფიქრე, მართლა არ მიჩივლოს და ქალის ცემის გამო ციხეში არ ამოვყო თავი-მეთქი, რასაც სხვას არ ვაპატიებდი და იქით ვთხოვე პატიება. დასასვენებლად ზღვაზე რომ წავედით, ისე გამომწვევად იქცეოდა, ყველას ყურადღებას იპყრობდა და გვერდით რომ ვედექი, ვერც კი მამჩნევდა. ორსულად რომ დარჩა, ვიფიქრე, იქნებ ახლა მაინც მოვიდეს გონს, ბავშვმა დააშოშმინოს-მეთქი, მაგრამ – არა! პირიქით, ბავშვის გაჩენის მერე სულ გადაირია. ანასტასია 1 წლის იყო, როცა საკითხი დავსვი და გაშორება მოვთხოვე. მითხრა: არ არის პრობლემა, გაგშორდები, მაგრამ ბინა უნდა მიყიდოო. არც კი უდარდია, რომ ქმარს კარგავდა, ქონებაზე იყო თვალდაჭყეტილი. იმ პერიოდში, ნამდვილად არ მქონდა იმდენი, მისთვის ბინა მეყიდა. გადავწყვიტე, ჩემი საცხოვრებელი ორად გამეყო და ერთ ჭერქვეშ გვეცხოვრა, ოღონდ ოფიციალურად გაშორებულებს. თან, ისიც ვიფიქრე, ასე უკეთესი იქნება, ბავშვი ჩემს თვალწინ გაიზრდება-მეთქი. ოთახებს შორის კარი ამოვქოლე, ერთი ოთახი თავისი აივნით, რომლის ნახევარშიც პატარა სამზარეულო გავუკეთე, მას დარჩა, ორი ოთახი – მე და ჩემს მშობლებს, თუმცა შემოსასვლელი ერთი გვაქვს. თავიდან ჭკვიანად იქცეოდა, ვიფიქრე, გონს მოეგო-მეთქი. მერე კი დაიწყო დაქალებისა და ძმაკაცების მოყვანა. ჩართავდა ხმამაღლა მუსიკას და არც ბავშვი ახსოვდა და არც გვერდით ოთახში მყოფი ყოფილი ქმარი და დედამთილ-მამამთილი. ყველაზე გვიან, ვიღაც ბიჭი მიდიოდა. როგორც გაირკვა, ის ტიპი მისი საყვარელი იყო და საბოლოოდ, ამ ნაგლმა გოგომ დაიტოვა და აღარ გაუშვა. რამდენიმეჯერ, შევუვარდი და მინდოდა გამეგლიჯა, მაგრამ დაჭერით მემუქრება. თან, ზუსტად ვიცი, ჩემი ჩამოშორება უნდა. მეზობელმა მითხრა, ჩემი ყურით გავიგე, კიბეზე ჩადიოდა და ვიღაცას ტელეფონით ელაპარაკებოდა: მე გოგო არ ვიყო, თუ ეს ვაჟბატონი ციხეში არ ამოვალპო და დედამის-მამამისიც მის გზას არ გავუყენო, თუ ცალკე ბინას არ მიყიდიანო. ვინ აღარ ჩავრიე, მაგრამ არაფერი გამოდის, სანათესავოც მისნაირი ჰყავს. ნამდვილად არ მაქვს იმდენი, რომ ცალკე გავიყვანო, თორემ დღესვე ვუყიდდი ბინას. თან, ბავშვიც მეცოდება. თითქმის სულ ჩემთანაა, მარტო ღამით გადის დასაძინებლად და ისიც იმ კაცის გვერდით რომ უნდა დაიძინოს, ლამის გადავირიო. დედ-მამა არაფერს მეუბენიან – ხვდებიან, ისედაც განადგურებული ვარ, მაგრამ სანათესავოსა და უბანში თავი არ გამომეყოფა. ჩემს თავზე ვბრაზობ, ეს როგორ დამემართა, როგორ დავბრმავდი მისი სილამაზით, როგორ გამოვისვი ჩემი ხელით ყელში დანა და როგორ დავასხმევინე თავზე ლაფი უწესო გოგოს. მაგრამ თავბრუ ისე დამახვია, ირგვლივ ვერაფერს და ვერავის ვამჩნევდი. ერთი პერიოდი ვიფიქრე უცხოეთში წავალ-მეთქი, მაგრამ მშობლები და ბავშვი მეცოდებიან. არადა, ვეღარ ვიტან ვიღაც უცხო კაცი ჩემს სახლში ჩემი ყოფილი ცოლის გვერდით რომ წევს. აღარ ვიცი, რა გავაკეთო. იმდენი ფულიც არ მაქვს, ქირით გავუშვა. თან, ბავშვით დაიწყებს მერე ვაჭრობას და აღარ მანახვებს. კიდევ ვამბობ, რაც ჩემს თავს გავუკეთე და თავად შევილახე თავმოყვარეობა და კაცობა, ვერავინ გაბედავდა და გამიკეთებდა.

ლაშა, 29 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი