გულახდილი საუბრები

შეუძლია თუ არა მამაკაცს ქალის ბედნიერების განსაზღვრა

№27

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 17.07

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

სიყვარული, ოჯახი და ურთიერთობები თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ქალები სულ უფრო მეტად ხდებიან დამოუკიდებლები, წარმატებულები და თვითკმარები, ერთი კითხვა კვლავ აქტუალურია: შეუძლია თუ არა მამაკაცს ქალის ბედნიერების განსაზღვრა?

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანის ბედნიერება, პირველ რიგში, მის შინაგან სამყაროზეა დამოკიდებული. თუმცა რეალურ ცხოვრებაში ემოციური კავშირები, პარტნიორის დამოკიდებულება, სიყვარული, ყურადღება და პატივისცემა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქალის ცხოვრების ხარისხზე.

ბევრ ფსიქოლოგს მიაჩნია, რომ ქალის ბედნიერება ხშირად ბევრად უფრო მეტადაა დაკავშირებული მამაკაცის ქცევასთან, ვიდრე ამას საზოგადოება აღიარებს.

– ლიკა, პირდაპირ გკითხავთ: არის თუ არა ქალის ბედნიერება კაცის ქცევაზე დამოკიდებული?

ლიკა (44 წლის): მე მგონია, რომ სრულად არა, მაგრამ დიდწილად კი. საქმე ისაა, რომ როცა ქალი მარტო ცხოვრობს, ის თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ ემოციებზე, გეგმებზე, განვითარებაზე. მაგრამ როდესაც ურთიერთობაში შედიხარ, ავტომატურად ხდები იმ ადამიანის ემოციური სამყაროს ნაწილიც. თუ ყოველდღე გრძნობ პატივისცემას, ყურადღებასა და მხარდაჭერას, სხვანაირად თავდაჯერებული იღვიძებ დილით. მაგრამ თუ ყოველდღე გიწევს ბრძოლა, თავის დაცვა და იმის მტკიცება, რომ რაღაცას იმსახურებ, ბედნიერების შენარჩუნება რთულდება.

– ანუ ფიქრობთ, რომ მამაკაცს მაინც შეუძლია, ქალი ბედნიერი გახადოს?

– უფრო ზუსტად ასე ვიტყოდი: მამაკაცს შეუძლია, ქალის ბედნიერების განცდა გააძლიეროს. ძალიან არ მომწონს ფრაზა: „ქალი თავად უნდა იყოს ბედნიერი და კაცს არანაირი როლი არ აქვს“. რეალურ ცხოვრებაში ასე არ ხდება. თუ სახლში გელოდება ადამიანი, რომელსაც შენი წარმატება უხარია, შენი ცრემლი ადარდებს და შენი ხმა აბედნიერებს, ეს ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად ცვლის უკეთესობისკენ.

– მაგრამ დღეს ბევრი ქალი ამბობს, რომ მამაკაცი საერთოდ არ სჭირდება ბედნიერებისთვის.

– მე ვიტყოდი, რომ ეს უფრო თავდაცვის მექანიზმს ჰგავს. რა თქმა უნდა, ქალს შეუძლია, იცხოვროს მამაკაცის გარეშე. შეუძლია, კარიერა, მეგობრები, მოგზაურობა, საკუთარი შემოსავალი ჰქონდეს, მაგრამ თუ გულწრფელები ვიქნებით, ადამიანების უმრავლესობას სიყვარული მაინც სჭირდება. უბრალოდ, დღეს ქალები აღარ თანხმდებიან ნებისმიერ ურთიერთობას მხოლოდ იმიტომ, რომ მარტო არ დარჩნენ.

– რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მამაკაცის ქცევაში?

– პატივისცემა. ქალმა კაცს შეიძლება, აპატიოს ფინანსური პრობლემები, რთული პერიოდი, ზოგჯერ უხასიათობაც კი, მაგრამ როდესაც ქალი კარგავს პატივისცემის განცდას პარტნიორის მიმართ, ურთიერთობა ნელ-ნელა ინგრევა. სიყვარული ხშირად გადაურჩება ხოლმე კრიზისს. უპატივცემულობა – იშვიათად.

– არის თუ არა მამაკაცის ღალატი ქალის ბედნიერების დასასრული?

– მე ვტყოდი, რომ ეს ყველა ქალისთვის სხვადასხვანაირადაა. ზოგი პატიობს. ზოგი ვერასოდეს ივიწყებს. მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი – ღალატი ქალს მხოლოდ პარტნიორს არ აკარგვინებს. ხშირად საკუთარი თავის მიმართ ნდობასაც ურყევს. იწყებს ფიქრს: „რა დამაკლდა?“ „რატომ არ ვიყავი საკმარისი?“... სინამდვილეში კი, ხშირად პრობლემა ქალში საერთოდ არ არის.

– რას ფიქრობთ იმ ქალებზე, რომლებიც ამბობენ, რომ კაცის განწყობა მთლიანად განსაზღვრავს მათ ემოციურ მდგომარეობას?

– ეს უკვე სახიფათოა. სიყვარული კარგია, მაგრამ როდესაც შენი ბედნიერება მთლიანად სხვა ადამიანზე ხდება დამოკიდებული, საკუთარ თავს კარგავ. ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა ასეთი ქალი ვიყავი. თუ მას კარგი დღე ჰქონდა, მეც ბედნიერი ვიყავი. თუ უხასიათოდ იყო, მეც ვიტანჯებოდი. ერთ დღეს მივხვდი, რომ ჩემი ემოციების მართვის პულტი სხვის ხელში მქონდა ჩაბარებული. დღეს სხვანაირად ვფიქრობ. მამაკაცი ჩემი ბედნიერების წყარო არ არის. მაგრამ შეუძლია, ჩემი ბედნიერების ხარისხი გაზარდოს. დიახ, ასევე, შეუძლია, შეამციროს. ესაა სიმართლე, რომლის აღიარებაც ბევრს არ სურს.

– თქვენი აზრით, რატომ რჩებიან ქალები ურთიერთობებში, სადაც თავს უბედურად გრძნობენ?

– იმიტომ, რომ სულ რაღაცის იმედი აქვთ. ქალებს ხშირად რეალური მამაკაცი კი არა, მისი სავარაუდო პოტენციალი უყვართ. ფიქრობენ, რომ შეიცვლება. რომ ერთ დღეს მიხვდება. რომ დაიწყებს დაფასებას. ზოგჯერ ეს მართლაც ხდება. მაგრამ ძალიან ხშირად – არა.

– მაშინ, რა არის ბედნიერი ქალის მთავარი საიდუმლო?

– ქალს უნდა შეეძლოს ბედნიერების პოვნა საკუთარ თავში. და მერე შეხვდეს მამაკაცს, რომელიც ამ ბედნიერებას გაუძლიერებს და არა ჩაანაცვლებს. როცა ქალი საკუთარ ცხოვრებას მთლიანად ერთ ადამიანზე აგებს, ძალიან დიდ რისკზე მიდის. მოკლედ რომ ვთქვა, ქალის ბედნიერება კაცზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ ძალიან ხშირად კაცის ქცევით ზიანდება ან ყვავის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი